ტანეევი სერგეი
სერგეი ტანეევი – (13 ნოემბერი 1856, ვლადიმირი – 6 ივნისი 1915, დიუდკოვო, მოსკოვის ოლქი; დაკრძალულია მოსკოვში), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
1875 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. მისი მასწავლებლები იყვნენ: ნ. რუბინშტეინი და პ. ჩაიკოვსკი. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. 1878-იდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (ფორტეპიანო, მუსიკის თეორიული საგნები), 1881-იდან პროფესორი, 1885-89 დირექტორი. მის მოწაფეთა შორის გამოირჩეოდნენ: ს. რახმანინოვი, ა. სკრიაბინი, ზ. ფალიაშვილი, ნ. მეტნერი, რ. გლიერი, და სხვ. ტ-მა პირველმა ჩაწერა სვანური სიმღერები (1885). მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: ოპერა „ორესთეა“ (1895, პეტერბურგის მარიას თეატრი); კანტატები „იოანე დამასკოელი“ (1884) და „ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ“ (1915), 4 სიმფონია (1874-1898), გუნდები, რომანსები, სიმებიანი კვარტეტები. ტანეევის შემოქმედებაში კლასიკის ტრადიციები შერწყმულია რუსულ და უახლეს (XX ს. დასაწყისის) მუსიკალურ ტენდენციებთან. მას ეკუთვნის აგრეთვე ფუნდამენტური შრომები პოლიფონიაში.