თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ – 1938 თბილისის ნიჭიერ, პერსპექტიულ ბავშვებისათვის ჩატარებული კონკურსის საფუძველზე თბილისის კონსერვატორიაში დაარსდა მუსიკალური სკოლა-ათწლედი „ნიჭიერთა ათწლედი“. 1950 სკოლას მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელი და ეწოდა „ცენტრალური მუსიკალური სკოლა-ინტერნატი“. სკოლასთან ფუნქციონირებდა ზოგადსაგანმანათლებლო სექტორი. თავდაპირველად სკოლაში იყო ორი წამყვანი განყოფილება - საფორტეპიანო და საორკესტრო. საფორტეპიანო განყოფილების პირველი პედაგოგები იყვნენ: ა. ვირსალაძე, ა. თულაშვილი, ი. აისბერგი, ლ. ტრუსკოვსკი. საორკესტრო განყოფილების პირველი პედაგოგები: ვ. ვილშაუ, მ. ლედნიკი, ვ. კაპელნიცკი, ლ. იაშვილი, ლ. შიუკაშვილი, გ. ბარნაბიშვილი და სხვ. 1948-63 სკოლაში არსებობდა საგუნდო-სადირიჟორო კლასი. მისი დამაარსებელი და წლების მანძილზე ხელმძღვანელი იყო გ. ხახანაშვილი. დღიდან დაარსებისა სკოლაში დიდი ყურადღება ექცეოდა მუსიკის თეორიულ საგნების სწავლებას. პირველ წლებში წამყვანი პედაგოგები: დ. არაყიშვილი, ა. ანდრიაშვილი, შ. ასლანიშვილი, ლ. დონაძე, პ. ხუჭუა, რომელთაც შეემატნენ: ნ. გუდიაშვილი, ბ. გულისაშვილი, ქ. ლორთქიფანიძე, ნ. ოცხელი და სხვ. სკოლის საკომპოზიციო კლასის: ა. ბალანჩივაძე, ს. ბარხუნდარიანი, ი. ტუსკია, ა. შავერზაშვილი. სკოლის დირექტორები: ა. ფაღავა (1938-39), გ. თაქთაქიშვილი (1939-48), გ. სვანიძე (1949-66), გ. ხატიაშვილი (1966-2005), ნ. მამრაძე (2005-2011), თ. შენგელია (2011-2013), ნ. ჟვანია (2013-დან). „ნიჭიერთა ათწლედი“ თბილისის კონსერვატორიის კადრების უმნიშვნელოვანესი მასაზრდოებელი წყაროა. აქ აღიზარდა მრავალი ცნობილი მუსიკოსი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, მათ შორის: თ. ამირეჯიბი, ე. ბოლქვაძე, ხ. ბუნიათიშვილი, რ. გვასალია, ე. ვირსალაძე, მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ლ. ისაკაძე, ა. კორსანტია, თ. ლიჩელი, ა. ნიჟარაძე, დ. ბაშკიროვი, ლ. ვლასენკო, რ. კერერი, ჯ. კახიძე, ს. ცინცაძე, დ. თორაძე, ს. ნასიძე, ლ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ნ. გაბუნია, თ. გაბარაშვილი, მ. ამირანაშვილი, ლ. ჭყონია, ზ. ანჯაფარიძე, ნ. ჟვანია, თ. ბათიაშვილი, ო. ჩუბინიშვილი, კ. ვარდელი, ლ. ბათიაშვილი, და სხვ.