სამშენებლო დუღაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო დუღაბი − სამშენებლო ხსნარი, რომელიც მიიღება რაციონალურად შერჩეული შემკვრელი ნივთიერების, ქვიშის, წყლისა და დანამატების შერევით. გარკვეულ დროში ის მყარდება და ქვისებრ მდგომარეობას იძენს.

სამშენებლო დუღაბი არის წვრილმარცვლოვანი ბეტონი და ახასიათებს ყველა მისი თვისება. სტრუქტურისა და თვისებების გასაუმჯობესებლად მასში შეჰყავთ ქიმიური დანამატები და წმინდად დაფქული მინერალური კომპონენტები. სამშენებლო დუღაბი, როგორც წესი, გამოიყენება თხელ ფენებში (ქვის წყობა, შელესვა და სხვ.), ამიტომ მასში არ შედის მსხვილი შემვსები. დუღაბში ქვიშის მაქსიმალური სიმსხო არ აღემატება 2,5 მმ. სამშენებლო დუღაბს არ მოეთხოვება მაღალი სიმტკიცე. მის მოსამზადებლად ფართოდ იყენებენ ადგილობრივ მასალას, თავისუფლად ახდენენ სტრუქტურისა და თვისებების ვარირებას. წყობისათვის შეიძლება იმაზე ნაკლები სიმტკიცის დუღაბის გამოყენება, ვიდრე აქვს აგურს ან სამშენებლო ბლოკს. სამშენებლო დუღაბში შეყავთ ცემენტის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია საჭირო სიმტკიცის მისაღებად, მკვრივი სტრუქტურის მისაღებად კი შემკვრელის რაოდენობას ზრდიან წმინდად დაფქული მინერალური კომპონენტების დამატებით. სამშენებლო დუღაბი შეიძლება იყოს მკვრივი ან ფოროვანი სტრუქტურის. დუღაბს ცემენტის დიდი ხარჯით ეწოდება პოხიერი, ხოლო შემკვრელის ნაკლები ხარჯით – მჭლე. წვრილდისპერსიულ მინერალურ დანამატებად გამოიყენება კირი, თიხა, ნაცარი, წმინდად დაფქული წიდა, ოპოკა, კირქვა, ქვის დამუშავების ნარჩენები და სხვ.

სიმკვრივის მიხედვით სამშენებლო დუღაბი შეიძლება იყოს: მძიმე (მეტი 1500 კგ/მ3-ზე) ან მსუბუქი (ნაკლები 1500 კგ/მ3-ზე);
შემკვრელი ნივთიერების მიხედვით: ცემენტიანი, კირის, თაბაშირისა და შერეული – ცემენტ-კირის, ცემენტ-თიხის ან სხვა დანამატით. შემკვრელის შერჩევა დამოკიდებულია დუღაბის დანიშნულებაზე, გამაგრების ტემპერატურულ-ტენიანობით რეჟიმსა და ექსპლუატაციის პირობებზე;
დანიშნულების მიხედვით დუღაბი არის: საკალატოზო (წყობის); სალესი;
სპეციალური დანიშნულების (აკუსტიკური, ფერადი, წყალუჟონადი, რენტგენოდამცავი და სხვ.).

დუღაბი მზადდება ბეტონის ქარხანაში ან დუღაბის მოსამზადებელ კვანძში და აქედან გადააქვთ მშენებლობაზე მზა პლასტიკური ნარევის სახით. მცირე მოცულობის სამუშაოებისათვის დასაშვებია სამშენებლო დუღაბის მომზადება ადგილობრივად – სამშენებლო ობიექტზე. დუღაბის ტრანსპორტირება ხდება ავტოთვითმცლელით ან სპეციალური ავტოცისტერნით. ტრანსპორტირება შეიძლება ტუმბოებით, როგორც შვეული, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიყენებთ პლასტიფიკატორებს. ქარხანაში დუღაბის დამზადებისას ადგენენ ნარევის ძვრადობას, სიმტკიცესა და გამაგრების ზღვრულ ვადებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები