ხიმინჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის ჩასასობი ხიმინჯები

ხიმინჯიგრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტი (სვეტი, ხის, ბეტონის ან ლითონის ძელი), რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას.

განასხვავებენ ჩასასობ (მზა სახით ჩადებულს) და დანატენ (გაბურღვის შედეგად ჩაყენებულს) ხიმინჯს. მუშაობის ხასიათის მიხედვით არსებობს – დგარი ხიმინჯი, რომელიც შენობიდან მიღებულ დატვირთვას გადასცემს კლდოვან ან პრაქტიკულად შეუკუმშავ გრუნტს, და დაკიდებული (ფრიქციული), რომელიც დატვირთვას გადასცემს გრუნტს ხიმინჯის გვერდითა ზედაპირის გრუნტთან ხახუნის ხარჯზე; დატვირთვის მოქმედების მიხედვით – ცენტრალური, შვეული, ექსცენტრული და ამომგდები; დაარმატურების მიხედვით (რკინაბეტონის) – დაუძაბავი და დაძაბული განივი არმატურით, განივი დაარმატურებით ან მის გარეშე. გამოიყენება ხიმინჯოვან საძირკვლებში.

სარჩევი

ლითონის ხიმინჯი

ლითონის კონსტრუქცია, გამოყენებული სამშენებლო საძირკვლების საყრდენად. მზადდება სხვადახვა დიამეტრის ფოლადის მილებისაგან კედლის სისქით 8-20 მმ, სიგრძით 30 მ-მდე. წვერო კონუსური ფორმის აქვს, რათა ადვილად მოხდეს მისი ჩასობა გრუნტში. მილების გარდა შესაძლებელია რელსების, ორტესებრებისა და სხვა გაგლინული პროფილების გამოყენებაც; ზოგჯერ ხრახნულ ლითონის ხიმინჯებსაც იყენებენ, რომელსაც წვეროზე უკეთდება სპეციალური გრუნტის საჭრელი ბუნიკი. ლითონის ხიმინჯი გამოიყენება სანავსადგურო, ენერგეტიკული, სამრეწველო ობიექტების, ხიდების, მაღლივი შენობების, სპეციალური ნაგებობებისა და სხვათა საძირკვლების მოსაწყობად.

რკინაბეტონის ხიმინჯი

საყრდენი ბეტონის ღერო, ჩაყურსული გრუნტში მზა სახით ან დამზადებული ადგილზე – ჭაბურღილში (ნაბურღ-ნატენი, ნაბურღ-ინექციური). მზადდება სხვადასხვა განივკვეთის В15 ან В20 მარკის მძიმე ბეტონისაგან. გრუნტში ჩასობის პირობების მიხედვით არის ჩვეულებრივი და ამაღლებული დარტყმამედეგობის.

ხის ხიმინჯი

მთლიანკვეთიანი ხის მორები, დამზადებული წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. სიგრძე 8,5 მ-მდე, დიამეტრი – 22-34 სმ. მორი სუფთავდება ქერქის, წანაზარდებისა და კორძებისგან. ბუნებრივი წოწება ნარჩუნდება. ჩასობა გრუნტში ხდება წამახვილებული წვრილი ბოლოთი, რომელზეც წამოეცმევა ფოლადის ბუნიკი (დაზიანებისგან დასაცავად), ხოლო ზედა თავზე უკეთდება ფოლადის ბუგელი (სალტე), რომელიც თავს დაზიანებისგან იცავს. ის ხიმინჯის დასველებულ თავს ეცმევა ცხელ მდგომარეობაში და გაცივების შემდეგ მჭიდროდ შემოეკვრება მას. წვერი აუცილებელია ემთხვეოდეს ხიმინჯის ღერძს, რადგან ღერძისაგან გადახრამ შეიძლება გამოიწვიოს ხიმინჯის გადახრა საპროექტო მდგომარეობიდან. ბიომავნებლებისა და ლპობისაგან დასაცავად ხიმინჯს უკეთდება ანტისეპტირება და ისე ყურსავენ, რომ მთლიანად დაიფაროს გრუნტის წყლით. როცა ხიმინჯის სიგრძე მეტია 8,5 მ-ზე, მაშინ ახდენენ მორების წაზრდას სიგრძეში პირაპირების მოწყობით, რისთვისაც გამოიყენება ფოლადის ზედები ან მილის გადანაჭრები და შეიკვრება ჭანჭიკებით. თუ საჭიროა დიდი განივკვეთისა და სიგრძის (30 მ-მდე) ხის ხიმინჯები, მაშინ გამოიყენება ბუჩქურტანიანი ხიმინჯები, შედგენილი სამი (ოთხი) მორის ან ორი (ოთხი) ძელისაგან, აგრეთვე პაკეტური (დაწებებული ფიცრებისაგან შედგენილი) ხიმინჯები, რომელთა განიკვეთი შეიძლება იყოს 50×50 სმ-მდე.



იხილე აგრეთვე

ნატენი ხიმინჯი
ნარანდი ხიმინჯები

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები