ოპერეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერეტა – (იტალ. operetta, ფრანგ. operette – სიტყვასიტყვით – მცირე ოპერა), მუსიკალურ-სცენური წარმოდგენა, რომლის საფუძველია კომედიური სიუჟეტი. ოპერეტაში ერთმანეთს ენაცვლება მუსიკალურ ვოკალური და მუსიკალურ ქორეოგრაფიული ნომრები, სალაპარაკო სცენები.

ოპერეტაის სამშობლო საფრანგეთია (პარიზი), ხოლო მისი ფუძემდებლები – ფრანგი კომპოზიტორები ფ. ერვე და ჟ. ოფენბახი, რომელმაც ოპერეტის ჟანრს მსოფლიო აღიარება მოუპოვა („ორფევსი ჯოჯოხეთში“, 1858; „პერიკოლა“, 1868 და სხვ). 80-იან წლებში ოპერეტა ჩამოყალიბდა ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში. მის განვითარებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ვალსმა. ი. შტრაუსის ოპერეტები „ღამურა“ (1874), „ღამე ვენეციაში“ (1883), „ბოშათა ბარონი“ (1885) ავსტრიელებისათვის ეროვნულ კლასიკად იქცა. ე. წ. „ნეოვენური“ ოპერეტის წარმომადგენლებმა ფ. ლეჰარმა და ი. კალმანმა ოპერეტა ლირიკულ-დრამატულ ოპერას დაუახლოვეს. მათი ოპერეტები – „მხიარული ქვრივი“, „გრაფი ლუქსემბურგი“ (ლეჰარი), „სილვა“, „ცირკის პრინცესა“, „მონმარტრის ია“ (კალმანი) და სხვ. მსოფლიო საოპერეტო თეატრის რეპერტუარში შევიდა. XIX ს. დასასრულს ოპერეტა იდგმება აშშ-ის მუსიკალური თეატრების სცენაზე. რ. ფრიმლისა და ჰ. სტოტჰარტის „როზ მარიმ“ (1924) ამერიკულ ოპერეტას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამერიკული ოპერეტის შერწყმით ინგლისურ ბალადურ ოოპერეტასთან დაიბადა ახალი ჟანრი-ბროდვეის მუსიკალური კომედია-მიუზიკლი (ავტორები: ჯ. გერშვინი, ჯ. კერნი, რ. როჯერსი, კ. პორტერი, ფ. ლოუ, ლ. ბერნსტაინი და სხვ.).

XX ს. 20-30-იან წლებში ჩამოყალიბდა რუსული (საბჭოთა.) ოპერეტა (მუსიკალური კომედია). ი. დუნაევსკი რუსული ოპერეტის კლასიკოსი გახდა. მისი საუკეთესო ოპერეტებია „ოქროს ველი“ (1937), „ლაღი ქარი“ (1947), „თეთრი აკაცია“ (1955). მნიშვნელოვანია აგრეთვე ნ. სტრელნიკოვის ღვაწლი. ოპერეტები დაწერეს დ. შოსტაკოვიჩმა, დ. კაბალევსკიმ, ა. ნოვიკოვმა, ბ. ალექსანდროვმა, ტ. ხრენიკოვმა, ვ. სოლოვიოვ-სედოიმ, ვ. მურადელმა და სხვ.

პირველი ქართული ოპერეტა (მუსიკალური კომედია) შექმნა ვ. კურტიდიმ („ხაჯარათი“, 1939). ოპერეტის ჟანრში სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ქართველი კომპოზიტორები: შ. მილორავა, გ. ცაბაძე, ა. კერესელიძე, რ. გაბიჩვაძე, დ. თორაძე, რ. ლაღიძე, შ. აზმაიფარაშვილი, ა. შავერზაშვილი, ლ. იაშვილი, ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, შ. ჯოჯუა; მსახიობები: ვ. სალარიძე, ნ. მოსეშვილი, ვ. იანვარაშვილი, ა. ტურიაშვილი, ე. ჩოხელი, ო. ბახტაძე, თ. ხელაშვილი. თ. მერკვილაძე, ე. გურაშვილი, ი. ვასაძე,ნ. პიპინაშვილი,ბ. ბეგალიშვილი, ლ. ჩიბალაშვილი, ა. ამირანაშვილი და სხვ.

მ. ფიჩხაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები