ჩვეულებრივი ოჩოფეხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ოჩოფეხა

ჩვეულებრივი ოჩოფეხა (ლათ. Himantopus himantopus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი ოჩოფეხა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, გალო – 120-135 მმ, ნისკარტი – 60-70 მმ, წონა – 120-150 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის შესამჩნევი განსხვავებაა. ზაფხულში მამალს ზურგი, თხემის უკანა ნაწილი, კეფა, ბეჭებს შორის არე, მომქნევები, მხრისა და ფრთის ზემო და ქვემო მფარავები შავი აქვს, მომწვანო, ზოგან მოლურჯო მეტალური ელვარებით. სხეულის დანარჩენი ბუმბულსაფარველი თეთრია. დედალს შავი შეფერილობის ადგილები უფრო მურა აქვს და არ ახასიათებს მეტალური ელვარება. წვრილი და გრძელი ნისკარტი შავია; მაღალი, სამთითიანი ფეხები – წითელი ან ვარდისფერი.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური ოჩოფეხა – H. h. himantopus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს ყველა კონტინენტს: აფრიკასა და ავსტრალიას მთლიანად ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკას, ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილებს. ამიერკავკასიაში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი (სომხეთში). იგი ბუდობდა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი მდინარისა და ტბის სანაპირო ჭაობებში. ახლა მოიპოვება უმთავრესად მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ველის ზონის თხელწყლიან, უპირატესად მტკნარი ან მცირე მარილიანი წყალსატევების ღია, მარჩხობიან სანაპიროებზე, ჭაობებში, დაბალმოზარდი და მეჩხერი ლელით ან ხშირი ბალახნარებით.

გამრაავლება

კოლონიებად მობუდარი მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს უშუალოდ წყლის მახლობლად ან ჭაობში მშრალ ადგილას, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახით. მაისის შუა რიცხვებში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

ოჩოფეხას საკვებს შეადგენენ, პირველ რიგში, წყლის ბაღლინჯოები, შემდეგ სხვა მწერებიც, აგრეთვე გვერდულები და ლოკოკინები; ჭამს თევზებისა და ბაყაყის ქვირითს, თავკომბალებსა და პატარა ლიფსიტებსაც.

მნიშვნელობა

ადამიანისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები