სებენიტოსი
სებენიტოსი – მეთორმეტე ქვემოეგვიპტური ნომის მთავარი ქალაქი ნილოსის დელტის დამიეტის ტოტის მარცხენა ნაპირზე (დღევანდელი სამანუდი). (ეგვ. სახელი – Tb-ntr, „ღმერთის ხბო“) მიგვანიშნებს ზეციური ძროხის და მისი ხბოს თაყვანისცემაზე უძველეს დროში, რაც ნომის ნიშანშიც (ძროხა და ხბო) არის ასახული. მოგვიანებით მათი კულტი ონურისმა და მისმა მეუღლემ, მეხიტმა „შთანთქეს“.
ქალაქის საკრალური სახელია „ონურისის სახლი“. სებენიტოსი იყო ნექტანებოს II-ის მშობლიური ქალაქი. ქალაქის ჩრდილოეთით (ბეჰბეიტ ელ-ჰაგართან) ნექტანებოსმა დაიწყო ისიდასა და ოსირისისადმი მიძღვნილი დიდი ტაძრის მშენებლობა (ისეუმი), მაგრამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა სპარსელების დაპყრობამ, და ტაძარის მშენებლობა უკვე პტოლემაიოს ფილადელფოსმა დაასრულა. სებენიტოსი ასევე ითვლება მანეთონის სამშობლოდ. თუმცა ქალაქი ძალიან ძველია, აქ მოძიებული უძველესი არტეფაქტები XIII დინასტიით თარიღდება, უძველესი მოხსენიება ტექსტებში კი სეტი I-ის მეფობით.