ორი გზის წიგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორი გზის წიგნი – ძველი ეგვიპტის ტექსტების კრებული, რომელიც უნდა დახმარებოდა გარდაცვლილს იმქვეყნიურ სამყაროში გზის „გაკვლევაში“. მისი პირველი ნიმუშები ნაპოვნია ჰერაკლეოპოლისური პერიოდის (XI-XII დინასტიები) სარკოფაგებზე ელ ბერშესთან, ჰერმოპოლისის ნომში.

წიგნის ტექსტი ჩვეულებრივ ხის სარკოფაგების ძირზე, შიდა მხარეს თავსდებოდა. სხვადასხვა სარკოფაგში განსხვავებულია წიგნის მოცულობა და „ილუსტრაციების“ (ე.წ. „ვინიეტების“) რაოდენობა, რომლებსაც უკეთეს ვარიანტში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. მაგრამ „ორიგზის წიგნის“ ყველა ვერსიას აერთიანებს საიქიო სამყაროს ერთნაირი წარმოდგენა: დიდი ცეცხლოვანი ნაკადის ორივე მხარეს გარდაცვლილს დახვდება ორი გზა, ერთი წყლისაკენ, მეორე ხმელეთისაკენ მიმავალი. ისინი სავსეა საშიშროებით, ცეცხლოვანი ჭიშკრები და შემაძრწუნებელი დარაჯები იცავენ საიქიოს გზებს და გზას უღობავენ გარდაცვლილს, მაგრამ მას განსაკუთრებული გამონათქვამები დაიცავს. ამ გამონათქვამებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თოტსაც, რაც სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სარკოფაგები „ორი გზის წიგნით“ ჰერმოპოლისთან არის ნაპოვნი.

„ორი გზის წიგნს“ ასევე თან ახლავს ზეცის უძველესი რუკები, რომლებიც უნდა დახმარებოდა გარდაცვლილის სულს, გზა გაეკვლია საიქიოში (ამ დროს, პირამიდების ტექსტების მსგავსად, ეს ადგილი ზეცაში წარმოიდგინებოდა). რუკებზე აღნიშნულია თოტის დარბაზების, რას მარშრუტის, როსეტაუს და სხვ. ადგილები ზეცაში. განსხვავებით ძველი სამეფოს პირამიდების ტექსტებისაგან, რომლებიც ფარაონებისათვის იყო შექმნილი, „ორი გზის წიგნის“ დანიშნულებას იმქვეყნიურ სამყაროში რიგითი ეგვიპტელების დახმარება წარმოადგენდა.

თავდაპირველად „ორი გზის წიგნი“ ოსირისის მიმდევრებისათვის იყო შექმნილი, მაგრამ თანდათან მნიშვნელოვან ადგილს წიგნში რა იკავებს. წიგნის შინაარსიდან გამოდიოდა, რომ ყველა გარდაცვლილს, რომელმაც შესაბამისი გამონათქვამები იცოდა (რომლებიც რას რელიგიასთან იყო დაკავშირებული), შეეძლო, ფარაონის მსგავსად, რას ღვთაებრივ ბარკაში მოხვედრილიყო, ან დუატში ოსირისთან ერთად (იმ კოსმოლოგიური რუკის თანახმად, რომელიც „ორი გზის წიგნს“ ახლდა თან, დუატი ზეცაში, მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა). წიგნი ასევე შეიცავს გამონათქვამებს, რომლებიც უნდა დახმარებოდა რიგით ეგვიპტელს, გარდაცვალების შემდეგ გარდაქმნილიყო ვარსკვლავად, და თოტის (როგორც მთვარის ღმერთის) სიახლოვეს ყოფილიყო.

„ორი გზის წიგნის“ მრავალი გამონათქვამი გამოყენებულია გარდაცვლილთა ლიტერატურის ბევრ ნაწარმოებში მკვდართა წიგნში, ჭიშკრის წიგნში, ამდუატის წიგნში და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია რას სიტყვები, რომლებიც ასრულებს „ორი გზის წიგნს“ და რომლებმაც შემდგომში მკვდართა წიგნის 1130-ე გამონათქვამი შეადგინა: „მე აღვასრულე ოთხი კარგი რამ ჰორიზონტის შუაგულში: მე შევქმენი ოთხი ქარი, რომ ყველას შეძლებოდა სუნთქვა თავის სიცოცხლეში. მე ავადიდე ნილოსი, რომ პატარა კაცს ჰქონოდა ისეთივე შეძლება, როგორიც დიდს; მე შევქმენი ადამიანები ისე, რომ ყველა თანასწორი ყოფილიყო; მე არ მიბრძანებია მათთვის, ჩაედინათ ბოროტება; მათი გულები აღმოჩნდა დახშული ჩემი ნათქვამის მიმართ“. იგივე ტექსტის თანახმად, ღმერთები რამ თავისი ოფლიდან, ადამიანები კი თავისი ცრემლებიდან შექმნა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები