ვაჟა-ფშაველა:  დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

 

კითხულობს ჟურნალისტი ნინო ნატროშვილი  

დამხმარე მასალა:

 

გია არგანაშვილი:  ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა


 

 

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ,  არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არც  ტარასტა, სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა,
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა,
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე  ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი..
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
რასაც დღესნამდე ვმტერობდი,
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად, 
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი,
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

     

 

ჭირი მომკერძო - ჭირი გამომიგზავნო, გამიჭირვო. ბილწთ  - უწმინდურთ, საზიზღართ. ზავი - შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და  მშვიდობიანობის დამყარების შესახებ.

 

ჩემფერა (ფშ.) - ჩემსავით. ტარასტა (ბარბ. სტაროსტა - староста) -  მამასახლისი.

ტერტერა (ბარბ.) - სომეხი მღვდელი.

 

გაიერთფერა - ერთფეროვნად, ერთგვარად მიქცია(ერთფერი, ერთფეროვანი - აქ: ერთნაირი, ერთგვარი); გული გამიერთფერა - აქ: გული უცვლელად დამიტოვა; ისევ ისეთი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი.

 

დღესნამდე (ფშ.) - დღემდე.

 

 

 

 

კეთილსა ვყვანდე ზიარად - მუდამ სიკეთე ვაკეთო, სიკეთის თანამონაწილე ვიყო.

 

დავლაჩრდი - გავლაჩრდი, ლაჩრად ვიქეცი, შევშინდი. ფხიანად - აქ: ყოჩაღად, მარჯვედ. ფხა - აქ: ბასრი პირი მჭრელი იარაღისა, გადატანითი მნიშვნელობით: ყოჩაღი, მარჯვე.