ჩაიკოვსკი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე ჩაიკოვსკი – (25 აპრილი 1840, ახლანდელი ქ. ვოტკინსკი, უდმურტიის არ., – 25 ოქტომბერი 1893, პეტერბურგი), რუსი კომპოზიტორი.

დაიბადა სამთო ინჟინრის ოჯახში. 1859-63 მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში პეტერბურგში. 1865 დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ა. რუბინშტეინის ხელმძღვანელობით). 1866–78 პეტრე ჩაიკოვსკი მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორია (მის მოწაფეებს შორის იყო ს. ტანეევი). 1871-76 მუშაობდა მუსიკალურ რეცენზენტად მოსკოვის გაზეთებში. მოსკოვის მოღვაწეობის პერიოდს მიეკუთვნება ნაწარმოებები: 3 სიმფონია, (მათ შორის I – „ზამთრის ოცნებები“, 1866). სიმფონიური უვერტიურა – ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფორტეპიანო ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (1875), ვარიაციები „როკოკოს თემაზე“ ჩელოს და ორკესტრისათვის (1976), 3 სიმებიანი კვარტეტი (1871, 1874, 1876), ოპერები „ვოევოდა“ (1869), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1874), „მჭედელი ვაკულა“ (1887), ბალეტი „გედების ტბა“ (1877), მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესისათვის „თოვლია“ (1873). საფორტეპიანო პიესები (მათ შორის ციკლი „წელიწადის დრონი“ (1876), რომანსები და სხვ.

1877-85 პეტრე ჩაიკოვსკი ცხოვრობდა საზღვარგარეთ (შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი). აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876-77) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1879), დაწერა ოპერები „ორლეანელი ქალწული“ (1881) და „მაზეპა“ (1884); საზეიმო უვერტიურა (1812), „იტალიური კაპრიჩიო“ (ორივე 1880) და 3 სიუიტა ორკესტრისათვის (1879, 1880, 1883), კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1878), საფორტეპიანო ტრიო „დიდი ხელოვნის ხსოვნას“ (1882 ნ. რუბინშტეინის სიკვდილზე) და სხვ. უცხოეთში ურთიერთობდა გამოჩენილ მუსიკოსებთან − ჰ. ბიულოვთან, ე. გრიგთან, ა. დვორჟაკთან, ა. ნიკიშთან, კ. სენ-სანსთან.

1885-იდან პეტრე ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს (1892-იდან კლინში) და განაახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1893 ჩაიკოვსკის მიენიჭა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება. 1886-90 პ. ჩაიკოვსკი 5-ჯერ იყო საქართველოში („ტფილისი იყო პირველი ქალაქი, სადაც ჩაიკოვსკი მიიღეს საზეიმოდ და გულწრფელი ენთუზიაზმით“). საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტზე „მძინარე მზეთუნახავი.“ ქართული „იავნანას“ მელოდია გამოიყენა ბალეტში „მაკნატუნა“.

სიცოცხლის ბოლო წლებში ჩაიკოვსკიმ შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები: ოპერები „ჯადოქარი ქალი“ (1887), „პიკის ქალი“ (1890) და „იოლანტა“ (1892); პროგრამული სიმფონია „მანფრედი“, მე-5 (1888) და მე-6 („პათეტიკური“, 1893) სიმფონიები, ბალეტები „მძინარე მზეთუნახავი“ (1890) და „მაკნატუნა“ (1892).

ჩაიკოვსკი რუსული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, გენიალური ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში. მისი მუსიკა რუსული ეროვნული და მსოფლიოს კლასიკური მხატვრული ტრადიციების (უპირატესად რომანტიზმის) ორგანული სინთეზია და უნივერსალურია თავისი შინაარსით. მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრული მოვლენაა ჩაიკოვსკის მიერ შექმნილი რუსული ლირიკულ-დრამატული სიმფონიზმი, ასევე, მსოფლიო საოპერო დრამატურგიის შესანიშნავი ნიმუშებია მისი ლირიკულ-დრამატული ოპერები. ჩაიკოვსკის 3 ბალეტი ახალი ეტაპია ამ ჟანრის ისტორიაში. ფართო პოპულარობით სარგებლობს ჩაიკოვსკის საკრავიერი (I საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო კონცერტი, „ვარიაციები როკოკოს თემაზე“ ჩელოსათვის) და კამერული ნაწარმოებებიც. ჩაიკოვსკიმ დიდი გავლენა მოახდინა XIX-XX სს. მსოფლიო (განსაკუთრებით, რუსულ) მუსიკალურ კულტურაზე. ჩაიკოვსკის სახელობისაა მოსკოვისა და კიევის კონსერვატორიები, საკონცერტო დარბაზი მოსკოვში. ტარდება ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსები. თბილისში არის ჩაიკოვსკის სახელობის ქუჩა.

გ. ტორაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები