ქალდანი მაქსიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმე ქალდანი

მაქსიმე ქალდანი – (დ. 1913, სოფ. თავრალი, მესტიის რ-ნი, – გ. 8 ნოემბერი 1981, თბილისი), ქართველოლოგი. საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის, ფოლკლორის მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969).

თბილისის პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1932 მასწავლებლობდა სოფ. ბაკურციხის დაწყებით სკოლაში. 1934 ჩაირიცხა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1939. 1939-43 მუშაობდა ზემო სვანეთის სკოლებში. 1948-იდან გარდაცვალებამდე იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

ქალდანი ავტორია ათეულობით პირველხარისხოვანი გამოკვლევისა ქართველურ ენათა საკვანძო საკითხების შესახებ. წარმატებით იკვლევდა სვანურ ენას, მისი ფონეტიკის, გრამატიკის, დიალექტოლოგიისა და ონომასტიკის საკითხებს როგორც აღწერით, ისე ისტორიულ-შედარებით პლანი. ქალდანს ეკუთვნის სვანურის ცალკეული კილო-კილოკავებისა და თქმების ფონეტიკურ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ლექსიკის დაწვრილებითი მეცნიერული აღწერა-ანალიზი. მისი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო სვანური და, საერთოდ, ქართველური, არამედ ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისითაც (დიალექტთა შერევა, სუბსტრატი, ენათა ტიპოლოგია…). ფუნდამენტურ გა- მოკვლევაში „სვანური ენის ფონეტიკა, I, უმლაუტის საკითხი სვანურში“ (თბ., 1969) ქალდანმა სვანური უმლაუტის შესახებ არსებული შრომების (ა. შანიძე, ვ. თოფურია) კვალდაკვალ სრულიად ახალი კანონზომიერება აღმოაჩინა სვანურში. ისევე როგორც გერმანიკულ ენებში, არსებობდა არა მარტო ადრევე შენიშნული წინა, ანუ პალატალური უმლაუტი, რომელსაც ა, ო, უ ხმოვნებში მომდევნო მარცელისეული ე და ი იწვევდა, არამედ საპირისპირო ხასიათის – უკანა მიმართულების, ანუ ველარული უმლაუტიც, რომელსაც წინა მარცვლისეულ ე და ი პალატალურ ხმოვნებში ა (იშვიათად ო, უ) ხმოვანი და ჲ სონანტი იწვევდა; მანვე დაადგინა რელატიური ქრონოლოგია ამ ორი სახის უმლაუტს შორის.

ქართველურ ენებში III სუბიექტური პირის ნიშნის საკითხისათვის დიდი მნიშვნელობა აქეს ქალდანის გამოკვლევას „მესამე სუბიექტური პირის ნიშნის საკითხისათვის სვანურში“ („საენათმეცნიერო კრებული“, მიძღვნილი გ. მაჭავარიანის დაბადების 50 წლისთავისადმი, თბ. 1979). მდიდარი დიალექტოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ III სუბიექტური პირის პრეფიქსი ლ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ზმნაში ითვლებოდა დადასტურებულად (ა. შანიძე, ვ. თოფურია, არჩ. ჩიქობავა), დღემდე შემონახულია მთელ სვანურში როგორც ლ-ს, ისე მისი ფონეტიკური ვარიანტების –ჲ-სა და ნ-ს სახით.

საინტერესოა ქალდანის მოსაზრებები ქართველურ გვარსახელებში -ელ/-ავ სუფიქსის შესახებ („იკე“, XXII, 1980), რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა (ნ. მარი, ს. ჯანაშია, გ. როგავა).

ქალდანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ა. შანიძისა და ვ. თოფურიას მიერ დაარსებული სერიის – სვანური ტექსტების შეკრებასა და გამოცემაში. 1967-79 გამოიცა ამ სერიის სამი ტომი (ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური კილოების მასალები) ქალდანის მონაწილეობით; 1978 „ძველი ქართული ენის კათედრის შრომების“ 21-ე ტომში ა. შანიძისა და ქალდანის რედაქციით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო სვანურ ენაში უმაღლესი სასწავლებლებისთვის – „სვანური ენის ქრესტომათია“. სახელმძღვანელო შეიცავს სვანური ენის ოთხივე ძირითადი დიალექტის მასალებს (ტექსტები შეკრებილია ა. შანიძის, მ. ქალდანისა და ს. ჭუმბურიძის მიერ).

საყურადღებოა ქალდანის ლექსიკოგრაფიული მუშაობა. იგი ვ. თოფურიასთან ერთად ავტორია სვანური ლექსიკონისა (გამოიცა 2000).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები