სოფელ დვალეთის ეკლესია
სოფელ დვალეთის ეკლესია - VIII-IX სს. - მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას, მთაზე მდგარი დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის ქვითა და სხვადასხვა ზომის ფიქალით. გეგმით სწორკუთხა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხევლით, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია, რომლებზეც გადაყვანილია შირიმის ქვის თაღები. თაღების თავზე კი ტრომპებია. გრძივი კედლები სამი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით თანაბარ ნაწილებად იყოფა.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების კაპიტელებს, გვერდით საფეხურებს კი კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრეთი კედლის თაღის მალებში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. ერთ-ერთი სარკმლის ძირში სწორკუთხა ნიშაა. მაღალი, თაღოვანი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ინტერიერი მოსახატად ყოფილა შელესილი. კედლებზე შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები.
ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელები აქვს. ორივე კარი ნაოთხალია. სამხრეთი შესასვლელის წირთხლი პირდაპირ პილასტრებს ებჯინება. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის სარკმელზე დევს ქვის ფილა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. სარკმლები მორღვეულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა