სასაათო ზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასაათო ზოლი - (time zone), დედამიწის ზედაპირის ნაწილი, სადაც დადგენილია გარკვეული ზოლური დრო. ზოლის გამოყოფა დაკავშირებულია, ერთის მხრივ, დედამიწის ერთ სრულ შემობრუნებასთან წარმოსახვითი ღერძის გარშემო 24 საათის განმავლობაში, მეორეს მხრივ კი იმასთან, რომ ყოველ ცალკე აღებულ მერიდიანზე პოლუსიდან პოლუსამდე ერთი და იგივე ადგილობრივი დროა. იმ ადგილებში, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი დრო, ზოლური დროის შემოღებამდე მოქმედებდა მზის ადგილობრივი დრო. დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი დროის ნაცვლად შემოიღო ერთი სტანდარტული გრინვიჩის დრო ((GMT – Greenwich Mean Time), რომელსაც დიდხანს ლონდონის დრო ეწოდებოდა. 1852 წლის 23 აგვისტოს ამ დროის სიგნალები პირველად გადაიცა ტელეგრაფით გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიიდან. 1871 წელს საერთაშორისო გეოგრაფიული კონგრესის პირველ შეკრებაზე დაისვა საკითხი გრინვიჩის მერიდიანის ნულოვან მერიდიანად აღიარების შესახებ. 1878 წელს კანადელი რკინიგზის ინჟინერი ს. ფლემინგი გამოვიდა ერთიანი დროის შემოღების ინიციატივით, რაც მატარებლების მოძრაობის დარეგულირების აუცილებლობით იყო გამოწვეული. ოფიციალურად, საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ახალ დროზე გადასვლა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წლებში მოხდა. დიდ ბრიტანეთში ახალ, სტანდარტულ დროზე გადავიდნენ 1880 წელს. აშშ-სა და კანადაში ზოლური დრო შემოიღეს 1883 წელს. 1884 წელს ვაშინგტონის საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიო დროის ათვლის საწყისად მიჩნეულ იქნა გრინვიჩის მერიდიანი. XIX საუკუნის დამლევამდე ქვეყნები იყენებდნენ მათი ტერიტორიის ცენტრალურ ობსერვატორიაზე გამავალ მერიდიანს, მაგ.: საფრანგეთში – პარიზის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში – გრინვიჩის, რუსეთში – პულკოვოს მერიდიანებს. აშშ-ში სტანდარტულ დროზე გადავიდნენ 1918 წელს. ამჟამად სასაათო ზოლების სისტემას საფუძვლად უდევს მსოფლიო კოორდინირებული დრო (U(UTC – Coordinated universal time), რომელიც შემოიღეს გრინვიჩის (GMT) დროის ნაცვლად. UTC-ის მიხედვით არ ხდება ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლა. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე, სადაც თავს იყრიან მერიდიანები, სასაათო სარტყლების ნაცვლად მოქმედებს მსოფლიო დრო. გამონაკლისია ამუნდსენ-სკოტის სადგური, სადაც მოქმედებს ახალი ზელანდიის დრო, რადგან ანტარქტიდასთან საჰაერო კავშირები ხორციელდება ახალი ზელანდიიდან.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები