ანტიკოლონიური ნაციონალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიკოლონიური ნაციონალიზმი − განვითარებადმა სამყარომ ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმა გადახარშა და ყოველ მათგანს კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა მატებდა ძალას. ბედის ირონიაც ისაა, რომ ნაციონალიზმის ამ ფორმამ ის ლოზუნგები და პრინციპები აიტაცა, რაც თავდაპირველად სწორედ ევროპაში, „სახელმწიფოთა მშენებლობის“ დროს გახმიანდა თავად მაშინდელი რეჟიმების შესაცვლელად. სხვაგვარად თუ ვიტყვით, კოლონიალიზმმა წარმატებით გადააქცია ნაციონალიზმი გლობალური მნიშვნელობის მსოფლმხედველობად. მისი მეშვეობით გაძლიერდა ეროვნულობის განცდა აზიასა და აფრიკაში, და „ეროვნული“ დამოუკიდებლობის სურვილიც. მართლაც, XX საუკ. განმავლობაში, სწორედ ანტიკოლონიალიზმმა შეცვალა მსოფლიოს დიდი ნაწილის პოლიტიკური გეოგრაფია. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში წამოწყებულმა გამათავისუფლებელმა მოძრაობებმა II მსოფლიო ომის შემდეგ ახალი მუხტი შეიძინეს და ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, პორტუგალიის ვრცელმა იმპერიებმა თანდათანობით დათმეს პოზიციები მზარდი ნაციონალიზმის წინაშე.

მაგალითად, ინდოეთის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დროს ჩანდა გარდაუვალი, რაც 1947 წ. ოფიციალურად გაფორმდა კიდეც. ჩინეთმა გაერთიანება და დამოუკიდებლობის მოპოვება 1949 წ. კომუნისტური რევოლუციის შემდგომ მოახერხა — იაპონელ ოკუპანტებთან 8-წლიანი ომის შედეგად. იმავე წელს, ჰოლანდიასთან სამწლიანი ომის დასრულებისთანავე, ინდონეზიელებმაც საკუთარი ქვეყანა რესპუბლიკად გამოაცხადეს. შეიარაღებულმა გამოსვლებმა 1954 წ. საფრანგეთი აიძულა, ვიეტნამიდან წასულიყო, თუმცა, საბოლოო განთავისუფლება და ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამის გაერთიანება მხოლოდ 1975 წ. მოხდა — ამერიკის შეერთებულ შტატებთან 14-წლიანი ომის შემდეგ. აზიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაშიც მისცა ბიძგი მსგავს მოვლენებს: განელი ნკრუმა, ნიგერიელი აზიკივე, ტანგანიკელი ჯულიუს ნიერერე, და მალაველი ჰასტინგს ბანდა — სათავეში ჩაუდგნენ გამათავისუფლებელ მოძრაობებს თავთავიანთ ქვეყნებში. დეკოლონიზაციის ბუმი აფრიკაში XX საუკ. 50-იანი წწ.ბოლოზე მოდის: ნიგერიამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას 1960 წ. მიაღწია, 62-ში, საფრანგეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის შემდეგ — დამოუკიდებელი გახდა ალჟირიც. კენია — 1963წ., ხოლო ტანზანიამ და მალავი — 1964-ში. აფრიკის ბოლო კოლონია, ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა, 1990 წ. დამოუკიდებელ ნამიბიად იქცა.

ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ აფრიკისა და აზიის ეს ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოები დიდად განსხვავდებოდა XIX საუკ. ევროპული ეროვნული სახელმწიფოებისაგან. აფრიკისა და აზიისათვის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის სურვილი სოციალური განვითარების, ევროპისა და ამერიკის ინდუსტრიული სახელმწიფოების გავლენისაგან განთავისუფლების სურვილთან იყო დაკავშირებული. ეროვნული გათავისუფლების მიზანი, ამდენად, არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ელფერსაც ატარებდა. ამით აიხსნება ანტი-კოლონიალისტური მოძრაობების არა ლიბერალიზმისაკენ, არამედ. სოციალიზმისაკენ, კერძოდ — მარქსიზმ-ლენინიზმისაკენ მიდრეკილებაც, რადგან ამ მოძღვრების აღიარება ნაციონალისტური ამბიციების ყველაზე იოლი გამოხატულება გახლდათ. არადა, ერთი შეხედვით, ნაციონალიზმი და სოციალიზმი თითქოს შეუთავსებელი პოლიტიკური მოძღვრებებია: სოციალისტები, ტრადიციულად, ინტერნაციონალიზმს ქადაგებდნენ, რამდენადაც კაცობრიობას ერთ მთლიანობად განიხილავდნენ და მისი ერებად დაყოფა მხოლოდ ეჭვისა და მტრობის წყაროდ მიაჩნდათ.

განვითარებად სამყაროში სოციალიზმის პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ თანაცხოვრების სოციალისტური იდეები ღრმადაა ფესვგადგმული ტრადიციულ, პრე-ინდუსტრიულ საზოგადოებებში. ამ კუთხით, ნაციონალიზმი და სოციალიზმი იმდენადაა ურთიერთ-დაკავშირებული, რამდენადაც ორივე სოციალურ სოლიდარობასა და კოლექტიურ ქმედებას ანიჭებს უპირატესობას. ასეთნაირად გაგებული ნაციონალიზმი შეიძლება უბრალოდ სოციალიზმის „სუსტ“ ფორმადაც კი მივიჩნიოთ: ერთი სოციალურ პრინციპებს ერის დონეზე ნერგავს, მეორე კი ცდილობს, ამ პრინციპების გავლენა მთელ კაცობრიობაზე გაავრცელოს. ზოგადად სოციალიზმს, განსაკუთრებით კი მარქსიზმს, უთანასწორობისა და ექსპლუატაციის მიზეზებით კოლონიალური ჩაგვრის წინააღმდეგ ამბოხის ახსნა ახასიათებს: როგორც ექსპლუატირებული პროლეტარიატი ხედავს ხსნის გზას კაპიტალიზმის რევოლუციურ დამხობაში, ასევე მესამე სამყაროს ნაციონალიზმსაც შეიარაღებული ბრძოლა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების საშუალებად მიაჩნია და ამგვარად ურევს ერთმანეთში პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური რევოლუციის მიზნებს. ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამსა და კამბოჯაში ანტიკოლონიალისტური მოძრაობები აშკარად მარქსიზმ-ლენინიზმის ნიშნით ხორციელდებოდა, ხოლო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ამ ქვეყნებში სრული ნაციონალიზაცია მოხდა და საბჭოური ტიპის გეგმიური ეკონომიკა ამოქმედდა. აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ნაციონალისტური ყაიდის სოციალიზმის ნაკლებ იდეოლოგიური ფორმა დაინერგა — ვთქვათ, ალჟირში, ლიბიაში, ზამბიაში, ერაყსა სამხრეთ იემენში. ასეთ ქვეყნებში აღიარებულმა „სოციალიზმმა“ ერთიანი ეროვნული ინტერესების გამომხატველი, ქარიზმატული ლიდერის მიდევნა ამჯობინა.

თუმცა, განვითარებადი სამყაროს ნაციონალიზმის ენა დიდად განსხვავდებოდა დასავლურად გაგებული სოციალიზმისა თუ მარქსიზმისაგან. განსაკუთრებით XX საუკ. 70-იანი წწ. მარქსიზმ-ლენინიზმს ბევრგან რელიგიური ფუნდამენტალიზმი და კერძოდ, მისი ისლამური ნაირსახეობა ჩაენაცვლა. ამან განვითარებად სამყაროს აშკარად არადასავლური, რეალურად კი — ანტიდასავლური იერი შესძინა. თეორიულად მაინც, ისლამი ცდილობს ზე-ეროვნული პოლიტიკური მეობა შეადუღაბოს, ერთად, მოუყაროს ყველას თავი, ვინც კი „ისლამის გზასა“ და წინასწარმეტყველ მუჰამედის სწავლებას აღიარებს — ანუ, ერთიანი ისლამური ერი შექმნას. ოღონდ ეგაა, 1979 წლის ირანის რევოლუციამ, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში აიათოლა ჰომეინი მოვიდა, ნათლად წარმოაჩინა ისლამური ფუნდამენტალიზმის, როგორც ეროვნული და სულიერი აღორძინების რწმენის, პოტენციალი. ისლამური რესპუბლიკის შექმნა მიზნად ისახავდა ტრადიციული ღირებულებებისა და შარიათში, ანუ „ღვთაებრივ ისლამურ კანონში“ ჩადებული პრინციპებისაკენ დაბრუნების გზით, ირანის გათავისუფლებას დასავლური მატერიალიზმის „გამხრწნელი გავლენისაგან“ — იგივე „დიდი ეშმაკისაგან“ (იგულისხმება აშშ). თუმცა, ისლამურ ნაციონალიზმს არანაირი გამაერთიანებელი ხასიათი არ გააჩნია: მაგალითად, სუდანსა და პაკისტანში ისლამიზაცია ელიტების მმართველობის გასაძლიერებლად გამოიყენეს მხოლოდ. მიუხედავად ამისა, რევოლუციური ისლამური მოძრაობები დაიწყო ეგვიპტესა და ალჟირშიც, სადაც სულ უფრო ხშირად გაისმის „ზნეობრივი განახლებისა“ და „პოლიტიკური განწმენდის“ ლოზუნგები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები