რუხი კოკორინა
რუხი კოკორინა (ლათ. Terekia cinerea Güldenstaedt, 1774) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − კოკორინა (Terekia)
რუხი კოკორინა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 125-135 მმ-ია, გალო – 27-30 მმ, ნისკარტი – 40-55 მმ, წონა 60-80 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველი ზემოდან მორუხო-მურაა, მაგრამ ზურგის გვერდებზე გასწვრივი შავი ზოლებია. შუბლი, მოკლე ზოლები თვალების ზემოთ, სხეულის მუცლის მხარე, იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავები თეთრი ფერისაა. კუდის ზემო მფარავებზე არის თეთრი წინწკლები. პირველი რიგის მომქნევები მუქი მურაა. მაგრამ პირველი მომქნევის შიგნითა მარაოს ძირი და ღერო მთლიანად თეთრია. დანარჩენი მომქნევების ღეროები ღია მურა ფერისაა. თავის გვერდებზე, კისერზე, ჩიჩახვსა და მკერდის გვერდებზე გასწვრივი მურა ხაზებია. საჭის ბუმბულები ზურგის ფერისაა. მათ შორის კიდურა ბუმბულებზე კოპლები და წვეროები თეთრია. გრძელი, წვრილი და რკალისებურად ზემოთ ახრილი ნისკარტი მურა-შავია. ნისკარტი ყოველთვის გალოზე გრძელია, ფეხები მოყვითალო-ვარდისფერი. წინა სამ თითს შორის კარგად შესამჩნევი აპკია. ზამთარში ორივე სქესის ფრინველი ზემო მხარეს ნაცრისფერია. ზურგის გვერდებზე შავი ზოლები აღარაა. ჩიჩახვზეც გასწვრივი ზოლები შეუმჩნეველია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია. იგი მოიცავს ტყის ზონას ბალტიისპირეთიდან და სამხრეთ-დასავლეთი ფინეთიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე, ჩრდილოეთით ზოგან მცირედ სცილდება ტყის ფარგლებს, ხოლო სამხრეთი საზღვარი დაახლოებით ასეთია: მოსკოვისა და რიაზანის ოლქები, სამხრეთი ურალი, ობის ზემო დინება, ბაიკალი და ამურის ქვემო წელი. ზამთრობს აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მადაგასკარზე, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ინდოეთსა და ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ავსტრალიასა და ტასმანიაზე. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ტყის, ზოგჯერ ტუნდრისა და ველის ზონების ჭაობებში ან ჭანჭრობებში, რომლებიც წარმოიქმნებიან ტბების, უმთავრესად კი მდინარეთა მიხვეულ-მოხვეულ სანაპიროებთან და სადაც უსათუოდ არის რბილი შლამიანი ნაპირები და ბუჩქნარით, ისლით ან ბალახნარებით დაფარული ადგილები.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს მეტწილად კოლონიებად, აგრეთვე ჭაობის სხვა ფრინველებთან ერთად. ბუდე მიწის უბრალო ჩაღრმავებაა წყლის უშუალო სიახლოვეს, მაგრამ მშრალ ადგილზე, ამონაფენის გარეშე. ივნისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 21 დღეს გრძელდება.
კვება
რუხი კოკორინას საკვებია მტკნარი წყლის უხერხემლო წვრილი ცხოველები: კიბოსნაირები, ლოკოკინები, ხოჭოები, ბაღლინჯოები და სხვ. აგრეთვე მცენარეთა ნორჩი ნაწილები.
მნიშვნელობა
ადამიანისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.