სავალუტო ფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავალუტო ფარი - (currency board), ეროვნული ვალუტის ფიქსირებული კურსით მიბმა რომელიმე სტაბილურ ვალუტაზე ან ვალუტათა კალათაზე და მისი გაცვლა მათზე ავტომატურ რეჟიმში, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ვალუტების გაცვლითი ოპერაციების შეუფერხებელი განხორციელება და, საერთოდ, სავალუტო ფარის ინსტიტუტის შემოღება მოცემულ ქვეყანაში მოითხოვს:

  1. უცხოური ვალუტის დიდ რაოდენობას. როგორც წესი, უცხოური ვალუტის რეზერვი ემიტირებული ფულის 100%-ზე მეტი უნდა იყოს;
  1. უცხოური ვალუტის შემოდინებისა და სავალუტო რეზერვის სტაბილური წყაროს არსებობას;
  1. არადეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტის უზრუნველყოფისათვის ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარებასა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ფონდის შექმნას, ვინაიდან დეფიციტური ბიუჯეტი შეუძლებელს ხდის სავალუტო ფარის მექანიზმის ამოქმედებას.

სავალუტო ფარის ინსტიტუტის შექმნა ზღუდავს ხელისუფლების დისკრეციულ უფლებებს და გამორიცხავს მავნე პრაქტიკას დამახასიათებელს განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისათვის - ცენტრალური ბანკის მიერ მთავრობისათვის სესხის მიცემას, ვინაიდან ცენტრალური ბანკის ინსტიტუტის ჩანაცვლება ხდება სავალუტო ფარის ინსტიტუტით. თუმცა ცენტრალურ ბანკს აქვს ქვეყანაში ზომიერი ინფლაციის შენარჩუნების ბევრად მეტი ბერკეტი და გარანტია, ვიდრე მთავრობას, რომელიც ხდება ერთადერთი პასუხისმგებელი სავალუტო ფარის პირობებში. სავალუტო ფარი აიძულებს მთავრობას უარი თქვას დეფიციტურ სახელმწიფო ბიუჯეტზე (ჰქონდეს მცირეოდენი პროფიციტი მაინც) და გაატაროს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებები. მეორე მხრივ, სავალუტო ფარის რეჟიმის პირობებში კომერციული ბანკები ამკაცრებენ საკრედიტო პოლიტიკას, რაც საქმიან აქტიურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

სავალუტო ფარის მექანიზმი გამოყენებულ იქნა XX საუკუნის 90-იან წლებში ჰიპერინფლაციის დროს ბრაზილიაში, მექსიკაში, ესტონეთში, ლიტვაში. აღნიშნულმა ინსტიტუტმა დიდი როლი შეასრულა ამ პერიოდში ინფლაციის ტემპების მნიშვნელოვან შემცირებასა და მაკროეკონომიკური პროცესების რეგულირებაში.

საქართველოში 1992-1994 წლებში, როდესაც მძვინვარებდა ჰიპერინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სავალუტო ფარის მექანიზმის შემოღების იდეა, იგი არ იქნა გამოყენებული, ვინაიდან ქვეყანა ვერ აკმაყოფილებდა ამ ინსტიტუტის ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები