ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო)
ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ [ლადო], სარდიონის ძე (11 თებერვალი, 1857 – 29 ნოემბერი, 1920. სხვა ცნობით 23 ნოემბერი) – ტრაგიკოსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. წარმოშობით კახეთის სოფ. ხოდაშენიდან იყო. დაიბადა ქ. თბილისში. მამა მწიგნობარი, მთარგმნელი, „ცისკრის“ თანამშრომელი, ქართველთაგან პირველი რუსეთში განათლებული ექიმი – სარდიონ ალექსი-მესხიშვილი იყო, დედა – ჩოლოყაშვილის ასული, ძველებურად აღზრდილი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლა დაიწყო თბილისში, „კანონიჩის პანსიონში“ ფრანგულ ენაზე. 3-4 წლის შემდეგ პასტორ ლეზენდორფის ოჯახში გერმანულ ენის შესასწავლად გადაიყვანეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ბიძამ კიევის კადეტთა კორპუსში მიაბარა, მაგრამ ლადომ მალე თავი გაანება, რადგან სამხედრო სკოლა არ მოსწონდა. ბიძისაგან განდევნილი, ცნობილმა პროფესორმა, დობროდეევმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც ლადომ კლასიკური გიმნაზიის მოწმობა აიღო და უნივერსიტეტში – საექიმო ფაკულტეტზე შევიდა; 3 წლის შემდეგ, ძარღვების სნეულების გამო, ექიმთა რჩევით სამშობლოში დაბრუნდა; თბილისში მასწავლებლობდა კობიაშვილის პანსიონში, შემდეგ – თელავის წმ. ნინოს სახ. სასწავლებელში (ასწავლიდა ანატომიას, ფიზიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებას).
1880-იან წლებში სცენაზე გამოვიდა: 1881 წელს, თბილისში სწორედ იმ დროს დაბრუნდა, როცა აქ რუსული დასი იყო ჩამოსული. თეატრისადმი მისწრაფება ალექსი-მესხიშვილს ბავშვობიდანვე ჰქონდა – მოსკოვში ხშირად გამოდიოდა კლუბების სცენებზე – უფრო მომღერალი, დეკლამატორი იყო. ხან ოპერეტებშიც მონაწილეობდა. 1881 წელს, თბილისში რუსული დასის საგასტროლო წარმოდგენაში (ჩერნიშევსკის პიესა «Испорченная жизнь») მთავარი როლი შესთავაზეს. ეს წარმოდგენა გაიმართა ძველ სახაზინო თეატრში (მდ. მტკვრის პირას, სატიოზე), რომელსაც დ. ერისთავი, ი. ჭავჭავაძე და მ. ბებუთოვი დაესწრნენ. მათ ისე მოეწონათ ალექსი-მესხიშვილის თამაში, რომ დ. ერისთავმა წამოიძახა: „აი, ჩემი ლევან ხიმშიაშვილი“... „Вот, наконец я нашел своего Левана Химшиашвили“-ო. ანტრაქტის დროს, კულისებში შევიდნენ და ილია ჭავჭავაძის შთაგონებით, ლადო დაითანხმეს, ქართულ სცენაზე გამოსულიყო. რადგან ლადოს ქართულად კითხვა უძნელდებოდა, როლი რუსული ასოებით გადაუწერეს. პირველად ქართულ სცენაზე ლადო „შეშლილში“, ვოლკენსის როლში გამოვიდა, მეორედ – „დაქცეულ ოჯახში“ (ვ. აბაშიძის ანტრეპრენიორობის დროს); 1882 წლის იანვრის 22-ს, დ. ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლის შესრულების შემდეგ, ყველამ აღნიშნა მისი უცილობელი სასცენო ნიჭი, სასცენო ხელოვნების ზედმიწევნით ცოდნა, დაკვირვება, გრძნობიერი თამაში, ელექტრონული ხმა, მისი მონაწილეობით ქართულ სცენაზე დრამების დადგმის შესაძლებლობა და სხვ. პირველხანად ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა (1882-1888). ამ ხანაში შექმნა ეროვნული ტრიბუნა. ამ დროიდან ქართულ სცენაზე საძირკველი კლასიკურ რეპერტუარს ჩაეყარა – დაიდგა „ჰამლეტი“ (1883), „მეფე ლირი“, „ყაჩაღები“ და სხვ. (ივერია, 1886, № 25).
შემდეგ რუსეთში წავიდა. სამშობლოში 1893 წელს დაბრუნდა. სამი წელი თბილისის სცენაზე მოღვაწეობდა, ხანდახან ქუთაისს ეწვეოდა. ქუთაისის თეატრი რომ დაიწვა და მისი გამგე, კ. მესხი (1859-1914), თბილისში გადმოვიდა, ქუთაისის სცენას გასაჭირი დაუდგა – ადგილობრივი ახალგაზრდობა მხოლოდ უბრალო წარმოდგენებს მართავდა, თეატრმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ცოტად თუ ბევრად, რიგიან პიესებს თბილისიდან ჩამოსული მსახიობები თუ დგამდნენ. სწორედ ამ დროს ესტუმრებოდა ხოლმე ლადო ალექსი-მესხიშვილი ქუთაისს.
1890-იან წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილმა ხმა დაკარგა, თუმცა სიკვდილამდე სცენას არ ჩამოშორებია. მსოფლიოში მეორე ტრაგიკოსად იყო ცნობილი [პირველ ტრაგიკოსად – ინგლისელი მსახიობი ედმუნდ კინი (1787–1833) ითვლებოდა].
1896 წელს ხანგრძლივი დროით გადავიდა ქუთაისს. ქუთაისის ქართული თეატრის პირველი სეზონი მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა. შექმნა სრულიად ახალი დასი, ბევრი ახალგაზრდა გამოიყვანა სცენაზე ნუცა ჩხეიძე, ნინო დავითაშვილი, ალ. იმედაშვილი, ნიკო გვარაძე, მარო მდივანი, ნატო ჯავახიშვილი და სხვ.], რამდენიმე რეჟისორიც კ. მარჯანიშვილი, მიხ. ქორელი, ალ. წუწუნავა, ვალ. შალიკაშვილი და სხვ.] აღზარდა; ევროპის კლასიკური პიესები ქართულად წარმოადგინა და რეპერტუარი გაამდიდრა [„ურიელ აკოსტა“, „კაი გრაკხი“, „ჰამლეტი“, „ოტელო“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ყაჩაღები“, „ტარტიუმი“ და სხვ.]. ამავე ხანაში, განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, დაიწყო ისეთი პიესების წარმოდგენა (მაგ.: „კაიუს გრაკხის“), რომლებიც ხალხის გათვიცნობიერებასა და გარევოლუციონერებას ხელს უწყობდა. 1905 წლის რევოლუციის დროს, მეფის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად ქუჩაში სათეატრო დეკორაციებით ბარიკადები აღმართა. ლადოს ასეთი რეპერტუარით და მოქმედებით რევოლუციურად განწყობილი ხალხი და ახალგაზრდობა აღტაცებული იყო, ხოლო თავადაზნაურობა – უკმაყოფილო, რომელთაგან ერთმა (დავით იაშვილმა) თავად-აზნაურთა ყრილობაზე განაცხადა: „ჩვენი ფულით განკურნებული ისეთ წარმოდგენებს მართავს, რომ აზნაურებს სამარეს უთხრისო“. ლადომ მიუგო (თუმცა, არ ალაპარაკებდნენ): „მე აზნაურობას არ ვეკუთვნი, მე ვეკუთვნი მთელ ერს, ფულს როდი ვემსახურები, არამედ სცენას, ჩემს რწმენას და ვერავითარი სასყიდლით ვერავინ მომისყიდის და ვერ მათქმევინებს იმას, რაც ჩემს რწმენას ეწინააღმდეგებაო“ („მოგზაური“, 1905, № 15, გვ. 237).
ლადოს თეატრი ხალხის აღმზრდელ დაწესებულებად მიაჩნდა და ყოველი შემთხვევით ამ მიზანს ემსახურებოდა. წარმოდგენის დაწყებამდე, შუქის ჩაქრობის შემდეგ, ფარდის აწევას აგვიანებდა, რომ რევოლუციონერებს დარბაზში პროკლამაციები მიმოებნიათ. 1905 წლის აგვისტოს 27-ს ქუთაისის თეატრის სცენიდან მთავრობის წინააღმდეგ ხალხის აჯანყება მოითხოვა, სიტყვის დამთავრებისას ხუთჯერ წამოიძახა: „ბრძოლა ერისა!“
როგორც დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი, იყო მტკიცე, შეურყეველი, ვერავითარი დაბრკოლება წარმოდგენას ვერ გადაადებინებდა. მაგ., ერთხელ, ქუთაისში, „ყაჩაღების“ წარმოდგენის დღეს კარლოსის როლის შემსრულებელმა დილით შემოუთვალა – დღეს ვერ ვითამაშებო. ლადომ პიესა მაინც არ გადადო, კარლოსის როლი ფრანცის როლთან ერთად, ერთ პიესაში, თვითონ შეასრულა.
ლადო ალექსი-მესხიშვილი ქუთაისის თეატრში 1906 წლამდე მუშაობდა. რეაქციის დაწყებისას (1906) ლადო რუსეთში გაემგზავრა, სადაც დრამატული დასების გარდა, კინოშიც მონაწილეობდა და ეკრანის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად მიიჩნევდნენ. გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „მამა და შვილები“, „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ანუ კაცი რესტორნიდან“, „ლეკოკის სიბერე“, „მარგალიტის გვირგვინი“, „ცეკვა ვულკანზე“ და სხვ. ეს წლები (1896-1906) მისი მოღვაწეობის მეორე ხანაა.
1910 წელს, სამშობლოში დაიწყო მისი მოღვაწეობის მესამე ხანა, როცა თავი ისახელა, როგორც ჩინებულმა ლექტორმა: 1912 წელს, ქართულ დრამატულ კურსებზე მიმიკის შესახებ ლექციებს კითხულობდა; 1914 წლის ივნისში მონაწილეობდა „სრულიად საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაში“, სადაც „ბენეფისისა და იუბილეს“ შესახებ მოხსენებით გამოვიდა. (ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1914, № 17, გვ. 14).
თუმცა ხმა დაკარგული ჰქონდა (პიესა „ყაჩაღებში“ ფრანც მოორის როლის შესრულებისას უხერხულად „ჩამოხრჩობის“ მიზეზით), სიკვდილამდე მაინც ჯადოქარ მსახიობად დარჩა. საოცარი მომხიბლაობით ასრულებდა ტრაგიკულ-დრამატულ როლებს [ედგარი („მეფე ლირი“), ფრანცი და კარლოსი („ყაჩაღები“), ტომას ლეერი („დამნაშავეა?“), ურიელი („ურიელ აკოსტა“), კორადო, რეი ბლაზი, ედმონდ კინი, კაი გრაკხი („კაი გრაკხი“), პეტრონიუსი („ვიდრე ხვალ!“), არლეკინი და ოსვალდი („მოჩვენებანი“), პარლეიგი („შეშლილია“, სულეიმანი („ღალატი“), ვილჰელმ ამიტი, ფრანსი და სხვ.]. საუცხოო იყო კომიკურ როლებშიც [ბობჩინსკი, რასპლიუევი, მალჩალინი („ვაი ჭკუისაგან“), კოტე ფანტიაშვილი („ხანუმა“), ლატუშევიჩი, ჩინოვნიკი („ოინბაზი“), ზაქარია („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მასისიანცი („ხათაბალა“) და სხვ.]. აგრეთვე, სცენებს იშვიათი ხელოვნებით კითხულობდა.
დაწერა პიესა „გაზაფხულის ეშხით“; თარგმნა იგნატიევის „კულტურული მკვლელობა“, „შავი ბერი“ (დაიდგა 1910 წ.); ვ. შალიკაშვილთან ერთად – ჰაუპტმანის „ფეიქრები“, გირბოს „ჟან და მადლენა“. მისი დავალებით, ვ. შალიკაშვილმა და შალვა დადიანმა კოლოშოვის „მოსაქმენი“ თარგმნეს.
ლადომ ქართველ საზოგადოებას პირველმა გააცნო მსოფლიო უკვდავ ავტორთა ნაწარმოებები და ქართველი ხალხი ხელოვნების მსოფლიო იდეალებს აზიარა, გამოაფხიზლა და მისი ახალი ცხოვრების საძირკველის ჩაყრას ხელი შეუწყო. ვ. გუნიას დახასიათებით: ალექსი-მესხიშვილი ბუნებით დიდი ნიჭიერი მსახიობი იყო. ჰქონდა „რბილი მელოდიური და გულის საძირკვლამდე გამტანი ხმა, სახე-თვალები და ტანის აგებულება ძლიერ მოხერხებული“, ცნობილი იყო, როგორც „კარგად განვითარებული“.
ა. ფაღავას სიტყვით: „მაყურებელზე მოქმედებდა არამხოლოდ სიტყვით, არამედ გამომეტყველებითა და შინაგანის განცდით, რევოლუციონურ ზეშთაგონებით“. ასევე შთაგონებულ გავლენას მოახდენდა ხოლმე თანამოთამაშეზე პიესის მსვლელობის დროს – შემკრთალს გაამხნევებდა, სუსტს – გააძლიერებდა. ამ მთავრობის ძალადობაც განიცადა: სცენიდან „8 საათი შრომისთვის“ წაკითხვის გამო პოლიციამ დააპატიმრა.
მადლიერმა სამშობლომ 30 წლიანი მოღვაწეობისათვის 1913 წელს საზეიმო დღესასწაული (იუბილე) გაუმართა (თბილისში – 10 თებერვალს, ქუთაისში – 10 მარტს, ბაქოში – 12 მარტს). 10 თებერვალს გამართული იუბილე კინოფირზე გადაიღეს.
ქართული თეატრის დაწვის (1914) შემდეგ ისევ რუსეთში წავიდა, საიდანაც მხოლოდ რევოლუციის (1917) შემდეგ დაბრუნდა. ამ დროს რეჟისორად მოიწვიეს, მაგრამ მუშაობა აღარ დასცალდა, 1920 წელს გარდაიცვალა.
ხშირად უჭირდა, ერთხანს ქართული სცენიდან განდევნეს, ხმაც დაეკარგა, მაინც სცენის ერთგული დარჩა. რუსულ სცენაზედაც დიდი წარმატებით გამოდიოდა. ცნობილი იყო, როგორც ჭეშმარიტი მოქალაქე – მოღვაწე, იშვიათი ამხანაგი და შესანიშნავი მასწავლებელი.
ჰყავდა ცოლ-შვილი. მისი პირველი ვაჟი – შალვა – პოლიტიკური მოღვაწე და ვექილი იყო, ასულები – ბარბარე და ნინო – ცნობილი მსახიობები.
გარდაიცვალა თბილისში, 1920 წლის ნოემბრის 23-ს, ნაშუაღამევს. დაიკრძალა დიდუბის პანთეონში.
ხელოვნების, კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში თავგამოდებული სამსახურისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წლის 23 თებერვალს მისი ძეგლის საძირკველი ჩაჰყარა (ელბაქიძის ბაღში, ყოფ. ვერის დაღმართზე), რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა და ქუთაისის სახელმწიფო თეატრს მისი სახელი უწოდა.
გამოქვეყნებულია
- ქუთაისის დრამატიული დასი // ცხოვრება და ხელოვნება. – 1910. – №2. – გვ. 11-12;
- ქ-ნო რედაქტორო... // კვალი. – 1903. – №7. – გვ. 122;
- წერილი რედაქციის მიმართ (პასუხათ ბ. Pაროლე-ს) // კვალი. – 1902. – №44. – გვ. 715.
მის შესახებ
- თუმანიშვილი, გიორგი (გ. თ.). თეატრი // ივერია. – 1881. – №11. – გვ. 141-149;
- კავთელი, ი. [ი. კ-ლი] [ჯაჯანაშვილი] // თეატრი. – 1885. – № 15-19; 1886. – № 1-3, 7;
- ქართული თეატრი // თეატრი. – 1885. – №6. – გვ. 59; №15. – გვ. 148-149; №16. – გვ. 153-155; 1886. – №8. – გვ. 73-74; 1889. – №3. – გვ. 4-11; №5. – გვ. 6-9; №8. – გვ. 1-3; №12. – გვ. 8-9;
- ვალიკო ი-ა [ვ. გუნია] // თეატრი. – 1886. – № 38, 39, 43;
- თოიძე, ალექსანდრე (სანდრუა ბიჭი). ქართულ თეატრს და მსახიობთ // თეატრი. – 1886. – №3. – გვ. 27-28;
- ივერია. – 1886. – № 251; 1887. – № 33, 34, 36, 229, 239;
- კვირას, 8 თებერვალს ქართ. დრამატ. დასისაგან წარმოდგენილი იქნება „თამარ ცბიერი“...11 თებერვალს... // თეატრი. – 1887. – №5. – გვ. 32;
- უცნობი. ცხოვრება და თეატრი // თეატრი. – 1889. – № 3;
- კვალი. – 1893. – № 49; 1895. – № 44, 49; 1897. – № 8; 1899. – № 48, 50; 1900. – № 6, 7, 25 (კარდინალი რიშელიე), 48, 51; 1901. – № 3, 4, 42, 50; 1902. – № 42, 43, 44, 46;
- მაზაკვალი [წერეთელი, გ.] // კვალი. – 1893. – № 50. – (ფრანც მოორი); 1895. – № 4. – გვ. 8-9 (ვისი ბრალია); № 5. – (რევიზორი);
- საქართველოს კალენდარი. – 1896. – უკანასკნელი განყ. – გვ. 87, 121; 1897. – გვ. 22; 1904. – გვ. 507; 1904. – გვ. 513; 1905. – გვ. 457;
- ხომლელი [ფანცხავა, რ.] // კვალი. – 1896. – № 50 (ურიელ აკოსტა);
- ახალი ჩვენი სახიობა: „უპატრონონი არ იბადებიან“, დრამა 3 მოქმ. როვეტტისა, თარგმ. გალუსტოვისა // კვალი. – 1897. – №8. – გვ. 178;
- ჴაროლე, იგივე შტუბიესუე [ვ. შავდია] // კვალი. – 1899. – № 47, 48; 1902. – № 23, 44, 46;
- J. M. Les artistes du Théâtre Georgien // Le Caucase illustré. – 1899-1900. – № 12;
- ბენეფისი გ. ვ. გედევანოვის, ბ. ვლ. ალექსიმესხიშვილის და ქ. ნ. ჩხეიძის მონაწილეობით... // კვალი. – 1900. – №50. – გვ. 804.; 1901. – №4. – გვ. 68;
- ბაქრაძე, ოლიმპიადა. საყვარელიძე, ვ. ბ-ნო რედაქტორო! // კვალი. – 1903. – №13. – გვ. 209;
- ქარცივაძე, დ. ბ-ნო რედაქტორო!.. // კვალი. – 1903. – №13. – გვ. 209;
- მოგზაური. – 1905. – № 15. – გვ. 236-237; №37. – გვ. 588;
- საქველ-მოქმედო წარმოდგენა... // ნობათი. – 1906. – №5. – გვ. 80;
- ქართული წარმოდგენა დღისით: შემოსავლიანი ადგილი. კომედია 5 მოქ. ოსტროვსკისა, თარ. ა. ცაგარელისა. ვლ. ალექსი-მესხიშვილის საბენეფისოდ // ივერია. – 1906. – №2. – გვ. 16;
- ქართული წარმოდგენა სახაზინო თეატრში... // ივერია. – 1906. – №8. – გვ. 16;
- [ჯავახიშვილი, მიხეილ] (ა-ლი). პატარა ფიქრები // ივერია. – 1906. – №21. – გვ. 5-7;
- ქართული საღამო მოსკოვში // ისარი. – 1907. – 8 ნოემბერი. – №246. – გვ. 4;
- ვლ. ალექსი-მესხიშვილი: (მისი გასტროლების გამო). [ფოტოსურათი] // ნიშადური. – 1908. – N44. – გვ. 1;
- ახალციხელი, გიორგი (გ. ა-ციხელი). პეტარდები (კვირიდან-კვირამდე): [იუმორი] // ძალა. – 1909. – №6. – გვ. 5-6;
- ვლ. ალექსი-მესხიშვილი გაზაფხულის სეზონში მიიწვიეს... // ფასკუნჯი. – 1909. – №15. – გვ. 16;
- ვლ. ალექსი-მესხიშვილი: [პორტრეტი] // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – №2. – გვ. 1;
- თეატრი // ერი. – 1910. – № 4. – გვ. 12-13;
- მარიამ მიხეილის ასული საფაროვ-აბაშიძისა: ვლ. ალექსი-მესხიშვილი // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – №2. – გვ. 15-16;
- ქართულ თეატრში... // ხელოვნება. – 1910. – №1. – გვ. 15;
- ახალციხელი, გ. მომავალი საყურადღებო იუბილეს გამო // სახალხო გაზეთი. – 1912. – № 758, 782;
- ამ ცოტა ხანში ქუთაისს ეწვევა ვლ. ალექსიმესხიშვილი... // ჩვენი თეატრი. – 1912-1913. – დეკემბერი. – №2. – გვ. 4;
- ვლ. ალექსი-მესხიშვილის 30 წლის იუბილეი: [მსახიობი] // კლდე. – 1912. – №8. – გვ. 2-4; №11. – გვ. 10;
- გაბაშვილი, ეკ. ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის იუბილეის გამო. // ჯეჯილი. – 1913. – №2. – გვ. 100-101;
- ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი // წყარო. – 1913. – №7. – გვ. 1; №10. – გვ. 14;
- ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი: [გახსენება] // ნაკადული მცირეწლოვანთათვის. – 1913. – №7. – გვ. 20-22;
- ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი: (მისი სასცენო ასპარეზზე 32 წლის მოღვაწეობის გამო) // განათლება. – 1913. – №2. – გვ. 154;
- კასრაძე, დ. ვლად. ალექსი-მესხიშვილი // ნაკადული მოზრდილთათვის. – 1913. – №3. – გვ. 39-49;
- კასრაძე, დავით. ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსიმესხიშვილი 1881–1911: ბიოგრაფია და განხილვა მისი სასცენო მოღვაწეობისა / შედგენილი დ. კასრაძის მიერ. – თბ.: სორაპანი, 1913. – 136 გვ.;
- ფალკე, კონრად. კეისარ იმპერატორი: ტრაგედია 3 მოქმედებად და 7 სურათად // განათლება. – 1913. – №1. – გვ. 44-58;
- თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 1. – გვ. 15; № 4. – გვ. 4; № 16. – გვ. 8-9; № 17; № 27. – გვ. 15; № 35. – გვ. 10-12; № 36. – გვ. 13-14; 1915. – № 13, 15, 18; 1920. – № 24; 1923. – № 1; 1924. – № 1, 4;
- ქართული თეატრი დღეს...: [განცხადება] // კლდე. – 1914. – №4. – გვ. 1;
- ილიკო. ქართული თეატრი // განთიადი. – 1915. – №1. – გვ. 63-64;
- ექიმი შტოემანი – „უმადურნი“ (ლადოს მიერ რუსული დასის შედგენა) // თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 14. – გვ. 2. [ამ წერილმა დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია. ავტორობა მიაწერეს ვ. გუნიას, რედაქციამ გამოაცხადა, რომ ავტორი იგი არ იყო (თეატრი და ცხოვრება, 1916, № 16);
- გულკეთილი. ლადო ალექსი-მესხიშვილი: 1857- 1920: (ნეკროლოგი) // ერობა. – 1921. – № 1-2. – გვ. 122-124;
- ი. გრიშაშვილის, ივ. გომართელის, ლ. შიუკაშვილის, დ. კასრაძის წერილები // ხომლი. – 1923. – № 5;
- ალექსი-მესხიშვილი, ვარია. ლადო ალექსიმესხიშვილი. – ტფ.: შრომა, 1929. – 71 გვ.;
- დროშა. – 1930. – № 21/45;
- ვლ. ალექსი-მესხიშვილის ხსოვნისთვის // კომუნისტი. – 1930. – 10 ნოემბერი. – №262. – გვ. 4; № 275, 276;
- რევოლუციის მატიანე. – 1930. – № 1/23. – გვ. 167-168;
- Заря Востока. – 1930. – № 316;
- ფაღავა, აკ. ლადო მესხიშვილი 1857–1920: [მონოგრაფია]. – ტფ.: ფედერაცია, 1938. – 288, [2] გვ.;
- ზურაბიშვილი, ილია. ოთხი პორტრეტი: (მაკო, ვასო, ლადო, ნატო). – თბ.: ხელოვნება, 1948. – გვ.: 10, 13, 14, 18, 40, 81, 88, 104-147;
- ბურთიკაშვილი, ალ. სცენის ოსტატები: (პორტრეტები). – თბ.: ხელოვნება, 1951. – 272 გვ.
გამოყენებული ლიტერატურა
- აბაშიძე, ჰ. როდემდის ვიყვნეთ ასე?! // ბათუმის გაზეთი. – 1913. – № 27;
- დილის გაზეთი. – 1913. – 12 თებერვალი. – № 820;
- მხეიძე, სოფო. მოგონება ვლ. მესხიშვილის ცხოვრებიდან // კოლხეთი. – 1913. – № 7;
- გოგია, ილ. წერეთელი, ა. // განათლება. – 1920. – № 6-7;
- ჩიხლაძე, ს. [კ. კ.]. ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსიმესხიშვილი // კომუნისტი (ახალგაზრდა კომუნისტი). – 1920. – 28 ნოემბერი. – № 106. – გვ. 1;
- ი. ვ. ლადო მესხიშვილის საღამოს გამო // კომუნისტი. – 1923. – 1 ნოემბერი. – № 252. – გვ. 4;
- ლელი [მეტრეველი, ლევან]. საღამო ლადო მესხიშვილის მოსაგონებლად // კომუნისტი. – 1923. – 3 ნოემბერი. – № 254. – გვ. 4;
- მანსვეტაშვილი, ი. მონონებანი. ნახული და გაგონილი / ლევან ასათიანის რედაქციით, წინასიტყვ. და შენიშვნებით. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – გვ.: 224, 272;
- ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ.: 119-122, 291, 301;
- კლდიაშვილი, დავით. მოთხრობები, პიესები, მემუარები. – ტ. 2 / პ/მგ. რედ.: ს. კლდიაშვილი. – ტფ.: ფედერაცია, 1935. – გვ.: 126, 127, 353;
- გარიკი, ვ. ლადო მესხიშვილი და მისი რომანტიკული თეატრი // საბჭოთა ხელოვნება. – 1936. – № 5. – გვ. 68;
- მანსვეტაშვილი, იაკობ. მოგონებანი. ნახული და გაგონილი. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – გვ.: 224, 272;
- ცაგარელი, ა. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – [ტფ.]: ფედერაცია, 1936. – გვ. 423;
- გვარაძე, ნიკო. ლადო მესხიშვილი // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 10 დეკემბერი. – № 34;
- ნაგეელი // ოტომბრელი. – 1940. – № 8. – გვ. 13;
- ჯანელიძე, დ. ლადო მესხიშვილი // კომუნისტი. – 1940. – 24 ნოემბერი. – № 273;
- კაშმაძე, შალვა. ვანო სარაჯიშვილი: მონოგრაფია. – თბ.: სახელგამი, 1947. – გვ.: 159, 160, 221;
- გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – 276 გვ.;
- ბუხნიკაშვილი, გ. გაბრიელ სუნდუკიანი: რევოლუციამდელი სომხური და ქართული ტეატრების ურთიერთობის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – 88 გვ.