ტყის ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყის ტოროლა (ლათ. Lullula arborea Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტყის ტოროლა.

ტყის ტოროლა მინდვრის ტოროლაზე პატარაა, ფრთა 90–100 მმ-ია, კუდი – 50-55 მმ, ნისკარტი – 11-13 მმ, წონა – 20-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის ზურგის მხარე მოწაბლისფრო-ჟანგმიწისფერია, ფართო მურა-შავი ღერძულა ლაქებით. მურა-წენგოსფერი წელისა და კუდზედა ბუმბულებზე მუქი ღერძულა ლაქები არაა. თვალებს ზემოთ წარბების მსგავსი ღია ფერის ზოლები გასდევს. ფრთების დიდი მფარავები და მეორე რიგის მომქნევები მოშავო-მურაა, ფართო მოყვითალო არშიებით. მუქი მურა პირველი რიგის მომქნევებს ღია ფერის არშიები აქვთ. საჭის შუა ბუმბულები მოყვითალო-მურაა, ხოლო დანარჩენები მოშავო-მურა. ყურების მფარავები მოქარცისფრო-მურაა; ყელი, ჩიჩახვი და მკერდი მოყვითალოა, მოშავო ღერძულა ლაქებით. მუცელი მოთეთროა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული ტყის ტოროლა – L. a. pallida Sarudny, 1903.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი თითქმის მთელ ევროპას მოიცავს – ჩრდილოეთით მე-60 პარალელამდე; აღმოსავლეთით ვოლგამდე და კამამდე; შედის მცირე აზიაში, ირანში, დასავლეთ თურქმენეთში და კასპიის ზღვის ნაპირებთან; აფრიკაში მოიპოვება ალჟირში, მაროკოსა და ტუნისში. ჩრდილოეთის პოპულაციები გადამფრენია, ხოლო სამხრეთში ზოგან მობინადრეა. საქართველოში გვხვდება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ტყისა და ველების ზონის ფრინველია, სადაც ირჩევს ტყის ნაპირებს, უპირატესად ფიჭვნარების ტყისპირებს, მანანიანებს, ნახანძრალებსა თუ სხვა ღია ადგილებს ხელოვნურ თუ ბუნებრივ ტყის მასივებში. უდაბნოებში მოიპოვება უტყეო ადგილებშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ორმოში, დაბუჩქებული ბალახების ძირში. წელიწადში 2-ჯერ მრავლდება: პირველად აპრილის შუა რიცხვებში, ხოლო მეორედ – ივნისში, დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი ამ დროს კვებავს დედალს, შემდეგ კი ეხმარება მას ბარტყების გამოკვებაშიც. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება. ბარტყები ბუდეს ტოვებენ გამოჩეკიდან 11-13 დღის შემდეგ.

კვება

ტყის ტოროლას საკვებს შეადგენენ სარეველა მცენარეთა თესლები და მავნე მწერები. განსაკუთრებით მრავალ მწერს ანადგურებს იგი ბარტყების გამოკვების პერიოდში.

მნიშვნელობა

სარეველა მცენარეთა თესლებისა და მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის. შესანიშნავი გალობის გამო ხშირად გალიებშიც ჰყავთ.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები