შავჩიჩახვა მექვიშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავჩიჩახვა მექვიშია

შავჩიჩახვა მექვიშია (ლათ. Calidris alpina Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

შავჩიჩახვა მექვიშია მექვიშიებს შორის საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 100-125 მმ-ია, გალო – 20-25 მმ, ნისკარტი – 27-36 მმ, წონა – 30-60 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-შავია, საკმაოდ ფართო ქარცი კიდეებით, რაც ზაფხულში თავისებურ ელფერს აძლევს სხეულის ამ ნაწილს. ჩიჩახვის, მკერდისა და კისრის ნაწილები თეთრია, გასწვრივი მუქი შტრიხებით. მუცლის წინა ნაწილში აქვს მურა-შავი ფერის დიდი ლაქა. მუცლის დანარჩენი ნაწილი თეთრია, მუქი წინწკლებით. პირველი რიგის მომქნევები მუქი-მურაა. პირველი მომქნევის ღერო თითქმის მთელ სიგრძეზე თეთრია. დანარჩენი მომქნევების ღეროები მხოლოდ მცირე ნაწილზეა მოთეთრო. ფრთის ქვემო მფარავები მოთეთროა, იღლიის ბუმბულები − თეთრი. საჭის ბუმბულები მუქია, მაგრამ მათ შორის რამდენიმე კიდურა ღია ფერისაა. კუდის ზემო მფარავები მურა-შავია, ქვემო მფარავები თეთრი. შავი ფერის საკმაოდ გრძელი და წვრილი ნისკარტი წვეროსთან ოდნავ ქვემოთაა მოხრილი. შავია ფეხებიც. ზამთარში ორივე სქესის ფრინველი ზემო მხარეს კვამლისფერ-რუხია; ბუმბულების ცენტრები უფრო მურა, ხოლო კიდეები – უფრო რუხი. ქვემო მხარე თეთრია, მხოლოდ კისერსა და ჩიჩახვზეა ღია რუხი, ბუმბულებზე უფრო მუქი ღერძულა ლაქებით. გადაფრენის დროს ზოგიერთ ინდივიდს აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის შეფერილობის ელემენტები.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური შავჩიჩახვა მექვიშია – C. a. alpina Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ძველი და ახალი სამყაროს არქტიკულ ზონებს. ბუდობს ბალტიისპირეთში, კოლის ნახევარკუნძულზე და მთელ ტუნდრის ზონაში ბერინგის სრუტემდე, შემდეგ ალასკაზე, კანადაში, გრენლანდიაზე, შპიცბერგენზე, ირლანდიასა და ბრიტანეთის კუნ- ძულებზე. ზამთრობს აშშ-ის როგორც წყნარი, ისე ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, ევროპის დასავლეთი და აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილების, აგრეთვე ერაყის, პაკისტანის, ინდოეთისა და ჩინეთის სამხრეთ სანაპიროებზე. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრის ზონის ტენიან ადგილებში, როგორც ზღვების მახლობლად, ისე საკმაოდ დაშორებითაც; მათ შორის ხავსიან ჭაობებშიც. მიმოფრენის დროს ჩერდება მდინარეებისა და ტბების ქვიშიან, ზოგჯერ შლამიან სანაპიროებზე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე ხმელი ბალახების საფარში ან დაბალტანიანი არყის ბუჩქებს ქვეშ. ბუდე საკმაოდ კარგად არის ამოფენილი წნორის ფოთლებით ან სხვა მცენარეული მასალით. ივნისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 22 დღემდე გრძელდება.

კვება

საკვების ძირითად ნაწილს შეადგენს უხერხემლო ცხოველები – ნაირგვარი ჭიები, ხოჭოები, ლოკოკინები და კიბოსნაირები, აგრეთვე მწერების ლარვები. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა წვრილ თესლებსაც.

მნიშვნელობა

მიმოფრენის დროს ზოგან სანადირო ობიექტია, მაგრამ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები