შავფიგურიანი ძველბერძნული კერამიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავფიგურიანი ძველბერძნული კერამიკა – ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულსა და VI ს. პირველ ათეულ წლებში ბერძნულ მხატვრულ კერამიკაში ხდება ცვლილებები, რომელსაც შედეგად მოჰყვა მოხატვის ახალი ტექნიკის ჩამოყალიბება – ჭურჭლის ზედაპირის წითელი ფონის შავი სილუეტით მოხატვა. ისინი თიხის ბუნებრივ ფერს ცვლიდნენ იმით, რომ დაზგაზე ამოყვანილ ჭურჭელს ოქრის თხელი ფენით ფარავდნენ, შემდეგ ჭურჭელს გამოწვავდნენ, რის შედეგადაც თიხა მონარინჯისფრო-წითელ ტონს იღებდა. ორნამენტებისაგან თავისუფალ, სადა ფონზე ძალზე მდგრადი შავი ლაქით, რომელსაც ლითონის მსგავსი ბზინვარება ახასიათებდა, ხატავდნენ ადამიანისა თუ ცხოველის სილუეტურ ფიგურებს. ბზინვარე შავი გამოსახულებანი მკვეთრ კონტრასტს ქმნიდნენ მოაგურისფრო-წითელ ფონთან. შავფიგურიან კვრამიკაში აღარ იყო საჭირო ხალიჩისებური სტილისათვის დამახასიათებელი გამოსახულების შემომწერის მკაფიო კონტურის ხაზი, რადგან შავი ფიგურის სილუეტი მის გარეშეც კარგად იკითხებოდა წითელ ფონზე. სამაგიეროდ, შავფიგურიანმა სტილმა წინამორბედისაგან აითვისა დეტალების თეთრი და წითელი საღებავით კალიგრაფიულად ამოხატვის ან უბრალოდ ამოკაწვრის ხერხი. შავ ფიგურებზე დეტალები ზემოდან სწორედ ასე მუშავდებოდა, რის გამოც ბრტყელი სილუეტი მოცულობას იძენდა და ცოცხლდებოდა. ნელ-ნელა შეიცვალა ლარნაკზე ნახატის აგების პრინციპიც, კომპოზიციური წყობა, გაქრა ჰორიზონტალური სარტყლები, გარს რომ უვლიდა ჭურჭელს; ისინი მთელი ლარნაკის სხეულზე თავისუფლად განლაგებულმა სიუჟეტურმა (უმეტესად მითოლოგიურმა) სცენებმა შეცვალა.

შავფიგურიანმა სტილმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს ატიკაში, ძვ.წ.VI ს-ში მიაღწია. ამ დროს სამეთუნეო საქმის ცენტრად ქალაქი ათენი იქცა. აქ შექმნილი კერამიკული ნაწარმი ისევე იყო ცნობილი მაშინდელ სამყაროში, როგორც ზეთისხილის ზეთი და ღვინო. ათენის წარმოების შავფიგურიანი კერამიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთი საუკუნის განმავლობაში თითქმის მთლიანად გამოდევნა სხვა ქალაქების კერამიკული ნაწარმი იმდროინდელი ბაზრიდან.

თვით ათენში არსებობდა მეთუნეთა მთელი უბანი, სახელწოდებით კერამეიკონი, რომელიც განთქმული იყო თავისი ნაკეთობებით. სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება გამოყენებითი ხელოვნების ამ დარგმა. ამ უბანში კეთდებოდა და კიდეც იხატებოდა ლარნაკები. როგორც ჩანს, ეს საქმე საკმაოდ საპატიოდ ითვლებოდა.

ექსეკიასი
ექსეკიასის კილიკი, გარე მოხატულობა, დაახლ. ძვ.წ. 540 წ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროიდან ჩნდება ნაწარმზე ავტორის (მეთუნის ან მომხატველის, ზოგ შემთხვევაში კი – ორივეს) ხელის მოწერის ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ზოგიერთი ოსტატის სახელშა ჩვენამდე მოაღწია. მაგ., ამგვარი ხელმოწერის წყალობით ჩვენთვის ცნობილია, რომ ძვ.წ. VI ს-ის მესამე მეოთხედში მოღვაწეობდა ვინმე ექსეკიასი, რომელიც თავის ნაწარმს ასე აწერდა ხელს: „ექსეკიასმა შექმნა“. მის ნამუშევართაგან მნიშვნელოვანია დაახლოებით ძვ.წ. 540 წლით დათარიღებული კილიკი, რომელსაც ფერწერული სცენები ფარავს. ჭურჭლის ფორმა დახვეწილი პროპორციებითა და სისადავით გამოირჩევა. მის გარეთა კედლებზე, კილიკის სახელურებთან, ბრძოლის სცენებია გამოსახული, რომლებიც გასაოცარი ოსტატობითაა მორგებული ამ უსწორმასწორო ადგილს. აქვე, დარჩენილ არეებზე ოთხი მოზრდილი თვალის გრაფიკული გამოსახულებაა, რომლებსაც, ბერძენთა წარმოდგენით, ავი თვალისაგან უნდა დაეცვა კილიკიდან ღვინის შემსმელი ადამიანი. როდესაც ამ ჭურჭელს პირდაპირ უყურებ თვალის გაზნექილი მოყვანილობა თვით ჭურჭლის სახელურების ოდნავ ზემოთ აწეულ ფორმას იმეორებს, რაც საოცარი მხატვრული მთლიანობის განცდას ბადებს. კილიკის შიდა, ფართოდ გაშლილ არეზე, ჭურჭლის ფსკერზე გამოსახულია ღვინის ღვთაების – დიონისეს მოგზაურობა გემით. არც ესაა შემთხვევითი, რადგან რომელს, თუ არა ღვინის სასმელ ჭურჭელს შეეფერება ღვინისა და ლხინის ღვთაების ცხოვრების ამსახველი სცენა.

ექსეკიასის კილიკსი, ფსკერის მოხატულობა, დაახლ. ძვ.წ. 540 წ.

ექსეკიასმა გამოსახა მითი, რომლის მიხედვითაც მეკობრეებმა დიონისე მოიტაცეს, არ იცოდნენ რა, სინამდვილეში ვინ იყო იგი, მონად უპირებდნენ გაყიდვას, როდესაც გემი ზღვაში გავიდა, უცბადბე გემბანზე ღვინომ ამოხეთქა, ანძა ვაზის რტოებით შეიმოსა და გემი დიონისეს თანმხლები გარეული ცხოველებით გაივსო. შეშინებულმა მეკობრეებმა ზღვას მიაშურეს, მაგრამ სანამ წყალს მიაღწევდნენ, ნახტომშივე დელფინებად გადაიქცნენ. ამ სიუჟეტს ექსეკიასი საკმაოდ მარტივად, ლაკონიურად და პოეტურად ასახავს. კილიკის ფსკერის ცენტრში გამოსახულ თეთრიალქნიან გემზე თვით ღვინის ღვთაება – დიონისე ნებიერად წამოწოლილა, ანძის გარშემო შემოჭდობილი ვაზი ყურძნის მტევნებითაა დახუნძლული, ჭურჭლის ფსკერის დარჩენილ ცარიელ არეზე კი დელფინების გამოსახულებებია გაბნეული. თუმც ზღვა დახატული არაა, მაგრამ მნახველს მაინც ეჩვენება, რომ მსუბუქი გემი ტალღებზე ირწევა. მთელი კომპოზიცია შესანიშნავად ეწერება კილიკის ფიალის წრიულ ფორმაში: გემის ქვედა ნაწილის ოდნავ მორკალული სილუეტი, ვაზის რკალისებურად ჩამოღვენთილი ფორმა ანძის თავზე და დელფინების გამოსახულებათა წრიული განლაგება გემის გარშემო შესანიშნავად ეპასუხება თვით კილიკის ფორმას და მკაფიო, მშვიდ, დენად რიტმს ქმნის.

ექსეკიასის ამფორა, აქილევსისა და აიაქსის გამოსახულებებით, დაახლ 530-525 წ.

ექსეკიასის ჩვენამდე მოღწეულ რამდენიმე ნამუშევარს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ამფორა, რომელზეც ჰომეროსის „ილიადას“ გმირები, კოჭებით (კამათლებით) მოთამაშე აქილევსი შეგობარი აიაქსი არიან გამოსახულნი (ძვ.წ. 530-525 წწ.). ულამაზესია თვით ლარნაკის ფორმა, დახვეწილია მისი პროპორციები. იგი მკაფიოდაა დაყოფილი შემადგენელ ნაწილებად: დაბალი, მრგვალი ფორმის, განიერი სადგარი სიმყარეს ანიჭებს ამფორას. ამ სადგარზე „შეყენებული“ ჭურჭლის კვერცხისებური მუცელი რბილად გადაედინება ყელის ზომიერად გაშლილ ფორმაში; საბოლოოდ, კი ამფორის კომპოზიციას ზუსტად მოძებნილი პროპორციების მქონე ორი სადა და დახვეწილი სახელური აგვირგვინებს.

ექსეკიასის ამფორის მხატვრობით ლარნაკზე ორი მახვილი კეთდება: ერთი, შედარებით მოკრძალებული, ამფორის მუცლის ქვედა ნაწილშია მოქცეული. ღია ფონზე ქვემოდან ზემოთ გაშლილი სხივისებური ორნემენტი კიდევ უფრო ამახვილებს თვით ამფორის ფორმას; მოხატულობის მეორე აქცენტი კი – ზემოთ ნახსენები სცენა აქილევსისა და აიაქსის მონაწილეობით – ამ ლარნაკის მთავარი და განმსაზღვრელი მხატვრული ელემენტია.

მოწითალო ფონზე გამოსახულ კომპოზიციას ამფორის მუცლის ზედა ნახევარი უჭირავს. თბილ, მონარინჯისფრო ფონზე მკაფიოდ იკითხება მოთამაშე ფიგურების მუქი სილუეტები. ისინი ერთმანეთის პირისპირ სხედან და წინ, მათ შორის მოთავსებული ტუმბოსაკენ არიან გადახრილნი. სწორედ ეს ტუმბოა კომპოზიციის ცენტრი, მისი მდგრადობის განმსაზღვრელი ელემენტი. სცენაში მოქმედ პირებს ეს-ესაა კამათლები ტუმბოზე დაუყრიათ და ახლა ყურადღებით დასცქერიან მათ (სხვა ვერსიით ისინი შაშს თამაშობენ). ერთმანეთის პირისპირ. გამოსახული წინ გადახრილი ფიგურები ერთგვარ რკალს ქმნიან, რომელსაც მათ ზურგს უკან გამოსახული ფარების ასეთივე მორკალული ფორმები იმეორებს და აჩარჩოებს სცენას. იქმნება ჩაკეტილი კომპოზიცია, რომელიც თითქოს ექოსავით ეპასუხება ლარნაკის ფორმას და შესანიშნავად ეწერება მასში. ამავდროულად, შუბები, რომლებიც მოთამაშეთა პოზების საპირისპიროდაა გადახრილი, წონასწორობას აღადგენს, სახელურების ხაზს აგრძელებს და ყურადღებას ჭურჭლის ცენტრისაკენ მიმართავს, რითიც ამფორის ფორმა და მოხატულობა ერთ მთლიან ჰარშონიულ ორგანიზმად იკვრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ფიგურების დამუშავების ხერხი. დავაკვირდეთ, როგორი დახვეწილი და ულამაზესი ორნამენტითაა დაქსელილი გმირების სამოსი. ეს ნახატი შავ ლაქზე ნაკაწრებითა და უწვრილესი თეთრი კალიგრაფიული ხაზებითაა შესრულებული; ასევეა გადმოცემული ფიგურების სახის ნაკვთებიც − თვალები, წარბები, ტუჩები, თმა და სხვა დეტალები. უდახვეწილეს მაქმანისებურ ნახატთან შერწყმული სილუეტის სიმკაფიოვე, კომპოზიციისა და ფორმის ორგანული შერწყმა, უზადო, მკაცრი და საზეიმო ფერადოვანი გადაწყვეტა, ამ ლარნაკს, მართლაც, მსოფლიო ხელოვნების შედევრთა რიგში აყენებს.

არქაიკის ხანაში შავფიგურიანი კერამიკის კიდევ მრავალი ბრწყინვალე ნიმუში შეიქმნა, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ რა მაღალ დონეზეა ამ ხანაში მხატვრობა. ამ ნახატების მიხედვით ფიგურების მოძრაობები და პროპორციები უკვე სრულიად ბუნებრივია, პოზები – მეტყველი. ბერძენ ოსტატთა სახვითი საშუალებები შავფიგურიანი კერამიკის შემთხვევაში ძალზე მწირია – სილუეტი და მეჩხერი ხაზი. და მით უფრო გასაოცარია, როგორ ახერხებენ ისინი მინიმალური საშუალებებით მაქსიმალურად „აამეტყველონ“ ფიგურა. ისინი ძუნწად, ერთი-ორი ხაზით მონიშნავენ ფიგურის დეტალებს, მაგრამ ამ მცირედითაც კი შესანიშნავად ახერხებენ გადმოსცენ ფიგურის პლასტიკა, მისი მოძრაობა.

წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები