ბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა – მტკვრის ხეობის მონაკვეთი სოფ. აწყურსა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და ტაშისკარს (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შორის. მოქცეულია აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებს შორის.
ხეობა „მთიანი დერეფნის“ სახელითაა ცნობილი. გადაჭიმულია 60 კმ მანძილზე. ხეობის ფსკერი ზღვის დონიდან 710-900 მ სიმაღლეზე მდებარეობს. რელიეფში კარგადაა გამოხატული ლავური ღვარები. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ბაკურიანის ლავური ღვარი, რომელიც აღწევს მდინარე მტკვრის ხეობამდე და ქ. ბორჯომამდე. ბორჯომის ხეობა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.
ბორჯომის ხეობა კურორტების სიმრავლით გამოირჩევა. აქ მდებარეობს ბალნეოკლიმატური და კლიმატური კურორტები: ახალდაბა, ბაკურიანი, ბორჯომი, მზეთამზე, ლიბანი, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ციხისჯვარი, წაღვერი.
მინერალური წყაროებიდან გამოირჩევა „ბორჯომი“, რომლის დღეღამური დებიტია 500 ათასი ლიტრი. წყლის ტემპერატურა ცვალებადობს + 380C-ის ფარგლებში. ბორჯომის ხეობაში, ქ. ბორჯომის მიდამოებში მერგელოვან ქანებში ნაპოვნია დიდი ზომის თევზის (ქაშაყის) ჩონჩხის ანაბეჭდი.
ბორჯომის ხეობა ოდითგანვე მაღალი ტყიანობით გამოირჩეოდა, თუმცა მის ფართობი დღეს შემცირებულია. ტყეების მნიშვნელოვანი განადგურება აქ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. მაგალითად, 1830 წელს ბორჯომის ხეობაში ააგეს შუშის ქარხანა, რომლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხე-ტყეს ადგილობრივი ტყის მასივებიდან იღებდნენ.
ადამიანს ბორჯომის ხეობაში უძველესი დროიდან უცხოვრია. II–IV სს-ში აქ თორის საერისთავო დაარსდა, XV ს. – ავალიშვილთა სათავადო, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის მიხედვით” ხეობა შედიოდა პეტრეს ლივაში, XVI ს ბოლოს – ოსმალეთმა მიიტაცა, XVIII ს ბოლოს – გაუკაცრიელდა, 1829 წლიდან – დაიწყო ხეობის ხელახლა დასახლება, 1871 წლიდან – მიხეილ რომანოვის საუფლისწულო მამულია. სახელწოდება „ბორჯომის ხეობა” პირველად გვხვდება 1819 წლის საბუთში. მანამდე იგი სადგერის ხეობის სახელით იყო ცნობილი.