ხელნაწერთა ინსტიტუტი
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი − სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, დაარსდა თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1958 წლის 30 ივნისის დადგენილებით აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე.
ხელნაწერთა ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფ. ი. აბულაძე. ინსტიტუტის უპირველესი მიზანი იყო ხელნაწერი ფონდებისათვის მაქსიმალურად კარგი პირობების უზრუნველყოფა და ხელნაწერი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა და პუბლიკაცია. ხელნაწერთა ინსტიტუტის საცავებში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების უაღრესად მნიშვნელოვანი ფონდი. V-XIX სს. ქართული ხელნაწერები 10000 ერთეული, მათ შორის ილუსტრირებული 200-მდე (X-XVIII სს.); 4000 პალიმფსესტური ფურცელი (V-VIII სს); დაახლოებით 4000 ხელნაწერი სომხურ, არაბულ, სპარსულ, თურქულ, ბერძნულ, რუსულ, სირიულ, ძველ ბერძნულ ენებზე; 40 000
ისტორიული დოკუმენტი (X-XIX სს) ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ენებზე – 5000
ერთეული. ქართულ ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ოთხი ფონდი:
ა) ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერები (ლიტერი A) და ისტორიული დოკუმენტების (ლიტერი Ad).
ბ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერები (ლიტერი S) და საბუთები (ლიტერი Sd);
გ) საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელნაწერები (ლიტერი H) და საბუთები (ლიტერი Hd);
დ) 1929 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შექმნილი ხელნაწერთა და ისტორიულ საბუთთა ახალი ფონდი, რომელშიც გაერთიანდა მუზეუმის მიერ ახალშეძენილი თუ შეწირულობების წყალობით შემოსული ხელნაწერები. აქვე გაერთიანდა ე. თაყაიშვილისა და სხვათაგან მარტვილის, შემოქმედის, ჩხარის, ქუთაისის, გურიანთას, ცაგერის და სხვ. რაიონებში ადრე მოძიებული მასალა. ლიტერად შემოღებული იქნა Q (ხელნაწერები) და Qd (საბუთები).
1930-იდან ოთხივე ფონდის სახელად დამკვიდრდა „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები“. ეს ლიტერები დღესაც მოქმედებენ. ინსტიტუტში ასევე დაცულია ქართველ და არაქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდები – სულ 100-ზე მეტი; |პაპირუსების კოლექცია (გ. წერეთლის პირადი საარქივო ფონდი); ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავებიდან ჩამოტანილი მრავალი დოკუმენტის, უცხოენოვანი ხელნაწერისა თუ წიგნის ასლები, რომლებიც თავმოყრილია მიკრო- და ფოტოთეკაში.
ხელნაწერთა ინსტიტუტს აქვს უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა; არსებობს გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა მემორიალური კაბინეტები (ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, ი. აბულაძის, ნ. ბერძენიშვილის, შ. ამირანაშვილის, ე. მეტრეველის და კ. და ნ. სალიებისა); მუშაობს ერთი სამეცნიერო განყოფილება, რომელიც ამუშავებს კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის, ძველი ქართული ფილოლოგიის, აღმოსავლური, საისტორიო წერილობითი ძეგლების, საარქივო ექსპოზიციის, ჰიგიენისა და რესტავრაციის საკითხებს; მოქმედებს ხელნაწერთა რესტავრაციის კარგად აღჭურვილი სპეციალური ლაბორატორია.
ინსტიტუტის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ხელნაწერების მეცნიერული აღწერილობის, ისტორიული დოკუმენტებისა და პირადი არქივების კატალოგების შედგენა, ბიბლიოგრაფიული და საცნობარო ლიტერატურის მომზადება. თანამშრომლები იკვლევენ ქართული მწერლობის, ისტორიის, პალეოგრაფიის, ფილიგრანოლოგიის, კრიპტოგრაფიის ეპიგრაფიკის პრობლემატიკას. გამოქვეყნებულმა გამოკვლევებმა ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, საერთო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია (ორჯერ) ძველი ქართული დამწერლობის ალბომი, ქართული ხელნაწერების მინიატურების ალბომი, ხელნაწერთა აღწერილობის 22 ტომი, „ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების“ კორპუსი 6 წიგნად. ყველა ხელნაწერის მიხედვით ბიბლიის „ხუთწიგნეული“ (გამოსაცემად მომზადებულია დანარჩენი წიგნებიც), ს. ს ორბელიანის „ქართული ლექსიკონი“ (ორი ტომი), ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ და სხვ.; მომზადებულია გამოსაცემად ისტორიული დოკუმენტების მიხედვით „პირთა ანოტირებული ლექსიკონი“. პუბლიკაციები გამოირჩევა მაღალი მეცნიერული და აკადემიური დონით.
ხელნაწერთა ინსტიტუტის საქმიანობაში დიდი ადგილი ეთმობოდა ლიტერატურის პრობლემების დამუშავებას: გამოქვეყნდა „ამირანდარეჯანიანის“ მეცნიერულად გამართული ტექსტი, «თეიმურაზს“. „ლეილმაჯნუნიანის“ სპარსული წყაროები, იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორი წიგნი და სხვ. ასევე საზღვარგარეთის ქართული სამწერლო კერების შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლას: გამოქვეყნდა სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა სამ წიგნად. ათონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინას მთაზე ახალგამოვლილი ქართული ხელნაწერების კატალოგი (ქართ., ინგლ. და ბერძნ. ენებზე). საგანგებო კვლევის საგანი იყო მეზობელ ხალხებთან ლიტერატურული ურთიერთობები: ქართულ-სომხური, ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-თურქული, ქართულ-სპარსული, ქართულ-რუსული (სლავურ) ლიტერატურული კავშირები. სისტემატურად ეწყობა თემატური გამოფენები საცავებში დაცული ხელნაწერების ჩვენებით. ქართული მწერლობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქეთ იმუშაოს ინსტიტუტში დაცულ მასალებზე.
ხელნაწერთა ინსტიტუტს აქტიური შემოქმედებითი კონტაქტები აქვს მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ სამეცნიერო ცენტრთან, რომლებიც სწავლობენ ბიზანტიურ, არმენოლოგიურ და სხვ. საკითხებს.
ინსტიტუტს აქვს პერიოდული სამეცნიერო ორგანო „ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“ (1959–63), რომელიც 1972-იდან გამოდის „მრავალთავის“ სახელწოდებით.
2007-იდან ხელნაწერთა ინსტიტუტი გადაკეთდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრად.
მ. ქავთარია