ეგეოსის კულტურა
ეგეოსის კულტურა (კრეტა-მიკენის კულტურა) – ბერძნული კულტურა ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა; მას წინ უსწრებდა ხანგრძლივი პერიოდი, მდიდარი და თვითმყოფადი ცივილიზაცია, რომლის სიღრმეშიც ძევს ანტიკურობის ფესვები. ეს ცივილიზაცია ეგეოსურ კულტურად იწოდება, რადგან მისი გავრცელების არეალი სწორედ ეგეოსის ზღვის აუზი გახლდათ – თვით მატერიკული საბერძნეთი, ეგეოსის ზღვაში გაბნეული კუნძულები და მცირე აზიის სანაპირო ზოლი. ეს კულტურა ხანგრძლივ პერიოდს – ძვ.წ. III-II ათასწლეულებს მოიცავდა.
ძვ.წ. III ათასწლეულში ხმელთაშუა ზღვის აუზში მეცნიერები სამ კულტურულ განშტოებას გამოყოფენ:
- კიკლადის კუნძულებზე აღმოცენებული კულტურა;
- კუნძულ კრეტასა და მის მიმდებარე კუნძულებზე გავრცელებული ე.წ. მინოსური კულტურა;
- ე.წ. ელადური კულტურა, რომელიც მატერიკულ საბერძნეთს უკავშირდებოდა.
თავდაპირველად ეგეოსური კულტურის ცენტრს კუნძული კრეტა წარმოადგენდა, მოგვიანებით კი მატერიკული საბერძნეთის ქალაქები - მიკენი და ტირინსი. ამიტომაც ეგეოსურ კულტურას, მისი ძირითადი ცენტრების სახელების მიხედვით, კრეტა-მიკენურსაც უწოდებენ.
ეგეოსის სამყაროს ისტორიის მრავალი საკითხი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, თუმცა ზოგი რამ უდავოა. აქ არ გვხვდება აღმოსავლური დესპოტიების მსგავსი დიდი ცენტრალიზებული სახელმწიფოები, ეგეოსის სამყაროს ცენტრები ცალკეულ მცირე სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, რომელთა სათავეში მეფეები (ბასილევსები) იდგნენ. ამ სახელმწიფოთა წყობა კი, როგორც ვარაუდობენ მონათმფლობელური უნდა ყოფილიყო.
ეგეოსის სამყარო არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, XIX ს-oს II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდა ჩვენთვის ცნობილი. ეგეოსის კულტურის აღმოჩენას ჰაინრიხ შლიმანს (1822-1890 წწ.) უნდა ვუმადლოდეთ. გერმანიის ერთ პატარა სოფელში, ანკერსჰაგენში, ღარიბი პასტორის ოჯახში დაბადებული შლიმანი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო საბერძნეთით, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ გმირებით და გულში ატარებდა. საოცნებო მიზანს − აღმოეჩინა ლეგენდარული ტროა. მან იცოდა, რომ ამისათვის ცოდნა და მატერიალური სახსრები იყო საჭირო. ამიტოშაც, ერთი მხრივ იგი თვითგანათლებას ეწეოდა, სწავლობდა ენებს, ისტორიას, ხოლო მეორე მხრივ, კომერციულ საქმიანობას მისდევდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ, 46 წლის ასაკში მან თავი დაანება ვაჭრობას და ტროას საძებნელად. გაემგზავრა. მთელი დარჩენილი ცხოვრება შლიმანმა არქეოლოგიას მიუძღვნა. შლიმანის დროს ჰომეროსის პოემაში მოთხრობილი ისტორია გამონაგონად. ითვლებოდა და, შესაბამისად, მეფე პრიამოსი და ქალაქი ტროა ავტორის ფანტაზიის ნაყოფად. იყო მიჩნეული. შლიმანისათვის კი ჰომეროსის ყოველი ცნობა უტყუარ რეალობას წარმოადგენდა. სწორედ ჰომეროსის თხზულებებზე დაყრდნობით შლიმანმა ზუსტად. განსაზღვრა ამ უძველესი ქალაქის ადგილმდებარეობა მცირე აზიაში, ჰისარლიყის ბორცვზე და 1870-1890 წლებში აქ არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. მართალია, იგი არ იყო პროფესიონალი არქეოლოგი და არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა, მაგრამ აღმოჩენები მართლაც სენსაციური იყო. სამი წლის განმავლობაში ნელ-ნელა მიწისა და ფერფლისაგან იწმინდებოდა ლეგენდარული ტროა. შლიმანმა ჰისარლიყის ბორცვის გათხრების შედეგად. ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. 400-იანი წლებით დათარიღებული სხვადასხვა დროის 9 ისტორიული ფენა გამოყო. მოგვიანებით, შლიმანის შემდგომ ტროას გათხრებზე მრავალი სხვა არქეოლოგი მუშაობდა, რომლებმაც დააზუსტეს ისტორიული ფენების სტრატიგრაფია და თარიღები და ამის შედეგად დაახლოებით 30 ფენა დაითვალეს: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხანძრისაგან თუ მტრის შემოსევებისაგან განადგურებული ქალაქი ყოველ ჯერზე თითქოს ზღაპრული ფენიქსივით მკვდრეთით აღდგებოდა ხოლმე, ქვემოდან II ფენაში შლიმანმა იპოვა განძი უძვირფასესი ოქროს ნივთებით. აქ იყო ოქროს დიადემები, ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ფიბულები, ოქროს ჭურჭელი, ქვის ცულები და სხვ.
შლიმანმა ეს მონაპოვარი ჰომეროსის პოემაში მოხსენიებული ტროას მეფის – პრიამოსის განძად მიიჩნია, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი ადრეულ ეპოქას, დაახლოებით ძვ.წ. 2400-2200 წლებს მიეკუთვნებოდა; ჰომეროსის მიერ აღწერილი ქალაქი ტროა კი უფრო გვიანდელ, ძვ.წ. 1300-1100 წლებით დათარიღებულ ტროა VI-ის ისტორიულ ფენაში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, შლიმანმა გათხარა საბერძნეთის უძველესი ქალაქები – მიკენი (1876 წ.) და ტირინსი (1884-1885 წწ.) და ბოლოს, კუნძულ კრეტაზეც აპირებდა გათხრების წარმოებას, მაგრამ აღარ დასცალდა, იგი 1890 წელს გარდაიცვალა. კრეტის გათხრა კი ინგლისელ მეცნიერს, არტურ ევანსს ხვდა წილად. შლიმანისაგან განსხვავებით, იგი მაღალი დონის პროფესიონალი იყო. განათლება ოქსფორდსა და გიოტინგენში ჰქონდა მიღებული. თავდაპირველად იგი კრეტული წარწერების წაკითხვით იყო დაინტერესებული, მაგრამ კუნძულზე მოგზაურობის დროს მისი ყურადღება გრანდიოზულმა ნანგრევებმა მიიპყრო. ევანსის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ 1900 წელს მან თავი მიანება ძველ საქმიანობას, ხელი მოჰკიდა წერაქვს, დაიწყო არქეოლოგიური გათხრები კნოსოსში და შედეგად უდიდესი და მეტად თვითმყოფადი საიდუმლოებით აღსავსე ცივილიზაცია აღმოაჩინა. ვინ იყო ამ ცივილიზაციის შემქმნელი ხალხი?
კრეტელთა წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ კრეტელები ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მოსახლე ე.წ. ეგეოსელთა შთამომავლები იყვნენ, ხოლო მათი ენა არა ინდოევროპულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ კრეტელები ხეთების მონათესავე, ძვ.წ. III ათასწლეულში მცირე აზიიდან შემოსულ ტომთა შთამომავლები იყვნენ. და, შესაბამისად, მათი ენაც (ხეთურის მსგავსად) ინდოევროპულ ენათა ჯგუფისა უნდა ყოფილიყო.
კრეტას მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა; ის ხმელთაშუა ზღვის აუზის სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა კრეტელები გაბედული ზღვაოსნები იყვნენ და აქტიური სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა. ქონდათ მატერიკულ საბერძნეთთან, კიკლადის კუნძულებთან, მცირე აზიასთან, კვიპროსთან სიცილიასთან, ბაბილონთან და უგვიპტესთან; ასევე ხეთების სახელმწიფოსთან. ამან განაპირობა კრეტის სანაპირო ზოლზე რამდენიმე მსხვილი ქალაქის – კნოსოსის, ფესტოსისა და მალიის აღმოცენება. მათ ძვ.წ. XXII-XVIII სს-ში ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთიერთობა ქონდათ, რაზეც მიგვითითებს ის ფაქტი, რომ ამ ქალაქებს არ გააჩნდა თავდაცვითი ნაგებობები. სამაგიეროდ, როგორც არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, ამ ქალაქებში არსებობდა ძველი სასახლეები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ძვ.წ. 1700 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ძვ.წ. XVIII ს-ის II ნახევრიდან კი კრეტაზე იქმნება ერთიანი სახელმწიფო, რომლის ცენტრია ქალაქი კნოსოსამ პერიოდში კრეტისა და მიმდებარე კუნძულების ე.წ. მინოსური კულტურა არნახულ აყვავებას განიცდის7).
კრეტა ლეგენდების კუნძულია. მითის მიხედვით, ამ კუნძულზე, დიქტეს გამოქვაბულში დაიბადა ზევსი. მისი დედა, კრონოსის ცოლი, დიდი დედა რეა სწორედ აქ უმალავდა თავის პირმშოს მამას, რომელიც საკუთარ შვილებს ცოცხლად ყლაპავდა, რათა შემდგომ, მისთვის ძალაუფლება არ წაერთმიათ. ფუტკრებს პატარა ზევსისათვის თაფლი მიჰქონდათ, თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა, ნიმფები კი დარაჯობდნენ. სწორედ ამ კუნძულზე მიიყვანა თეთრ ხარად გადაქცეულმა ზევსმა. მოტაცებული ფინიკიელი ასული ევროპე, რომელმაც მას ვაჟი – მინოსი გაუჩინა. შემდგომ მინოსი კრეტის ძლევამოსილი მმართველი გახდა. მითის მიხედვით, მინოსმა ლეგენდარულ ხუროთმოძღვარს, დედალოსს უზარმაზარი ნაგებობა – ლაბირინთი ააგებინა, რომლის გეგმა ისე იყო დახლართული, რომ ადამიანს შიგ იოლად აებნეოდა გზა. ამ ლაბირინთის მიწისქვეშა სარდაფებში სახლობდა საშინელი არსება - მინოტავროსი, ხარკაცი ადამიანის ტანითა და ხარის თავით. ერთ-ერთი ვერსიით, მინოტავროსი მინოსის მეუღლეს, პასიფაეს, პოსეიდონის მიერ გამოგზავნილი ხარისაგან შეეძინა; მეორე ვერსიით, მინოსი ძალზე გააყოყოჩა ძალაუფლებამ და სასჯელად მას ზევსმა სხვა შთამომავლებთან ერთად საშინელი ხარკაცი მოუვლინა შვილად.
ერთხელ, კრეტის მმართველმა მინოსმა თავისი ვაჟი ანდროგეოსი შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად ათენში გაგზავნა. ანდროგეოსმა ძალ-ღონით დაჯაბნა ბერძნები და გაიმარჯვა. შურით აღვსილმა ათენის მეფემ, ეგევსმა მოკლა იგი. განრისხებულმა მინოსმა თავისი ფლოტი გაგზავნა ათენში, აიღო ის და საშინელი გადასახადი დააკისრა ქალაქს: ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ათენს მინოსისათვის ნარჩევი შვიდი ჭაბუკი და შვიდი ასული უნდა გაეგზავნა. ისინი მინოტავროსის მსხვერპლნი ხდებოდნენ. როდესაც ხარკის დრომ კიდევ ერთხელ მოაწია, ეგევსის შვილმა, თესევსმა გადაწყვიტა, კრეტაზე წასულიყო და ურჩხული მოეკლა. ლაბირინთში შესვლამდე მინოსის ქალიშვილმა არიადნემ, რომელსაც გულში ჩავარდნოდა გმირი თესევსი, მას მახვილი და ძაფის გორგალი მისცა, რის მეშვეობითაც, გამარჯვების შემთხვევაში, ლაბირინთიდან უკან გამოიკვლევდა გზას. თესევსი შეებრძოლა მინოტავროსს, დაამარცხა იგი და უვნებელი დაბრუნდა სამშობლოში. რაღა თქმა უნდა, ეს მითია, მაგრამ მითი, რომელიც ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავს. მართლაც, ანტიკური ავტორები მეფე მინოსის შესახებ მითში მოთხრობილ ამბებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ. ჰომეროსი „ილიადასა“ და „ოდისეაში“ რამდენჯერმე მოიხსენიებს კრეტას. ჰეროდოტე და თუკიდიდე მეფე მინოსს რეალურ პიროვნებად. მიიჩნევენ, მას პირველი საზღვაო ფლოტის შემქმნელად აღიარებენ და ამ ფლოტის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობის ფაქტს გვამცნობენ. პლატონი კი ათენზე მეფე მინოსის მიერ დაკისრებულ მძიმე ხარკზე მოგვითხრობს. წერილობით წყაროებსა და მითში მოთხრობილი ამბები საბოლოოდ არტურ ევანსის მიერ კრეტაზე, კნოსოსში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა. აქ მართლაც აღმოჩნდა სასახლე, რომელიც თავისი რთული, დახლართული გეგმარების გამო სწორედ მითში აღწერილ ლაბირინთთან იწვევს ასოციაციას. მეცნიერებმა კნოსოსის სასახლე ძვ.წ. XVI ს-ით დაათარიღეს. მსგავსი სასახლეები შემდგომ კრეტის სხვა დასახლებებშიც – ფესტოსსა და მალიაში – აღმოჩნდა. ყველა ამ დასახლებულ პუნქტში უფრო ადრინდელი, დაახლოებით ძვ.წ. XIX-XVIII სს-ის, ე.წ. „ძველი სასახლეების“ კვალიც გვხვდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა სასახლეების გეგმარების ძირითადი პრინციპები: მრავალრიცხოვან სათავსთა განლაგება სწორკუთხა დიდი ეზოს გარშემო, ნაგებობათა დამხრობა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, საკულტო რიტუალებისათვის განკუთვნილი, შედარებით მცირე ზომის ეზოს არსებობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ კნოსოსის ძველი სასახლის ნანგრევებში ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც სარკმლებით დაცხრილული ორსართულიანი სახლების ფასადებია წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ ადრინდელ სასახლეებს სწორედ ამგვარი სახე უნდა ჰქონოდა.
დაახლოებით ძვ.წ. 1700 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული ძველი სასახლის ნაშთებზე კნოსოსში აშენდა ლაბირინთის მაგვარი უზარმაზარი სასახლე. იგი ბორცვზეა განლაგებული და 16 000 კვ. მ-ზეა გადაჭიმული. მას პირობითად თუ ვუწოდებთ სასახლეს. ეს, ფაქტობრივად, ნაგებობათა კომპლექსია, რომელშიც უზარშაზარი მართკუთხა (60x28 მ.) ღია ეზოს გარშემო ორ ან სამ სართულად, განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების, ფორმისა და ზომის რამდენიმე. ასეული სათავსი ისინი ეზოს გარშემო თავისუფლად, ნებისმიერად და ასიმეტრიულადაა თავმოყრილი. რაიმე ლოგიკის ან სისტემის მოხელთება ამ სასახლის გეგმარებაში ძალზე რთულია. აქ ერთმანეთს მოულოდნელად. ცვლის საცხოვრებელი ოთახები და საპარადო დარბაზები, სამეფო აპარტამენტები და სამსხვერპლოები, სათავსები რელიგიური რიტუალებისათვის და დიდი ვერანდები, მოედანი თეატრალური წარმოდგენებისათვის, გრძელი თუ მოკლე დერეფნები, კიბეები და სასინათლო ჭები, მოულოდნელი მოსახვევები, საკუჭნაოები თუ სახელოსნოები და სხვ. სასახლის მთავარი შესასვლელები მოწყობილი იყო ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. მათკენ ფართო საპარადო კიბეებს მივყავდით. დასავლეთის მხარეს, ქვედა სართულებზე განლაგებული იყო საკუჭნაოები, სადაც უზარმაზარი თიხის ჭურჭელი - პითოსები იდგა ხორბლის, ღვინის, ზეთისა და ბოსტნეულის შესანახად. აქვე იყო სამეფო განძეულობის საცავი და იარაღის საწყობები. აღმოსავლეთის ნაწილში განლაგებული იყო ხელოსანთა საამქროები. სასახლის აღმოსავლეთ ფრთაში აღმოჩნდა სააბაზანო ოთახი, რომელშიც თიხის მოხატული აბაზანა იდგა. აქედან მცირე დერეფანს კი საპირფარეშოში მივყავდით, რომელიც. ისევე, როგორც სააბაზანო და მთელი სასახლე, წყლით მარაგდებოდა და საკანალიზაციო სისტემითაც იყო აღჭურვილი. სხვადასხვა დონეზე განლაგებული სათავსები ერთმანეთს კიბეებით უკავშირდებოდა.
კნოსოსის სასახლის მზიდ ელემენტს კედელი წარმოადგენდა. ძირითადად მას ეყრდნობოდა გადახურვა, მაგრამ კედელთან ერთად აქ ზოგან საყრდენად სვეტებიც გამოიყენებონ კარგად გათლილი, მობათქაშებული და წითლად შეღებილი, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ხის სვეტები, რომლებიც ქვის ან თაბაშირის შავად შეღებილ ბაზისს ეყრდნობოდა. მეტად უჩვეულო იყო სვეტის ფორმა: ქვემოთ ვიწრო და ზემოთ გაგანივრებული. საკმაოდ მოხდენილი პროპორციების მქონე, შავწითელი კონტრასტული სვეტები საზეიმო იერს ანიჭებდა სასახლის ინტერიერს.