შედგენილი შემასმენელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შედგენილი შემასმენელი – შემასმენელი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: ბრუნებადი სიტყვისა და ზმნის პირიანი ფორმებისგან („ისინი ჩვენი მეგობრები არიან“).

შედგენილი შემასმენლის ლექსიკურ მნიშნელობას ბრუნებადი სიტყვა გამოხატავს, მასში შემავალ ზმნას კი დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა და დამხმარე, ანუ მეშველი სიტყვის როლს ასრულებს: ამყარებს კავშირს ქვემდებარესა და შედგენილ შემასმენელში შემავალ სახელს შორის და გამოხატავს ზმნერ კატეგორიებს: მწკრივს, პირს, რიცხვს, დროს, კილოს. რადგანაც შედგენილი შემასმენლის ბრუნებადი ნაწილი ჩვეულებრივ სახელია ან მორფოლოგიურად მასთან გათანაბრებული სახელზმნა, ამიტომ მას შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი ჰქვია,დამხმარე, ანუ მეშველ ზმნას კი – ზმნური ნაწილი.

შედგენილი შემასმენლის ზმნურ ნაწილად დასტურდება „ვარ“ (ხარ, არის, ვართ, ხართ, არიან) და მისი მონაცვლე ფორმები: მყოფადის წრეში – „ვიქნები“ (ვიქნებოდი, ვიქნებოდე, იქნებოდი, იქნებოდე…), II და III სერიის მწკრივებში კი „ყოფა“ ზმნის ფორმები („სტუდენტები ვართ“, „შენ ჯიუტი გოგო ხარ“, „ისინი დაბრუნებული იქნებიან“, „მზე გადასული უნდა იყოს“, „გიორგი ცოცხალი ყოფილა“).

შედგენილ შემასმენელში წარმოდგენილი III პირის ფორმა ხშირად იკვეცება და რჩება მხოლოდ თავკიდური ა-, რომელიც შეერთებულია ზმნის სახელად ნაწილთან ან რომელიმე სხვა სიტყვასთან („ნინი ჭკვიანი გოგოა“, „გიორგი დიდ საქმეებშია ჩართული“).

„არის“ ერთირიან ზმნას შედგენილი შემასმენლის ზმნურ ნაწილში, თუ საჭიროა, ენაცვლება ორპირიანი ზმნები – „მაქვს“ ან „მყავს“: პირეელი მაშინ, როდესაც შედგენილ შემასმენელთან სახელობით ბრუნვაში შეწყობილი სახელი უსულო საგანს აღნიშნავს („წერილი გაგზავნილი მაქვს“. ამ ზმნებს II სერიის მწკრივები აკლიათ, ხოლო მყოფადის მწკრივებში იმავე ძირისაგან ნაწარმოები ე-ნიანი ენებითის ფორმები ენაცვლება: „მექნება“, „მეყოლება“. II სერიაში, ჩვეულებრივ, გვაქვს: მქონია, მყოლია, მქონოდა…

შედგენილ შემასმენელში „არის“ ზმნას I და III სუბიექტურ პირში თავაზიანი საუბრის დროს ენაცვლება „გახლავს“ (ერთპირიანი ზმნის მნიშვნელობით), II პირში კი – „ბრძანდები“, ზმნურ ნაწილად გამოიყენება აგრეთვე „გახდა“ („დათა სტუდენტი გახდა”), „დარჩა“ („ყველა კმაყოფილი დარჩა“), „ჰგონია“ („ავ კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია“), „გამოდგა“ („ნინო კარგი გოგო გამოდგა“), „გამოვა“ („ის მართლა მხატვარი გამოვა“), „ჩანს“ (გიორგი უენო ბიჭი ჩანს“).

შედგენილ შემასმენელში დასტურდება აღწერითი ენებითის ფორმებიც. აქ სახელადი კომპონენტი ენებითი გვარის მიმღეობაა, ასეთი შედგენილი შემასმენელი აწმყოს წრეშიც იხმარება, აღწერითი ვენებითისაგან განსხვავებით, ხოლო II სერიაში „იყო“ და არა „იქნა“ (შდრ. „წერილი დაწერილი იყო“ – „წერილი დაწერილ იქნა“), ამ შემთხვევაში შედგენილი შემასმენლის რელატიური ფორმებიც უკეთდება („თანხმობა მიცემული მაქვს“, „ბავშვი გაგზავნილი მყავს”).

ზოგჯერ შემასმენლის გამოხატვა მთლიანად სახელს აქვს დაკისრებული, მეშველი ზმნა კი ჩავარდნილია, გამოტოვებულია: „შენ – შამა, მე – შვილიო, მითხრა“.

თ. ვაშაკიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები