წევრნაკლი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წევრნაკლი წინადადება – წინადადება, რომელსაც აკლია ერთი ან მეტი მთავარი წევრი (ქვემდებარე, პირმიმართი დამატება). უსრული წინადადებისაგან განსხვავებით, წევრნაკლ წინადადებაში ნაკლული წევრის აღდგენა შეუძლებელია, რამდენადაც წევრის დაკლება შეპირობებულია ზმნა-შემასმენლის დეფექტაციით და წინადადების სემანტიკური ორგანიზაციით. წევრნაკლი წინადადებები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: უსუბიექტო და უობიექტო წინადადებებად. უსუბიექტო წინადადებები, თავის მხრივ, სამი სახისაა: უქვემდებარო (უპირო), განუსაზღვრელ პირიანი (ქვემდებარე გაუჩინარებული) და განზოგადებულ პირიანი.

უქვემდებაროა ისეთი წინადადება, რომელშიც ქვემდებარე არც არის და არც იგულისხმება (წვიმს. თოვს. დაბნელდა…). ჩვეულებრივ, უქვემდებაროდ იხმარება:
1. ბუნების მოვლენების აღმნიშვნელი პირნაკლი ზმნები (ქუხს. ელავს.);
2. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველი ზმნები (მაციებს, მაჟრჟოლებს, მტეხს, მამთქნარებს...);
3. შესაძლებლობისა და გუნების ვნებითის ზოგიერთი ფორმა („ახლა იქ არ წაისვლება“, „ახლა არ ემღერება“…).
უქვემდებარო წინადადება შეიძლება იყოს გაუვრცობელი („ირიჟრაჟა“) და გავრცობილი („ტანში მზარავს“);

მთავარ წევრთა შედგენილობის მიხედვით – ერთშემადგენლიანი („ერთბაშად ჩამოცხა“), ორშემადგენლიანი („ჩვენს მხარეში ზაფხულობით კოკისპირული წვიმები იცის“), სამშემადგენლიანი („მალე წვიმას თოვლსაც მოაყოლებს“).

განუსაზღვრელპირიანია წინადადება, რომელშიც ქვემდებარე არ არის, გაუჩინარებულია, მაგრამ მოქმედად მაინც იგულისხმება ვიღაც, გაურკვეველი პირი (პირები). ამგვარ წინადადებაში შემასმენელი გადმოცემულია ზმნის III სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის ფორმით („ამ მინდიაზედ ამბობენ დაუჯერებელს ამბებსა“, ვაჟა-ფშაველა).

განზოგადებულპირიანია წინადადება, რომელშიც შემასმენლით გადმოცემული მოქმედება ეხება ყველას და არა მხოლოდ ზმნით გამოხატულ პირს. განზოგადებული მოქმედება გადმოიცემა უპირატესად ზმნის II სუბიექტური პირის ფორმებით („ასჯერ გაზომე ღა ერთხელ გასჭერ“, „ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა“), ზმნის III სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის ფორმითაც აწმყოში (იშვიათად მყოფადში), რომელსაც მრავალგზისობის გაგება აქვს („ზამთრის სარჩოს ზაფხულში იმარაგებენ“; „როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდის, ფიცს არ სტეხენ“, გ. ტაბიძე), განზოგადებული მოქმედება იშვიათად შეიძლება გადმოიცეს ზმნის I სუბიექტური პირის ფორმითაც აწმყოში („გულით ვგრძნობთ, გონებით ვსჯით“).

უობიექტო წინადადებებს, ჩვეულებრივ, ქმნიან ე.წ. მედიოაქტიური ზმნები და ზოგი სხვა ზმნაც. მედიოაქტიურს პირდაპირობიექტური პირის დაკლების გამო პირდაპირი დამატება აღარ შეეწყობა, თუმცა გარდამავალი ზმნის ზოგი სინტაქსური ნიშანი შენარჩუნებული აქეთ („ყმაწვილებმა გაიხუმრეს“, „გოგონებმა გადაიკისკისეს", „მიცვალებულს სოფელმა უპატრონა“). უობიექტო წინადადებაში უფრო ხშირად არ არის პირდაპირი დამატება („ნიავმა წყნარად წაისისინა“), ზოგ ზმნასთან – ირიბი დამატება („ქიმერებმა დაჰკრეს ტაში“, გ. ტაბიძე), ან აკლია ორივე დამატება („აუჩქარა ცხენმა გზაში“).

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები