ჩინეთ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენცია და შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენცია და შეთანხმება

სარჩევი

1885 კონვენცია (ლი-იტოს კონვენცია)

ხელმოწერილ იქნა 18 აპრილს ტიანძინში ჩინეთის მხრიდან ლი ხუნჯანის, ხოლო იაპონიის მხრიდან პირობუმი იტოს მიერ. 1884 სეულში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება ჩინეთმა და იაპონიამ კორეის საშინაო საქმეებში ჩარევისათვის გამოიყენეს, რასაც მოჰყვა ჩინეთ-იაპონიის სამხედრო დაპირისპირება, ასეთ ვითარებაში იქნა დადებული კონვენცია, რომლის თანახმად ორივე მხარეს 4 თვის ვადაში კორეიდან თავისი ჯარები უნდა გამოეყვანა. კორეას მიეცა წინადადება, ჩამოეყალიბებინა საკუთარი არმია, სადაც ინსტრუქტორებად მხოლოდ მესამე სახელმწიფოს პირები იქნებოდნენ. კორეაში „სერიოზული არეულობის“ შემთხვევაში ორივე მხარეს ან ერთ-ერთ მათგანს შეეძლო იქ ჯარების გაგზავნა, აცნობებდა რა ამის შესახებ მეორე მხარეს. მდგომარეობის მოწესრიგების შემდეგ კი დაუყოვნებლივ უნდა ჩატარებულიყო ჯარების ევაკუაცია.

1905 ხელშეკრულება

ხელმოწერილ იქნა 72 დეკემბერს პეკინში. პორტსმუთის საზავო ხელშეკრულების 1905 თანახმად, იაპონიამ რუსეთისაგან ლიუიშენზე (პორტ-არტური), დალიანსა (დალნი) და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საიჯარო უფლებები მოიპოვა. იაპონიას გადაეცა აგრეთვე სარკინიგზო ხაზი ლიუიშუნიდან ჩანჩუნამდე. ჩინეთ-იაპონიის 1905 ხელშეკრულებით ჩინეთი ცნობდა იაპონიის აღნიშნულ უფლებებს.

ხელშეკრულებასთან ერთად ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ჩრდილი-აღმოსავლეთ ჩინეთიდან იაპონიის ჯარების გამოყვანისა და ამ რეგიონში იაპონიისთვის პრივილეგიების მინიჭების შესახებ. ჩინეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება, იაპონური და რუსული ჯარების ევაკუაციის შემდეგ ვაჭრობისა და უცხოელთა ცხოვრებისათვის გაეხსნა 16 ქალაქი (ლიაოიანი, ჩანჩუნი, ძილინი, სარბინი, ციციკარი, ხაილარი და სხვა). გათვალისწინებული იყო შენიანში (მუკდენი), ანდუნსა (ახლანდელი დანდუნი) და ინკოუში იაპონური სეტლმენტების დაარსება, ანდუნ-შენიანის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის უფლების იაპონიისათვის გადაცემა. მდინარე იალუძიანის მარჯვენა ნაპირზე ხე-ტყის დამუშავების იაპონურ-ჩინური სააქციო საზოგადოების დაარსება, ურთიერთისათვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა ყველა საკითხში, რომელსაც ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება ეხებოდა.

1918 შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

25 მარტს ჩატარდა ნოტების გაცვლა. 16 მაისს მხარეებმა დადეს საიდუმლო შეთანხმება. ჩინეთის ხელისუფლებას ხელი უნდა შეეწყო მის ტერიტორიაზე იაპონიის ჯარების გადაადგილებისათვის. იაპონიამ მიიღო უფლება აეშენებინა მანჯურიაში სამხედრო რკინიგზები და სხვა სამხედრო ობიექტები, გაეყვანა კავშირგაბმულობის ხაზები, განეხორციელებინა სამხედრო გადაზიდვები ჩინეთის (ჩაჩჩუნის) რკინიგზის მეშვეობით. გათვალისწინებული იყო სამხედრო ექსპერტებით ურთიერთდახმარებაც. საომარ მოქმედებათა დასრულების შემდეგ იაპონიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ჩინეთის ტერიტორია. 19 მაისს ხელმოწერილ იქნა ჩინეთ-იაპონიის სამხედრო-საზღვაო შეთანხმება, რომელიც იმეორებდა 16 მაისის შეთანხმების დებულებებს, ოღონდ სამხედრო-საზღვაო ძალებთან მიმართებაში. 6 სექტემბერს კი დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იმიერბაიკალეთში ჩინეთის ჯარების ოპერაციები იაპონელ მეთაურებს უნდა წარემართათ. შეთანხმების საფუძველზე ჩინეთმა მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ.

1922 შეთანხმება შნდუნის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 4 თებერვალს ვაშინგტონის კონფერენციაზე 1921-22. 1914 წლის აგვისტოში იაპონიამ მიიტაცა ნავსადგური ძიაოჯოუ (ახლანდელი ცინდაო, შანდუნის პროვინცია), რომელიც გერმანიის მიერ „იჯარის“ გზით მოწყვეტილი იყო ჩინეთისაგან. 1915 წლის 9 მაისს ჩინეთი იძულებული გახდა, მიეღო „ოცდაერთი მოთხოვნა იაპონიისა ჩინეთისადმი“ 1915, რომლებშიც ჩინეთის მიერ შანდუნზე უარის თქმაც იყო გათვალისწინებული. პარიზის საზავო კონფერენციაზე 1919-20 იაპონია მისთვის შანდუნის პროვინციის გადაცემას ითხოვდა. ჩინეთის დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, იაპონიის პრეტენზიები დაკმაყოფილებულ იქნა, რაც ჩინეთის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების 1919 ხელმოწერაზე უარის თქმის ერი-ერთი მიზეზი გახდა. ვაშინგტონის კონფერენციაზე შანდუნის საკითხი აშშ-ის დელეგაციამ დააყენა. ამერიკის მთავრობა ჩინეთიდან იაპონიის განდევნით იყო დაინტერესებული. დაუპირისპირდა რა აშშ-ის ინტერესებს, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაც დაკარგული ჰქონდა, იაპონიის მხარე იძულებული გახდა უკან დაეხია. ხელშეკრულების თანახმად, იაპონიამ აიღო ვალდებულება, ხელმოწერიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადისა, დაებრუნებინა ჩინეთისათვის ძიაოჯოუს ტერიტორია და ცინდაო-ძინანის სარკინიგზო ხაზი რკინიგზის ღირებულების ანაზღაურებით. რკინიგზის გადაცემამდე მიმოსვლის სამსახურის უფროსად იაპონიის, ხოლო რკინიგზის უფროსად ჩინეთის მოქალაქეები უნდა დანიშნულიყვნენ. კონცესიები რკინიგზის განშტოებაზე საერთაშორისო საფინანსო კონსორციუმს გადაეცა, ხოლო კონცესიები შანდუნის მაღაროებზე კი ერთობლივ იაპონურ-ჩინურ კომპანიას, რომელშიც იაპონური კაპიტალის ოდენობა ჩინურისას არ უნდა აღმატებოდა. ჩინეთმა აიღო ვალდებულება საგარეო ვაჭრობისათვის გაეხსნა ძიაოჯოუ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები