პოლიმერი
პოლიმერი – (ბერძ. polymers მრავალგვარი < poly- ბევრი და -mer ნაწილი) – (შემკვრელი) ხელოვნური სინთეზური ან ბუნებრივი მასალაა, რომელიც პლასტმასის საფუძველია. პოლიმერი ეწოდება მაღალი ფარდობითი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებას, რომელიც შედგება საწყისი ნივთიერების მონომერის რგოლის შემადგენელი განმეორებადი ატომების ჯგუფისგან. მონომერის ჯგუფების გაერთიანებით მიიღება პოლიმერი, რომელიც ქმნის ხაზოვან, გრძელ მოლეკულების ჯაჭვს. ამ ჯაჭვის სიგრძე ათასჯერ აღემატება არაპოლიმერული ნაერთების ჯაჭვის სიგრძეს. მათ ეწოდებათ მაკრომოლეკულები. რაც უფრო მეტი მონომერის რგოლია მაკრომოლეკულაში (პოლიმერიზაციის ხარისხი), მით მეტია მასალის სიმტკიცე და მედეგობა ტემპერატურისა და გამხსნელების მიმართ. თუ მაკრომოლეკულები გაერთიანებულია სხვადასხვა რგოლებში, მაშინ პოლიმერს ეწოდება თანაპოლიმერი. თანაპოლიმერიზაცია ანალოგიურია ფოლადის ლეგირების. როცა შეუძლებელია ძნელდნობადი ან ძნელადხსნადი პოლიმერის ეფექტური გადამუშავება, მაშინ მიმართავენ დაბალი მოლეკულური მასის ნახევარფაბრიკატის ოლიგომერის (დაბალი მოლური მასის პოლიმერი, რომელშიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მაკრომოლეკულების მოქნილობასთან დაკავშირებული სპეციფიკური თვისებების გამოვლენა) მიღებას, რომელსაც შემდეგ თბური დამუშავებით ადვილად გარდაქმნიან მაღალმოლეკულურ პოლიმერად (ნაკეთობად).
ბუნებრივ პოლიმერს მიეკუთვნება ცელულოზა (C6H10O5), ხოლო ხელოვნურია პოლიპროპილენი, პოლისტირენი, პოლივინილქლორიდი, პოლიეთილენი, პოლივინილაცეტატი და ა.შ.