ვაჟა-ფშაველა: ჩემი წუთისოფელი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
დამხმარე მასალა:
გია არგანაშვილი: ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა |
წუთისოფელი - აქ: ცხოვრება | ||||
ვუძღვნი ჩემის მშობლების, დედა - გულქანის და მღვდ. პავლე რაზიკაშვილების ხსოვნას. |
||||
I ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე
საჭიროდ ვრაცხ გამოუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ,
ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად
და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე
დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს
ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და
მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს. მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ-დიაკვნად იყო სოფ.
მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა-კი შინ იმყოფებოდა, მუდამ
მიამბობდა მოთხრობებს ძველი სამღთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს
წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც
დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან
ძველი აღთქმისა ზოგ-ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა:
დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა
თავდადება და სხვ... და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად
მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა-ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა
დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ-მეთქი.
მაინც ამ “თმიანობამ” თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ
ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი. რვა წლამდე
ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე. ვეფხის-ტყაოსანი, მზე-ჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი,
(ჩუბინაშვილის ქრისტომატია), გრიბული ჟორჟ-ზანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ
წიგნებად; ერთხელ წაკითხვას როდი ვჯერდებოდი, რამდენჯერმე უნდა ერთი და იგივე
გადამეკითხა. საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყვანდი და სწორედ ის ხანა დაედვა
საძირკვლად, ლიბოდ, ჩემს შემოქმედობას. ერთხანად ბერად შედგომაზედაც კი ვოცნებობდი,
მაგრამ შინაურებმა მასხარად ამიგდეს და ამ ოცნებაზე ხელი ამაღებინეს ჩემდა
უნებურადა. დედა-ჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამეჭდია გულში მის მიერ ნანახი
იაკობისებური ცხად-მოჩვენება, რომელსაც შემდეგ, როცა მოვიზარდენით და მეცნიერებას
ცოტაოდნად ვუსუნეთ, აღარც-კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა
დასარწმუნებლად: “ჯერ ისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი”, - ამბობდა დედაჩემი, (ვეცდები
იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) - “მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს
(სოფელია) გარეთ დერიფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა
ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შაშინებული წამოვჯე ლოგინში, გავხედე და მთელი
ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე
სხლოვნის გორითა, გადამბულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდენ და ჩამოდიოდენ და ისეთ
მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს
კაცის ყურიო”. |
||||
ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულ-ლათინური ფრაზა, - ქართულს ვინ გვაღირსებდა, - რუსული „ბილინების” ცოდნა, რასაც გულმოდგინედ ვსწავლობდი და რუსულის მასწავლებელიც, თუ არა ვსცდები, სვიმ. რცხილაძე, კარგად გვასწავლიდა. სამაგიეროდ, კრივი კარგი ვიცოდი, ვინაიდან მუდამ შაბათ-კვირაობით, უქმეებში კრივი იმართებოდა და ყველასთვის ფართო ასპარეზი იყო გადაშლილი და, თუ ინსპექტორი ტარიელოვი არ წამოგვაწყდებოდა მე და ჩემ ამხანაგებს, ნეტავი ჩვენ, და თუ ის აგვიჩნდებოდა ქარიშხალად, ცუდად იყო ჩვენი საქმე, დაგვანიავებდა. | ბილინები (რუს.) – თქმულებები | |||
კრივში ჩემს საუკეთესო ამხანაგად ითვლებოდა ჩვენებური მღვდლის შვილი, შაქრო მაღალაშვილი... სახლის პატრონთანაც ერთად ვიდეგით და კრივშიაც ერთად ვმოღვაწეობდით. ჩვენი სახლის პატრონი, კირილე კოლოტაძე, მედავითნე, ძველებური კაცი, რომელმაც ჩემს გვარს არ დამაჯერა, რაზა გადააკეთა, ხოლო მაღალაშვილის გვარიდან კოჭაკი გამოიყვანა, როცა კრივიდან დაბეგვილ-დაქანცულს მომიხდებოდა შინ დაბრუნება, მომმართავდა თავის დანჯღრეული რუსულით: “ტი, რაზიკოვ ზდეს, ა კოჭაკოვ (მაღალოვი) ღდე?” უნდა მოგახსენოთ, რომ მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა >რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც-კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი” -თ. |
მედავითნე - ეკლესიის მსახური, „დავითნის“
მკითხველი („დავითნი“ – დავით
წინასწარმეტყველის საგალობელთა წიგნი)
|
|||
მასწავლებლები, სკოლის უფროსები კრივს გვიშლიდენ და იმას როდი ფიქრობდენ, თუ ჩვენ
ვიყავით დასასჯელნი მიტომ, რომ ვკრიობდით კვირაში ერთხელ, ისინი უფრო მეტის
სასჯელის ღირსნი იყვნენ, რადგან მუდამ დღე კრიობდენ, ჩვენ გვეკრიებოდენ ხან მუშტით,
ხან როზგით. მე პირადად ამ მხრივ ბედნიერი ვიყავ, რადგან როზგსა და მუშტებს
ვრჩებოდი. მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელს-ღა იყო.
შემდეგ აკრძალეს. რა გასაკვირველი იყო, მასწავლებლების ჯავრი სხვაზე ამოგვეყარა? ან იმათ ნაჩვენები მაგალითი ჩვენც გაგვემეორებინა? ისინი კლასში იქნევდენ მუშტებს თვის მოწაფეთა შორის, რომლებიც განსაკაცებლად მიაბარეს და არა გასამხეცებლად, რომ ჩვენც იმათ მაგალითისთვის მიგვებაძა და უცხოებისთვის თავ-პირი გვემტვრია!.. |
||||
ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელი ჩვენის არსებით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღრწევიყავით ტანჯვა-წვალებას ბრჯღალებიდან. დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს, და მით უმეტეს უბედურები არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ ჰგრძნობენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: “სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვეროში გატკბილდებაო”. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: “უჩენიე - მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე”. (სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუ თუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?.. | დავღრწევიყავით (დიალექტ.) – თავი დაგვეხსნა, დაგვეღწია; ბრჯღალები (დიალექტ.) – ბრჭყალები (დავღრწევიყავით ტანჯვაწვალებას ბრჯღალებიდან – თავი დაგვეღწია ამ ტანჯვისთვის) | |||
სიყრმის დროს ერთი ზნე მჭირდა, - თუ ვისმე რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა, უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი: აქებდენ კარგ მოკრივეებს - მეც ვკრიობდი, რომ კარგი მოკრივის სახელი მომეხვეჭა. აქებდენ კარგ მოჭიდავეს - მეც ვჭიდაობდი, რათა ფალავნის სახელი გამეთქვა. | ||||
ამ ორ საქმეში არ იყო, რომ მიზანს არ მივაღწიე. მაგრამ სახელის მოხვეჭაზე სიარულმა საცინელ მდგომარეობაში, სწორედ ნერონის მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი. იყო ვინმე მთავარი თელავში, რომელიც სობოროში ემსახურებოდა. სასულიერო სასწავლებლის მოწაფენი მუდამ იქ დავდიოდით წირვა-ლოცვაზე. ეს მთავარი დიდი ხმის პატრონი იყო, ყველა ხმას უქებდა: “რა ხმა აქვს ვანო მთავარს, რა ხმა, ძალიან ბასი აქვსო!” ოჰ, ეს ჩამწვდა გულში: როგორ თუ ვანო მთავარს ბასი აქვს და მეც კი არ უნდა მქონდეს-მეთქი. ვიჭიფხებოდი, ვყვიროდი თავისთვის, ვიბერებოდი, ვატანდი ხმას ძალას, რომ გამებოხებინა, და იქამდე დავტანჯე თავისი თავი, გულმა ტკივილი დამიწყო... გალობის მასწავლებელი როცა ხმებს არჩევდა შეგირდებიდან მგალობელთა გუნდის შესადგენად, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ მან ჩემში არამც თუ ბასი, ტენორი, არამედ არავითარი ხმოვანება არა ჰპოვა. დავრჩი გულნაკლულად, მაგრამ რა გაეწყობოდა: თავს მხოლოდ იმითი ვანუგეშებდი, რომ მასწავლებელს ალბათ ვეჯავრები-მეთქი, ხოლო რომ ბასი ვიყავ, ეს უეჭველადა მწამდა და მოველოდი სხვა დროს, სხვა მასწავლებელს, რომელიც ჩემს “ბასს” ჭეშმარიტ ბასად სცნობდა. |
მთავარი – აქ მწერალს მხედველობაში ჰყავს საეკლესიო მსახური
(მთავარდიაკონი); სობორო (რუს.) – ტაძარი, ეკლესია ბასი (რუს.) – ბანი |
|||
ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ, რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა; მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი, რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავ იქ, საცა ჩემი “სატრფო” მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი იმის ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს! მალე იძულებული შევიქენ განვშორებოდი თელავს და ჩემს სატრფოს. როგორ გგონიათ, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ჩემი იქ ყოფნა, გამოვიდოდა რამ ჩემი სიყვარულიდან? არაფერი. რადგან ქ. თბილისში რომ გადავედი, თელაველი სატრფოს სიყვარული სხვაზე მიმივარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც პირველსა ჰგავდა, “შორით კდომა, შორით დაგვა” იყო ჩემი ნუგეში და, ვიდრე არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე... |