ჰოლანდიური დაავადება (ეკონომიკა)
„ჰოლანდიური დაავადება“ - („dutch desease“) - ეს ფენომენი უკავშირდება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შეუზღუდავ შემოდინებას, გამოწვეულს ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ბუმით. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ფინანსური დახმარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძალებამ. ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზღვავების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი პრივატიზაციაც. სახელწოდება - „ჰოლანდიური დაავადება“ ასოცირდება არაგონივრულად განკარგულ ქვეყნის სიმდიდრესთან და ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოჩნდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, როცა ჩრდილოეთის ზღვაში ნიდერლანდის მიერ ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენამ გამოიწვია ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების არნახული ზრდა, ეროვნული ვალუტის – გულდენის გამყარება და ტრადიციული ექსპორტის კონკურენტუნარიანობის დაცემა. ამ პერიოდიდან მოყოლებული „ჰოლანდიური დაავადების“ სახელით ცნობილი ეს მოვლენა არაერთი ქვეყნის „თავის ტკივილი“ გახდა. „ჰოლანდიური დაავადების“ კლასიკური მოდელი 1982 წელს ჩამოაყალიბეს მ. კორდენმა და პ. ნეარვიმ (Corden Max W., Nearvy Peter J. Booming Sector and Deindustrialization in a Small open Economy. „The Economic Journal“. Vol. 92, 1982, pp. 825-848). მისი შინაარსი შემდეგია: ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ბუმი არღვევს წონასწორობას ამ სექტორს, ტრადიციულ საექსპორტო სექტორსა და არასაექსპორტო სექტორს (მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.) შორის. მართალია, თავდაპირველად ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის შემოსავლებს, მაგრამ მისი გრძელვადიანი ეფექტი საწინააღმდეგოა. საქმე ისაა, რომ შიდა ვალუტის ბაზარზე ბუნებრივი რესურსების ექსპორტიდან მიღებული უცხოური ვალუტა კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში. თუ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ფიქსირებულია, მაშინ კონვერტირების ეს პროცესი მოითხოვს ფულის მიწოდების ზრდას, რაც ადგილობრივი ფასების მომატებას იწვევს, ხოლო მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შიდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის წონასწორობისდარღვევა ადგილობრივი ვალუტის გამყარებას გამოიწვევს. ორივე შემთხვევაში გაიზრდება ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე უცხოური ვალუტის ერთეულით გაცილებით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა შეიძლება, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ასეთი ვითარება უკუგავლენას ახდენს ტრადიციული ექსპორტის მომგებიანობაზე, ვინაიდან შიდა ფასების ზრდის გამო გაძვირებული საექსპორტო პროდუქცია ნაკლებკონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო ბაზარზე, რასაც მოჰყვება ტრადიციულ საექსპორტო სექტორში წარმოების მკვეთრი დაცემა, კაპიტალისა და სამუშაო ძალის არასაექსპორტო სექტორში გადანაცვლება („რესურსების გადანაცვლების ეფექტი“).
გარდა იმისა, რომ ამის შედეგად ტრადიციული საექსპორტო სექტორი ზარალდება, თუ ვერ მოხერხდა არასაექსპორტო სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარება და კადრების გადამზადება, გარდუვალია უმუშევრობის ზრდა და მასთან დაკავშირებული კატაკლიზმები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ ზემოთ განხილული გზით ქვეყანაში მიღებული უცხოური ვალუტა იმპორტის ზრდას მოხმარდება, მაშინ ვალუტის ნაკადების შემოდინება პირდაპირარ აისახება ფულის მიწოდებაზე, თუმცა, იმპორტის ზღვარგადასული ზრდაც გაუმართლებელია. საქართველოში „ჰოლანდიურმა დაავადებამ“ თავი იჩინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ოღონდ კლასიკური მოდელისაგან განსხვავებით, მის წარმომშობ მიზეზებში წინა პლანზე წამოიწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო დახმარების მოზღვავება, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები, ან დროებით იქ დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ ფულადი ტრანსფერების ნაკადები და ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია.