ფლამინგოსნაირნი
ფლამინგოსნაირნი (ლათ. Phoenicopteriformes) ფრინველთა რიგი. ფლამინგოსნაირთა რიგი აერთიანებს დიდი ზომის ფრინველების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებიც ხასიათდებიან ძლიერ მაღალი ფეხებით, წვრილი და გრძელი კისრით, პატარა თავითა და დიდი, მასიური ნისკარტით, რომელიც შუა ნაწილში მკვეთრადაა მოხრილი ქვემოთ და კუთხეს ქმნის. ყბების კიდეებზე განივად განლაგებულია წვრილი რქოვანი ფირფიტები, რომლებიც წარმოქმნიან ე. წ. საწრეტ აპარატს. გალო თითქმის სამჯერ უფრო გრძელია წვივზე. წვივის სიგრძის ნახევარზე მეტი შეუმოსავია. წინა თითები შეერთებულია ერთმანეთთან კარგად განვითარებული საცურავი აპკით. უკანა თითი სუსტადაა განვითარებული და სხვა თითებზე უფრო მაღლა მდებარეობს. ბუმბულსაფარველი რბილი და საკმაოდ მეჩხერია (ფაშარია). კონტურულ ბუმბულებს აქვთ გვერდითი ღეროებიც. უხვი ღინღლი ფარავს როგორც პტეროლიებს, ისე აპტერიებს. თვალების ირგვლივ არე, პირის კუთხეები და ნიკაპი შეუმოსავია. ფრთები და კუდი მოკლეა, პირველი რიგის მომქნევი 12, საჭის ბუმბულები კი 12-16. შიგნითა მეორე რიგის მომქნევები მნიშვნელოვნად სჭარბობს სიგრძით დაკეცილ ფრთას. განგურის დროს, ბატისნაირების მსგავსად, ერთბაშად ცვივა მომქნევები და ფრინველები დროებით კარგავენ ფრენის უნარს. ძალიან გრძელი კისერი 17 მალას შეიცავს.
ფლამინგოსნაირნი ბინადრობენ უპირატესად ზღვებისა და შიდა მლაშე წყალსატევების გაშლილ სანაპიროებზე. კარგად ფრინავენ, მსუბუქად დადიან ხმელეთზე და ჭაობებშიც. შეუძლიათ ცურვაც, მაგრამ ამ უნარს იშვიათად იყენებენ. იკვებებიან წვრილი უხერხემლოებით და წყალმცენარეებით. საკვების მოსაპოვებლად შედიან წყალში, რომელიც ზოგჯერ მუცლამდე წვდებათ. აქ კისერს მოხრიან ისე, რომ თავი აღმოჩნდება ფეხების მახლობლად. ამ დროს ნისკარტზედა ქვემოთ მოექცევა, ხოლო ნისკარტქვედა — ზემოთ. წყლის შლამიან ფსკერზე ნისკარტის გატარებით პირის ღრუში, შლამთან ერთად, წვრილი უხერხემლოები და წყალმცენარეები მოექცევიან. შემდეგ საწრეტი (გამწურავი) აპარატით წყალსა და შლამს გარეთ უშვებენ, ხოლო პირში დარჩენილ საკვებს ხახისაკენ გზავნიან. ამაში მათ ეხმარებათ თავისებური აგებულების ენაც, რომელიც ისე დიდია, რომ მთლიანად ავსებს ქვედა ყბის სიღრუეს. ამასთან ენის ზედაპირსა და გვერდებზე, უკან მიმართული ჯაგრისებური გამონაზარდებია. საყლაპავი და ჯირკვლოვანი კუჭის ვიწროა. ასევე პატარაა კუნთოვანი კუჭიც, თუმცა იგი საკმაოდ სქელკედლიანია.
მრავლდებიან მონოგამიურად. ბუდობენ კოლონიებად. ბუდეს თავთხელ წყალში აგებენ, რომელიც წყლის დაშრობის შედეგად ხშირად მეჩეჩზე აღმოჩნდება. ბუდე მაღალია და წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს. ბუდის საშენ მასალად იყენებენ შლამს, თიხას და ნიჟარებს. დებენ 1-2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 30-32 დღემდე გრძელდება. იჩეკებიან თვალებახილული, ღინღლით დაფარული და სწორი ნისკარტით, რომელიც მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იხრება.
ფლამინგოსნაირთა უახლოეს ნათესავებად ითვლებიან ყარყატები, თუმცა რიგი ნიშნებით ძალიან ემსგავსებიან ბატისნაირებსაც. ამიტომ სხვადასხვა მკვლევარი მათ აერთიანებს ან ერთ, ან მეორე რიგში. უფრო ხშირად კი ცალკე რიგად გამოყოფენ, რაც სარკვევისათვის უფრო მოსახერხებელიც არის. რიგში ერთი ოჯახია.
- ფლამინგოსებრნი (ლათ. Phoenicopteridae)