კარტოგრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარტოგრამა (რიცხვითი ფონი)

კარტოგრამა – ქოროპლეტი, (cartogram, choropleth map), სტატისტიკური კარტოგრაფირების ფორმა, რომლის შედეგია რუკა, რომელიც გვიჩვენებს შეფარდებითი მაჩვენებლების საფეხურისებრ განაწილებას სააღრიცხვო − ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. ეს მაჩვენებელი მიიღება საკვლევი მოვლენის რიცხვითი მონაცემების სხვა, მასთან დაკავშირებული მოვლენის რიცხვით მონაცემებთან შეფარდებით. შეფარდება შეიძლება იყოს:

1. ერთსა და იმავე ტერიტორიულ ერთეულში ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენას შორის, მაგ.: მოსახლეობის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე);
2. ტერიტორიული ერთეულის რაიმე მონაცემის შეფარდება უფრო დიდი ტერიტორიული ერთეულის შესაბამის მონაცემთან, მაგ.: ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მთელი მოსახლეობიდან.

კარტოგრამის თავისებურებაა ის, რომ გარკვეული ფართობისთვის გამოთვლილი მაჩვენებლები დისკრეტულია. ისინი ქმნიან საფეხურისებრივ ზედაპირებს, რომელთა აღქმას აადვილებს ინტერვალიანი სკალა. ტერიტორიული ერთეულები სკალის შესაბამისად დაფარულია ფერით ან შრაფირებით. ზოგჯერ აგებენ უწყვეტ სკალას.

თანამედროვე გაგებით კარტოგრაფია განსაზღვრულია როგორც მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების დარგი, რომელიც მოიცავს რუკებისა და სხვა სახის კარტოგრაფიული ნაწარმოებების შექმნას, შესწავლას და გამოყენებას (გაერო, კარტოგრაფიული ტერმინების სტანდარტი).

1. კარტოგრაფია, როგორც მეცნიერების დარგი, შეიმეცნებს ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტულ სივრცეს მისი დროის მიხედვით ცვალებადობაში და ასახავს სპეციფიკური სახვითი საშუალებებით – რუკის ენით (ა. ასლანიკაშვილი). მას აქვს თეორიული და პრაქტიკული ნაწილები. თეორიული იყოფა შემდეგ დისციპლინებად: კარტოგრაფიის ზოგადი თეორია, მათემატიკური კარტოგრაფია, კარტომეტრია, რუკების შედგენა, გაფორმება და რედაქტირება, კარტოგრაფიული სემიოტიკა, რუკების გამოცემა, რუკების გამოყენება, კარტოგრაფიული წარმოების ეკონომიკა (მენეჯმენტი), კარტოგრაფიული წყაროთმცოდნეობა, კარტოგრაფიული ბიბლიოგრაფია, კარტოგრაფიული ინფორმატიკა, კარტოგრაფიული ტოპონიმიკა და სხვ. არსებობს: მოდელურ-შემეცნებითი, ენობრივი, კომუნიკაციური, გეოინფორმაციული კონცეფციები კარტოგრაფიის შესახებ. პრაქტიკული იყოფა გეოგრაფიულ კარტოგრაფიად და ასტრონომიულ კარტოგრაფიად.

კარტოგრაფიის კავშირი სხვა დარგებთან

2. კარტოგრაფია, როგორც ტექნიკის დარგი, ამუშავებს რუკებისა და სხვა კარტოგრაფიული გამოსახულებების შექმნისა და გამოყენების ტექნიკურ ხერხებს;

3. კარტოგრაფია, როგორც წარმოების დარგი, უზრუნველყოფს რუკების, ატლასებისა და სხვა კარტოგრაფიული გამოსახულებების გამოცემას.

XX საუკუნის პირველ ნახევარში კარტოგრაფიისა და არაგეოგრაფიული მეცნიერებების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა ასტრონომიული, ისტორიული, სამედიცინო, გეოლოგიური კარტოგრაფიები. ინტეგრაცია მოხდა იმ დარგებთან, რომლებიც თავისი კვლევის საგნის სივრცით თავისებურებებს კარტოგრაფიული მეთოდით იკვლევენ.

ყველაზე თანამედროვე განსაზღვრებით კარტოგრაფია არის მეცნიერული დისციპლინებისა და ტექნიკური დარგების სისტემა, რომელიც სივრცით ინფორმაციას ავრცელებს რუკის ანუ გრაფიკული მოდელის მეშვეობით. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარტოგრაფია უახლოვდება გეოდეზიას, ფოტოგრამმეტრიას და დისტანციურ ზონდირებას, მაგრამ მის სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება, რადგან რუკა იყო და დარჩება ადამიანის თვალის მიერ სინამდვილის აღქმის შეუცვლელ საშუალებად. იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს კარტოგრაფიულ განათლებას და ამზადებს კვალიფიციურ კადრებს, კარტოგრაფიას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.


იხილე აგრეთვე

კარტოგრაფიული კონცეფციები

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები