ვაჟა-ფშაველა:  კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 


         
  I

კარგა ხანია, რაც ბ. იპ. ვართაგავა ჟურნალ „განათლებაში“-ში ჰბეჭდავს ჩემი ნაწერების შესახებ კრიტიკულ წერილებს ამ სათაურით: „მთის შვილის ვაჟას სიმღერა“. ვინც „განათლებას“ კითხულობს, უეჭველია ამ წერილებსაც წაიკითხავდა, მაშასადამე ამ წერილების ღირსება ნაკლულევანება თვით მკითხველს ეცოდინება და ჩვენი განმარტება იმისთვის საჭირო არ არის. კრიტიკის კრიტიკა ანუ, როგორც იტყვიან კრიტიკის დაწერა არ განმიძრახავს; ეს წერილი გამოიწვია სრულიად სხვა გარემოებამ: სახელდობრ ამ წლის აპრილის ნომერში მოთავსებულმა ბ. ვართაგავას წერილმა ზემო აღნიშნულ საგანზე. „განათლებაში“ კრიტიკულ წერილების ავტორი არჩევს პოემებს – „სტუმარ-მასპინძელს“ და „გველის-მჭამელს“, თანაც ისეთ კითხვებს გვიყენებს, რაზედაც ჩემ მიერ პასუხის გაუცემლობა ყოვლად შეუძლებელია.

რა კითხვებია ეს კითხვები?

ბ. ვართაგავას ძალიან გულით უნდა გაიგოს ამ პოემებში რა ეკუთვნის ხალხს და რა მე, როგორც ავტორს. სურვილი საფუძვლიანია და ღირსი დაკმაყოფილებისა. ამ სურვილს კრიტიკოსისას მე დავაკმაყოფილებ, თუმცა ეს მეტ შრომად მიმაჩნია და თანაც მწყინს, ბ.ვართაგავამ, თუ მას კარგი კრიტიკული ალღო აქვს, უნდა ჩემ დაუხმარებლად გაიგოს რაა ამ ნაწარმოებებში ხალხური და რა ინდივიდუალური; უნდა ყველამ კარგად იცოდეს, ხალხის თქმულება, რაც უნდა იგი მდიდარი შინაარსისა იყოს, აზრიანი და ხელოვნური, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულიერ ქურაში არ გადაადნო, არ გადაადუღა, მასალიდან ახალი რამ არ შექმნა და დაწერა ისე, როგორც ხალხი ამბობს, არაფერი გამოვა, ერის გულში ამისთანა ნაწარმოები ბინას ვერ იპოვნის, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება.

ამის მაგალითები მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ბევრია. ყოველი დიდებული საკაცობრიო ნაწარმოები შექსპირისა, გიოტესი ხალხურ თქმულებებზეა აშენებული სწორედ ისე, როგორც ზევით მოგახსენეთ, როგორც ამას ჩვეულან რჩეულნი ამა ქვეყნისანი დიდი ნიჭის პატრონი მწერლები. ავტორები „ფაუსტს“ გიოტეს გარდა ასობითა ჰყვანდა, მაგრამ გიოტეს მეტმა ნამდვილი „ფაუსტის“ დაწერა ვერავინ შესძლო, რადგან საკუთარმა სულიერმა ქურამ სხვა მწერალთა ვერ შეძლო გადადუღება ხალხისაგან მოცემულის მასალისა და მის საკუთრებად გარდაქმნა.

ისევე დაემართათ შექსპირის „ჰამლეტს“, „მეფე ლირს“, „რომეო და ჯულეტას“ და სხვა.

ესევე ითქმის დიდებულს შოთაზე და მის „ვეფხისტყაოსანზე“.

– მე, თქვენი უმორჩილესი მონა, რა სახსენებელი ვარ ამ გოლიათებთან, მაგრამ ერთი გარემოება მაძლევს უფლებას ჩემი თავიც იმათთან ერთად ვახსენო – ეს გახლავთ მსგავსება ქმნისა, შემოქმედებისა. დიაღ, კატა თუმც ვეფხვი არაა, მაგრამ სხვა ცხოველბზე მეტად ვეფხვს უფრო ის ჰგავს.

რა მაქვს დასამალი და დასაფარი – არაფერი. „სტუმარ-მასპინძლის“ და „გველის მჭამელის“ ვინაობას კი არა, მთელ ჩემ ნაწარმოებს გავაცნობ მკითხველებს და ვეტყვი რაა იქ ხალხური და რაა ჩემი საკუთარი, ნაყოფი ჩემის გონებისა და გრძნობისა, ამით რა თქმა უნდა, ბ. ვართაგავაც დაკმაყოფილდება და შთამოებასაც აღარაფერი ექნება ერთს მეორესთან საკინკლაო, როგორც ამ კინკლაობას ჩვენში დღეს „ვეფხისტყაოსანი“ იწვევს. თუ რასმე ვიცრუებ, თანამედროვენი დამიგმობენ ამ სიცრუეს. ფშავ-ხევსურეთში და სრულიად საქართველოში მარტო მე ხომ არა ვარ წერა-კითხვის მცოდნე. მარტო მე ხომ არა ვტრიალებ ხალხში და მარტო მე ხომ არ ვაგროვებ ძველისძველ ამბებს.

ჩემი შემოქმედების ისტორიის დაწერა ადვილია, ხოლო ვაი თუ ამ განმარტებამ ავნოს ჩემს ნაწარმოებებს. ამით ვაწყენინებ თვით მკითხველს, რომელსაც ფანტაზიის წყალობით შექმნილი ტიპები ნამდვილ ყოფილ ადამიანებად ჰყავს წამრმოდგენილი. საწყინო, რა თქმა უნდა, აქ არაფერია, რადგან საღი ფანტაზია ისეთს არაფერს შეჰქმნის, სინამდვილეს არ ეთანხმებოდეს, არ შაეფერებოდეს.

ამასთანავე ისიც უნდა ვსთქვა, ბევრი ამბავი და ზღაპარი, მე შევქმენ და იოტის ოდენი იმათში ხალხის თქმულებისა არაფერი ურევია, თუმცა ფრჩხილებში ვსვამდი „ძველისძველი ამბავიო“, „ზღაპარიო“, „თქმულებაო“, იმ მოსაზრებით, დაბეჭდვის დროს დაბრკოლება არა ჰქონიყო. ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულად უნდა ჩაითვალოს იმდენადვე, რამდენადაც ხალხური თქმულების მითვისება. როგორც ამის უფლება არა აქვს არავის, ისე – თავის ფანტაზიის ნაცოდვილარის ხალხისთვის მისაკუთრება, ხალხურ ამბად გასაღება.
ამ ნაკლს გავასწორებ მხოლოდ მაშინ, როცა დაიწყება ჩემის აწერების ცალკე წიგნებად გამოცემა, – მაშინ აღვნიშნავ რომელია მართლა ძველი ამბავი და რომელი მთლად ჩემგან დაძველებული, ძველ ამბად მონათლული. ერთი რამ უნდა აღვნიშნო. ამის თქმა ფრიად საჭიროდ მიმაჩნია, რადგან ამ ნათქვამმა ჩემ კრიტიკოსებს შეიძლება გაუადვილოს გზა კვლევა ძიებისა და შეაგნებინოს ჭეშმარიტი შემოქმედების თვისება, ვითარება, როგორც კერძოდ ჩემი, ისე საზოგადოდ. ჩემი პოემები თითქმის ყველა სულ ხალხურ თქმულებებზე, ძველ ამბებზე არიან დაფუძნებულნი, თვითვეული მათგანი სხვა და სხვანაირად, ზოგი ცოტად თუ ბევრად უახლოვდება დედანს, სხვა სრულიად დაშორებულია მაზეთ, ე. ი. ზოგი ნაწარმოების არაკი ძალიან თავისებურად არის შემუშავებული და ზოგი ნაკლებად შემუშავებული, ნაკლებად თავისებურია, და, წარმოიდგინეთ, ნაკლებად სახელოვანიც. დიდი სახელი მხოლოდ მეტად თავისებურად შემუშავებულმა ა მ ბ ე ბ მ ა მოიპოვეს საზოგადოებაში. ამ პოემის ჯგუფს ეკუთვნიან „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“.

II

მაშ დავიწყოთ მათი შესწავლა ისე, როგორც გვთხოვს ბ. ვართაგავა. „სტუმარ-მასპინძელი“, მაგალითად, არის აშენებული შემდეგ ამბავზე: ზვიადაური ხევსური შემთხვევით ჩაუვარდა ქისტებს ხელში. რა შემთხვევით ეს მე არ გამიგონია, მაშასადამე ჯოყოლას შეხვედრა და მის მიერ ზვიადაურისა შინ მიპატიჟება და შეპყრობა ეს ავტორის საკუთრებაა. ქისტებს, მოგვითხროს ძველი ამბავი, ჰყავთ ახალი მკვდარი ვიღაცა ხევსურისაგან მოკლული. თანახმად ჩვეულებისა, საჭიროა სისხლის აღება. თვით მიცვალებული თხოულობს ამას და რათა დააკმაყოფილონ იგი, დააშოშმინონ გარდაცვალებული თანამოძმის აღტყინებული გრძნობა შურისძიებისა, ქისტები ჰკლავენ ზვიადაურს დარლას (ამბით ქისტის სახელი არ გამიგონია) საფლავზე. ამ დაკვლის დროს დიდი ვაჟკაცობა და გულადობა გამოიჩინა ხევსურ ზვიადაურმა. რაში გამოიხატება ეს ვაჟკაცობა? ვაჟკაცობა ზვიადაურისა იქიდანა სჩანს, რომ ის არ დალაჩრდა, თუმც ხანჯლის წვერით ყელში სჩხვლეტენ ქისტის საფლავზე ხარივით წამოქცეულს სამსხვერპლო ზვიადაურს და როცა ქისტები იტყოდნენ: – იყავ საიქიოს მონა-მოსამსახურე დარლასი, უზიდე წყალი, გაუბანდე ჯღანი, რაც სამსახური მოითხოვს შენგან თავგამოდებით, ერთგულად აუსრულო, – ეს უკანასკნელი ვიდრე სულს დაჰლევდა ხრიალებდა ყელში: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადაო“. რომ შეშინებულიყო ზვიადაური ამ სიტყვებს ვეღარ იტყოდა და მაშინ შეწირული იქნებოდა, გახდებოდა ქისტის მონა საიქიოს, მაგრამ რადგან იგი უკანასკნელ ამოქშენამდე არ შედრკა, არ გატყდა, არ მოიხარა ქედი წინაშე მტრებისა და სიკვდილისა, იგი დარჩა თავისუფალ ხევსურად, ვაჟკაცად, ხოლო დარლა გაწბილებული, დაუკმაყოფილებელი. აი მთელი ამბავი, რომელზედაც მე ავაშენე „სტუმარ-მასპინძელი“. მაშასადამე ჯოყოლა, აღაზა და ამ უკანასკნელის გლოვა ზვიადაურისა, აგრეთვე გალაშქრება ხევსურებისა ზვიადაურის ნეშტის გადმოსასვენებლად და სხვა, ყველა ეს ავტორის ბრალია, მისი ფანტაზიის ნაცოდვილარი.
„გველის მჭამელის“ არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდება ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავის მოსაკვლელად გველის ხორცი სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მისი სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ხალხური თქმულება ამას იქით არ გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედარმთავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკუთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს ხალხის თქმით ბ. ვართაგავას ვერ გაუგია, ვერ მიმხვდარა „სტუმარ-მასპინძელში“ და „გველის მჭამელში“ რაა ხალხური და რაა ავტორისაგან შექმნილი და ამის გამო ამ ორმა ნაწარმოებმა მოიტანა ქვეშ კრიტიკოსი და დღესნამდე ვერ ამდგარა ფეხზე. იქნებ ამ ჩემმა განმარტებამ შეაძლებინოს ფეხზე დადგომა და ღირსეულად მათი დაფასება. მას ძალიან გულით უნდა გაიგოს, როგორი წესი მაქვს წერისა, – ერთბაშად ვსწერ თუ რამდენჯერმე გადავსწერ ერთხელ დაწერილს, რაც ხშირად შესწორებას მოსდევს. უნდა მოგახსენოთ, ძალიან დიდ ნაკლადაც რომ ჩამეთვალოს არც ერთი ჩემი ნაწარმოები ერთხელის მეტად არ გადამიწერია შავად დაწერილიდან. და ნაკლებად მქონია შემთხვევა დაწერილი ადგილები შემესწორებინოს. ყველა ჩემი ნაწერები, გარდა „შვლის ნუკრის ნაამბობისა“, „მოხუცის ნათქვამისა“, და „დარეჯანისა“, იმ წელს არიან დაწერილნი რა წელსაც იბეჭდებოდენ, ხოლო პირველი ორი მეოთხე წელს დაიბეჭდა და მესამე მოთხრობა „დარეჯანი“ მესამე წელს, დღიდან დაწერისა. წერის დროს ზოგიერთს ნაწარმოებს რამდენიმე ხნით შეუყენებივართ, ცოტა რამეს ერთ ორ ტაეპს, ზოგისას დასასრულს. „სტუმარ-მასპინძელში“, მაგალითად, იმ ადგილმა, როცა ქმარი ჯოყოლა ჰკითხავს ცოლს, აღაზას, ნამტირალევი რადა ხარო, ამის გამო ცოლ-ქმარის ბაასმა მთელი ორი თვე შემაჩერა. ნამეტნავად იმ ადგილმა გამოიწვია ჩემში სულიერი რყევა, თუ რა პასუხი უნდა მიეცა ჯოყოლას ცოლისთვის, როგორ შეჰხვედრიყო აღაზას სიტყვებს, როცა იგი ეუბნებოდა ზვიადაურზე: „ცრემლები შემიწირია იმ შენი მეგობრისთვისაო“. „გველის მჭამელის“ დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო.
     

იპოლიტე ვართაგავა (1872-1967 წწ.) _ ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
პედაგოგი.