ფერეკიდე ლეროსელი
ფერეკიდე ლეროსელი (ათენელი) – ძველი ბერძენი მწერალი და ლოგოგრაფოსი.
ძველად რამდენიმე ფერეკიდე იყო ცნობილი (სიროსელი და ათენელი). როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ორ უკანასკნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ხოლო ორგვარი სახელდება გამოწვეულია იმით, რომ ფერეკიდე წარმოშობით ქ. ლეროსიდან ყოფილა, თავისი უმთავრესი ნაშრომები კი ათენში დაუწერია.
სვიდას მიხედვით, ფერეკიდეს რამდენიმე ნაშრომი დაუწერია: „ლეროსის შესახებ“, „იფიგენიას შესახებ“, „დიონისეს დღესასწაულთა შესახებ“ და სხვ. ფრაგმენტების ციტირებისას ასახელებენ სამ მთავარ ნაწარმოებს: „ისტორიებს“, „გენეალოგიებს“ და „მკვიდრი მოსახლენი (ტომები)“, რადგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფრაგმენტი სხვადასხვა ავტორთან ხან ერთი სათაურით გვხვდება, ხან მეორით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამივე სათაური ერთი და იმავე ნაშრომის სახელწოდების ვარიანტია.
ევსევის ცნობით, ფერეკიდეს ცხოვრების „აყვავების“ თარიღს ძვ. წ. V საუკუნის შუა ხანები წარმოადგენს. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ფერეკიდე დაახლოებით 500-490 წწ. უნდა დაბადებულიყო, ამდენად, იგი ჰეროდოტეს თანამედროვედ გვევლინება. ფერეკიდეს გარდაცვალების თარიღი უცნობია,
ცნობები ფერეკიდეს ცხოვრების შესახებ არ შემონახულა, ხოლო ის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული, აძნელებენ მისი ნაწარმოების სრულყოფილად დახასიათებასაც. ფრაგმენტების მიხედვით და სვიდას ცნობით, ირკვევა, რომ მისი „ისტორიები“ 10 წიგნად იყოფოდა, აქედან პირველ წიგნში ლაპარაკი იყო თეოგონიისა და გიგანტომაქიის შესახებ, მეორე წიგნში – პრომეთეს შესახებ; მესამე წიგნი ჰერაკლეს თავგადასავალთა აღწერას ეხებოდა, მეოთხე და მეხუთე წიგნში შესული იყო არგოსისა და კრეტის თქმულებები; მეექვსე, მეშვიდე და მერვე წიგნებში – ეოლიური თქმულებები და მოთხრობა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ; უკანასკნელი ორი წიგნი არკადულ, ლაკონურ და ატიკურ ლეგენდებს შეიცავდა.
ამრიგად, ფერეკიდეს შრომის ძირითად თემატიკას აკუსილაეს მსგავსად, მითოლოგიური მასალა შეადგენდა. ამ მითებსა და ლეგენდებს ფერედიკე გადმოგვცემს როგორც ნამდვილ ისტორიულ ფაქტებს.
შემორჩენილი ფრაგმენტები არ სცილდება პელოპონესში დორიელების შემოჭრისა და ელინების მცირე აზიაში დამკვიდრება-განსახლების ხანას. ამ ამბების შესახებ მოგვითხრობენ რიგი ფრაგმენტებისა. ფერეკიდეს ჰქონია ცნობები იონიის თავდაპირველი მოსახლეობის – კარიელებისა და ლელეგების შესახებ, რომლებიც იქ მისულ ბერძნებს გაუდევნიათ; აგრეთვე ქალაქ ტეოსის დაფუძნების შესახებ და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები მითურ–ლეგენდარულ მასალაზე დაყრდნობითაა აღწერილი, მათ მაინც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა ბერძენთა უძველესი საკოლონიზაციო მოძრაობის შესწავლისათვის, იმ ტრადიციის გარკვევისათვის, რომელიც მითებსა და ლეგენდებში აისახა.
ფერეკიდეს დამსახურება ის არის, რომ იგი არ მისდევს ლეგენდების ალეგორიულ განმარტებას, ჰეკატეს ან ჰეროდოტეს მსგავსად, არამედ კმაყოფილდება მათი უბრალო გადმოცემით. მისი თხრობის სტილი მეტად სადაა, ბუნებრივი, ლაკონიური; დიალექტი, რომელზედაც წერს - იონიურია, მაგრამ ატიკური ფორმების უხვი შენარევით. მომდევნო ხანის მწერლები ხშირად ახდენენ მის ციტირებას.