შავი ზღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ზღვა

შავი ზღვა − მდებარეობს ევროპასა და მცირე აზიას შორის, ჩ. გ. 40°55′ (კერასუნდი, თურქეთი), 46°36′(ბერეზენის ლიმანი, უკრაინა) და ა. გ. 27°27′ (ბურგასის ყურე, ბულგარეთი), 44°47′ (მდ. კინტრიშის შესართავს) შორის. მისი მაქსიმალური სიგრძე 1150 კმ-ია, სიგანე – 265-580 კმ; ფართობი 420,3 ათასი კმ , მაქსიმალური სიღრმე 2211 მ-ია, საშუალო სიღრმე - 1300 მ, წყლის მოცულობა 537 ათასი კმ3. სანაპირო ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 315 კმ1.

სარჩევი

კუნძულები

ზღვის სანაპირო ზოლი სუსტადაა დანაწევრებული. მასში უმნიშვნელოდ შეჭრილია ბურგასის, ვარნის (ბულგარეთი), დნესტრის, დნეპრ-ბუგის, კარკინიტის, კალამიტის (უკრაინა), ნოვოროსიისკის (რუსეთი), სინოპის და სამსუნის (თურქეთი) ყურეები. ნახევარკუნძულებიდან აღსანიშნავია: ყირიმი (უკრაინა), ქერჩი (რუსეთი), ინჯებურუნი და იასუნი (თურქეთი). შავი ზღვა კუნძულებს მოკლებულია, თუ არ ჩავთვლით ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროსთან რამდენიმე პატარა ქვიშიან კუნძულს (ზმეინის (0,17 კმ ), ბერეზანის და კეფკენის კუნძულებს.

შელფი

შავი ზღვის შელფი 110-160 მ სიღრმემდეა განვითარებული. მისი სიგანე ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს პირდაპირ 200 კმ აღემატება, დანარჩენ უბანზე 2-15 კმ საზღვრებში ცვალებადობს. კონტინენტური კალთა საშუალოდ 2 კმ სიღრმემდე ვრცელდება და მისი ზედაპირი ზოგან წყალქვეშა კანიონებით ინტენსიურად არის დანაწევრებული. შავი ზღვის ქვაბული სამხრეთისაკენ უმნიშვნელოდ დახრილი ბრტყელი ზედაპირით გამოირჩევა, რომელზეც დალექილია 10-16 კმ სისქის პელიტური ლამის წყება. შავ ზღვას საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვ. საქართველოს ტერიტორიიდან ზღვაში ჩაედინება 50 კმ-მდე წყალი.

ტემპერატურა

შავი ზღვის დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია შედარებით ცხელი და მშრალი ზაფხული, ნოტიო თბილი ზამთარი. ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიაზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 6°, ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ – 3°, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებთან 6-9°-ის ფარგლებში ცვალებადობს. ივლისის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22-24°, მაქსიმალური 35º-მდეა. წყლის ტემპერატურა ღია ზღვის ზედაპირზე ზაფხულში 24-29°-ია; ზამთარში ჩრდლო-აღმოსავლეთ სანაპიროებთან არსებული ყურეები და ლიმანები ზოგჯერ იყინება. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებთან 300-500 მმ-ია, სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ – 750-800 მმ, კავკასიის სანაპიროებთან – 1300-2500 მმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ზღვის ზედაპირზე| მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარები. ზამთრობით ხშირია ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ქარები.

მიქცევ-მოქცევა

შავი ზღვის დონის რყევა მოქცევის და მიქცევის გავლენით 10 სმ არ აღემატება; საშუალო და ძლიერი ღელვების დროს ტალღების სიმაღლე ნაპირებთან 3-5 მ, ექსტრემალური შტორმების დროს – 6-9 მ აღწევს. უკანასკნელ ათწლეულებში შავი ზღვის საშუალო მრავალწლიური დონე მაღლდება, რაც გლობალური დათბობით არის განპირობებული. ზღვის დონის აწევის წლიური ტემპი 1,5-2,0 მმ-ია.

ბიოქიმიური შემადგენლობა

ღია ზღვაში ზედაპირზე წყლის მარილიანობა საშუალოდ 17-18% ი-ია, ფსკერთან 22-22,5%-ი, დიდი მდინარეების შესართავთან 3-9%-ს არ აღემატება. შავი ზღვის მხოლოდ ზედა, 150-200 მ სისქის ფენა შეიცავს ჟანგბადს. სიღრმეში, როგორც ცნობილია, წყალი გოგირდწყალბადით არის მოწამლული, რომლის კონცენტრაცია ფსკერთან 11-14 მლ/ლ უდრის. ამიტომ არის, რომ 150-200 მ სიღრმიდან შავი ზღვა ანაერობულ წყალსატევს წარმოადგენს და მოკლებულია სიცოცხლეს. ზღვის ზედა, 150-200 მ ფენაში ბინადრობს წყალმცენარეების 350-მდე სახეობა. ზღვის ფაუნა 2000- მდე სახეობას ითვლის. აქედან 16 სახეობის თევზია, დელფინი 3 და სელაპი – ერთი სახეობის. დანარჩენი ფაუნა უმარტივესი ორგანიზმებით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით არის წარმოდგენილი. ცოცხალი ორგანიზმების სიმდიდრით და მრავალფეროვნებით შავი ზღვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ ხმელთაშუა ზღვას (შავ ზღვაში ცხოველთა სახეობების მხოლოდ 12 %-ია ენდემური). წყლის ვერტიკალური ცირკულაციის გავლენით ცალკეულ უბნებზე აღინიშნება გოგირდწყალბადის ამოსვლა ზედაპირზე, რაც საშიშროებას უქმნის ეკოსისტემას.

შავი ზღვის ქვაბულის გოგირდწყალბადის პრობლემის გადაწყვეტა (გამოდევნა, ამოქაჩვა, დაშლა და ა.შ.) კვლავაც ძალზე აქტუალურ მეცნიერულ ამოცანად რჩება. უკანასკნელ ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა შავი ზღვის ქვაბულის წიაღისეულის შესწავლას. ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამოვლინებები მიკვლეულია ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საძიებო სამუშაოების წინასწარი შედეგებით შავი ზღვის აღმოსავლეთის სანაპირო (საქართველოს სანაპირო აკვატორიის ჩათვლით) ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოების პერსპექტიულ რაიონად ითვლება. თურქეთის სანაპიროს კონტინენტურ მეჩეჩზე მიკვლეულია ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგი. მაგნეტიტის და ტიტანო-მაგნეტიტის შემცველი ქვიშებით მდიდარია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო (მდინარეებს ნატანებსა და სუფსას შესართავებს შორის).

სანაპირო ზონა

საქართველოს შავი ზღვის აკვატორია და მასთან მიმდებარე სანაპირო ზონა, რომლის სიგრძე 315 კმ-ს აღწევს, საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა. შელფი საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გასწრივ ვიწროა; ალაგ-ალაგ მისი სიგანე რამდენიმე ათეულ მეტრს არ აღემატება (წყალქვეშა კანიონების სათავეების წინ და ზღვაში შეჭრილი ზოგიერთი კონცხის პირდაპირ), ზოგან ასეულით მეტრობით განისაზღვრება, ზოგან კი რამდენიმე კილომეტრს აღწევს (გუდაუთის და ოჩამჩირის თავთხელები, კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილის სანაპირო აკვატორია).

საქართველოს ზღვის სანაპირო ზონის რელიეფის ხასიათი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით. როგორებიცაა: ზღვის ტალღური რეჟიმი, სანაპირო ზონაში შეტანილი ნაშალი მასალის მოცულობა, მისი გრანულომეტრია და გადანაწილება სანაპიროს გასწრივ, სანაპირო ზონის გეოლოგიური აგებულება (ქანების სიმდგრადე აბრაზიისადმი), უახლესი ტექტონიკური მოძრაობების ხასიათი და სხვ. ამ ფაქტორების მოქმედების ინტენსივობა, როგორც დროში, ისე სივრცეში, სანაპიროს სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარია და, შესაბამისად, მათი მორფოდინამიკური რეჟიმებიც განსხვავებულია. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში გვხვდება აბრაზიული (გაგრის, მიუსერის, ციხისძირი-მწვანე კონცხის, სარფის), აკუმულაციური (კოლხეთის ვაკე-დაბლობის, ქობულეთის, კახაბრის ვაკეების სანაპირო უბნები) და აბრაზიულ-აკუმულაციური (გუდაუთის, ახალი ათონის, კინდღის და სხვ.) ტიპის ნაპირები; ასევე აღსანიშნავია ზღვაში შეჭრილი ფსოუს, სერა-ბაბას, სოუკსუს, ბიჭვინთის, სოხუმის, ისკურიის, ბურუნ-ტაბიეს კონცხების და მათ მიმდებარე – ბავის, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, ბომბორის და ბათუმის ყურეების არსებობა.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის ბუნებრივი პირობების ერთ-ერთი თავისებურება მისი წყალქვეშა ფერდის ზედაპირის ერთობ მცირე სიღრმეა. ზღვისპირა ზოლში 20 მ-მდე სიღრმის ნიშნულები, სანაპირო ხაზიდან, საშუალოდ, 450-500-დან 1300-1400 მ არის დაშორებული. ნაპირთან ახლოს დიდი სიღრმეები წყალქვეშა კანიონების სათავეთა რაიონებში აღინიშნება.

ჰაერის მასების ცირკულაცია
Savi zRva 1.png

შავ ზღვაზე გაბატონებული ჰაერის მასების ცირკულაცია და მდინარეთა ჩამონადენი განაპირობებს წყლის დინებების ციკლონურ ბრუნვას (საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით). დინების სიჩქარე საშუალოდ 1 კმ/სთ-მდეა და მხოლოდ ძლიერი ქარების დროს აღწევს 5-6 კმ/სთ-ს. საქართველოს საზღვაო აკვატორიაზე წყალქვეშა ფერდის რელიეფის თავისებურებების და მდინარეთა ჩამონადენის ერთობლივი მოქმედებით პერიოდულად ადგილი აქვს დინებების საპირისპირო მოძრაობასაც. კერძოდ, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით დინებები აღინიშნება მდ. სუფსის შესართავიდან ქ. ბათუმისაკენ და ოჩამჩირესა და სოხუმს შორის.

ისევე, როგორც მთელს შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვაო აკვატორიაზე გაბატონებულია დასავლეთური რუმბის ქარები და ტალღები. ზამთრობით დასავლეთურ ქარებთან ერთად აღინიშნება ჩრდილო-დასავლეთური ქარების მოქმედებაც. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაზე ჭარბობს 1-3 ბალის სიძლიერის ღელვები. ძლიერი ზვირთცემა დამახასიათებელია კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილის სანაპირო ზონისათვის (განმეორებადობა დაახლოებით 20%). ტალღების მაქსიმალური სიმაღლე საშუალოდ მერყეობს 3,5-6,5 მ-ის საზღვრებში, ქ. ფოთთან იგი 8 მ, ხოლო ბათუმთან – 9 მ აღწევს.

შავი ზღვის სანაპირო საქართველოს დასავლეთ სახელმწიფო საზღვარს გასდევს. ზღვის ნაპირის ზონის ფორმირება-განვითარება ძირითადად მიმდინარეობს მდინარეების მყარი ჩამონადენის საზღვაო-სანაპიროს ნატანის შესატყვისი ფრაქციების ხარჯზე. მათ ნაპირგასწვრივ გადაადგილებას განაპირობებს გაბატონებული დასავლეთური რუმბების ღელვები.

სანაპიროს ზონა, როგორც წყალზედა (პლაჟის) ზოლი, ისე წყალქვეშა სანაპირო ფერდი დინამიკურ წონასწორობაშია მანამდე, ვიდრე ტალღის დეფორმაციისა და დაშლის შედეგად წარმოშობილი ენერგია მხოლოდ საზღვაო-სანაპირო ნატანის გადაადგილებაზე იხარჯება. ნაპირის ზონის ნატანის ბიუჯეტის დეფიციტისას ნარჩენი ტალღური ენერგია ხმარდება წყალქვეშა სანაპირო ფერდის ჩაღრმავებას და ნაპირის წარეცხვა-დეგრადაციას. საწინააღმდეგო შემთხვევაში ადგილი აქვს „ზედმეტი“ ნატანის აკუმულაციას და ხმელეთის ზრდას ზღვის ხარჯზე. სწორედ ასეთი წარმოშობისაა მდინარეების ბზიფის, გუმისთის, კოდორის და ენგურის შესართავების სამხრეთით (ე.ი. ნატანის მოძრაობის მიმართულებით) მიმდებარე კონცხები: ბიჭვინთა, სოხუმი, კოდორი და ანაკლია. მდ. ჭოროხის შესართავის და ბათუმის (ბურუნ-ტაბიეს) კონცხის სანაპირო მდებარეობა განპირობებულია ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

ეკოლოგია და ბუნების დაცვა
Savi zRVa 2.png

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი პროფილის საზღვაო პლაჟი არის არა მხოლოდ ზღვისპირა კურორტებისა და ქალაქისათვის აუცილებელი ელემენტის, არამედ ზღვისა და ხმელეთის ურთიერთმოქმედების თვითრეგულირების ბუნებრივი საშუალებაც. მის მდგრადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აკუმულაციური ტიპის ნაპირებისათვის, რომლებიც მკვეთრად რეაგირებენ ყოველ მოუფიქრებელ, არასწორ ტექნოგენურ ზემოქმედებაზე. [ამიტომაც, წარსულში ნალექდაგროვების პროცესების შედეგად ზღვის ხარჯზე ინტენსიურად მზარდი საქართველოს ზღვისპირეთის მდგომარეობა უკანასკნელი 100-120 წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. ეს ძირითადად დაკავშირებულია ანთროპოგენურ ფაქტორთან, კერძოდ, ნატანის ნაპირგასწვრივი მოძრაობის დამრღვევ საპორტო მოლებთან, ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა კალაპოტების დარეგულირებასთან, „ნაპირსამაგრი“ კონსტრუქციების მშენებლობასთან, რიგი დასახლებების, კურორტების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელების და ა.შ. არასწორ განთავსებასთან, მშენებლობისათვის ზღვის ნაპირის ზონიდან და მდინარეების კალაპოტებიდან ათეულ მილიონობით მ3 ხრეშისა და ქვიშის მოპოვებასთან და სხვ.

საქართველოს საზღვაო აკავტორიაში, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ზღვის წყლის ინტენსიური დაბინძურება მოხდა. საგანგაშო მდგომარეობაა ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებთან მიმდებარე ზღვისპირა ზოლში, სადც წყალში ფენოლისა და ნავთობპროდუქტების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. ნავთობპროდუქტებით დაბინძურებულია მთელი აჭარის სანაპირო, აგრეთვე, სანაპიროს ზონა მდ. რიონის შესარათვიდან ქ. ოჩამჩირემდე. მთელ საზღვაო აკვატორიაში საგრძნობალადაა მომატებული მავნე ორგანული ელემენტებისა და აზოტის ნაერთების კონცენტრაცია. წყლის ძლიერი ტოქსიკური დაბინძურებისა და ნაწილობრივ მისი ქიმიური შედგენილობის შეცვლის შედეგად ადგილი აქვს ზღვის ბიოლოგიური რესურსების გაღარიბებას. XX ს. 80-იან წლებში შავი ზღვიდან ყოველწლიურად მოიპოვებდნენ 4 მლნ ცენტნერამდე თევზს. აქედან, საქართველოს წილად მოდიოდა 0,2 მლნ ცენტნერი. ამჟამად, მთელ შავ ზღვაზე თევზის რეწვის წლიური მაჩვენებელი 0,1 მლნ ცენტნერს არ აღემატება, რაც ძირითადად, არასასურველი ეკოლოგიური ცვლილებების გავლენით, თევზის ბიომასის გაღარიბების შედეგია. ამას დაერთო შავ ზღვაში მედუზის მსგავსი მცირე ზომის მტაცებელი ცხოველის – სავარცხელა მნემიოპსისის კატასტროფული მომრავლება, რომელიც აქ უცხოეთიდან ტვირთმზიდავ გემებს შემოჰყვა. ეს მტაცებელი ანადგურებს საკვებს და სპობს თევზის ლიფსიტებს. იგივე შეიძლება ითქვას იაპონიიდან შემთხვევით შემოყვანილ მოლუსკ რაპანაზე, რომელმაც მუსრი გაავლო მოლუსკურ ფაუნას, კერძოდ, ხამანწკას.

სანაპირო ზონის ეკოლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება, კერძოდ, სხვადასხვა ტოქსიკური ელემენტებით ზღვის წყლის დაბინძურება, საქართველოს ზღვისპირეთის რეკრეაციული რესურსების გამოყენების ხელშემშლელი ფაქტორია. მით უმეტეს, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო საკურორტო მეურნეობის და ტურიზმის განვითარების უაღრესად ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სანაპირო ზონის ჰავა, როგორც დასვენების ხელსაყრელი პირობა და, მასთან ერთად, როგორც სამკურნალო ფაქტორი. საქართველოს საზღვაო სანაპიროს რიგი უბნების მნიშვნელობა განისაზღვრება მათი პლაჟური ზოლის ამგებელი ქვიშების – მაგნეტიტის და ტიტან-მაგნეტიტის ჭარბი შემცველობის ფაქტითდა სხვა ხელსაყრელი პირობებით. სითბოს კომფორტულობა საქართველოს საზღვაო სანაპიროზე აღინიშნება აპრილის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე და სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

შავ ზღვას გაჯანსაღების, გადარჩენის და მისი რესურსების რაციონალური ექსპლუატაციის აუცილებელი პირობებია ეფექტური გამწმენდი მოწყობილობების ქსელის, ერთიანი გეოსაინფორმაციო სისტემის, მონიტორინგის ეროვნული პროგრამის დაფუძნება.


წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები