ვაჟა-ფშაველა:   ვერხვი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 


  I

მარტოდ-მარტოკა იდგა ერთ მწირს გორაზე; მის ახლო-მახლო სხვა ხის ჭაჭანება არ იყო; ხოლო შორს, გაღმა, მოჩანდა დიდი, დაბურული ტყე. ქვეით, ჭალაზე, მთა-ფერდობებზე, გაღმა-გამოღმა მრავლისაგან უმრავლესი ხეები იდგა, – ათასი, ათასნაირი ჯურისა. საბრალო ვერხვის ახლო კი ერთიც არა. გასცქეროდა შორიდან ტყეებს და ილეოდა სულით; იქ ვერხვებსაც ჰხედავდა, უფრო იმათკენ მისწევდა გული.

მას შემდეგ, რაც გაჩნდა და გაიზარდა, ვერხვი ხეს აღარ დაჰლაპარაკებია, მხოლოდ თავისთავს ელაპარაკებოდა, ესაუბრებოდა; აგრეთვე ღმერთს ემდუროდა: „ეჰ, შე დალოცვილო ღმერთო, თუ გამაჩინე, კიდეც დამარჩენდიო!“ ამას იტყოდი ხშირად: „რასა ჰგავს ჩემი უმადლო სიცოცხლე, რას ვაკეთებ ამ ფრიალო მთაზე მარტოდ-მარტო? თუ ვერაფერს გავიგონებ, ვერავის რას გავაგონებ, ვერავის გავახარებ და თვითონაც ვერ გავიხარებ, ეს ხომ მკვდარი სიცოცხლეა?!.“ ბევრჯელ ეცადა დაეძახნა და ბევრჯელაც დაუძახა. შორს, მთის კალთაზე თეთრად მომჩინარს ვერხვებს: „ეი, ძმებო, წამიყვანეთ თქვენთან, თუ გრწამთ ღმერთი, ან აქ, ჩემთან, წამოდით, აქ მაღლა იქნებით; აქედან ბევრ კარგ რასმე დაინახავთ: აგერ ქალაქი, მრავალი სოფლები, აგერ ტბა და დიდრონი თოვლიანი მთები! მშვენიერ სანახავს ჰნახავს თქვენი თვალები; მანდ მხოლოდ ჯურღმულს ჰხედავთ, სხვა არაფერს!“

ნიავს მთისას ხომ მუდამ იმას ჩასჩიჩინებდა, როცა იგი ჰქროდა და მის კოხტა, მოხდენილ ფოთლებს აცახცახებდა და ათრთოლებდა: „შენი ჭირიმე, ერთი უთხარი, შემახვეწე ვერხვებსა, რა არის, რომ ამოდენას ვეხვეწები და ისინი კი ყურს არ მიგდებენ, ერთხელ ვერა მნახეს, ვერ ამოვიდენ ჩემთან!“ ნიავი მიდიოდა, გაივლიდა სისინით, შრიალით, გამოივლიდა ისევაც, ხოლო პასუხი არაფერი მოჰქონდა; ავიწყდებოდა დანაბარების თქმა, თუ ამბის მიტანა ეზარებოდა, არაფერი იცოდა ვერხვმა. ვერხვმა თავის თანამოძმეებისა სხვა ვერაფერი გაიგო.

ამ რამდენისამე წლის წინათ ქარმა იმ შორეული ტყიდან მოიტანა ერთი ხმელი ფოთოლი და, ის იყო, უნდა გაეცილებინა ვერხვისათვის, მაგრამ ვერხვი მთელი თავის სიგრძე-სიგანით გადიზნიქა, მოჰხვია მაგრა ტოტები ხმელ ვერხვის ფოთოლს და მაგრა ჩაიკრა გულში; დღესაც ინახავს მას და გველის თვალივით უფრთხილდება. ამგვარ საჩუქარს – ხავსს, ხმელ ფოთოლს, ტოტს, თვალგულდამშეული კიდევაც მოელის. დღეს კი ერთადერთი ხმელი ფოთოლია იმის ნუგეში, იმას ეალერსება, იხუტებს გულში, ჰკოცნის, ესაუბრება, მაგრამ საბრალო ფოთოლი პასუხს ვერ აძლევს. როცა ქარი ამოვარდებოდა, ყელგადაგდებული დაღრეჯით ეხვეწებოდა: „ქარო, შენ გენაცვალე, ვინძლო, ერთი ტოტი მოტეხო აგერ იმ ვერხვებს და აქ წამომიღო, ან ერთი ფოთოლი მაინც კიდევ!..“

შავი ნისლი მთის ქედზე გველეშაპივით მოცურავს უდარდელად, შეუპოვრად. თავს უხრის და ეხვეწება ვერხვი: „ნისლო, გეთაყვა, შენ, ხომ ვიცი, არ დაგამძიმებს და ჩახვალ ქვევით, ხევში, მოგლიჯე ერთ-ერთი ვერხვი ფესვებიანად და აქ ამომიტანე!..“

     
   
როცა საშინელი ქარიშხალი ამოვარდებოდა, დელგმა იყო, ჭექა-ქუხილი ისეთი, რომ კაცს ეგონებოდა, ქვეყანა იქცევაო, და თვით ვერხვიც ელვა-მეხის ნაპერწკლებში იყო გახვეული, რაიც ხშირად ხდებოდა, მაშინ ვერხვი ემუდარებოდა საშინელ ბუნების მოვლენას: – „ამომფხვერი აქედან და გადამაგდე იმ ჩემ ძმებთან, ტყეში, დეე, იქ მოვკვდე, იქ დავლპე, დავმიწდე იმათ კალთაზე; თუ ცრემლს არ მაღირსებენ, ქოქოლას ხომ დამაყრიან და დამწყევლიანო“. დელგმა – კოკისპირული წვიმა, თავსხმა

ქოქოლა, ქოქოლას აყრის – ხელების თავისებური მოძრაობით წყევლას ან დაცინვას გამოხატავს ვისიმე მიმართ

   

მაგრამ არცარა ამ თხოვნიდან გამოვიდა: ვერხვი იქვე ადგილობრივ იდგა, მეხისაგან ტანზე მრავალგან დაზიანებული.

II

ზაფხულობით, თუმც ციდან მრავალი ვაება ატყდებოდა თავზე ვერხვს, მაგრამ მაინც ცოტა მხიარულად იყო: მისი მიდამო აყვავდებოდა წითლად, ყვითლად, თეთრად: მწვანედ აბიბინდებოდა ბალახი; საბრალო ვერხვი შეჰხაროდა ყვავილების სიცოცხლესა და სილამაზეს. ზამთრობით ძლიერ დაჩაგრული იყო: აბეზარი მთის ქარიშხალი მოსვენებას არ აძლევდა, ახეთქებდა აქეთ-იქით, არწებდა აკვანივით, და ხშირად ისეც მომხდარა, რომ სრულიადაც მიენამქროს, ვერხვის მხოლოდ კენწეროღა დარჩენილა, პატარა მისი ტოტები თოვლს დაუკერებია მიწაზე, ოთხი-ხუთი თვე შებორკილი, შებოჭვილი ყოფილა ვერხვი, ცოცხლად დამარხული თოვლქვეშ.

ზაფხულობით კი თითონაც ფოთლებით იმოსებოდა, წვიმა ხშირად ჰბანდა და ალამაზებდა მის ტანსა და პირისახეს. ვერხვს ერთი დარდი აქვს კიდევ, რომლისთვისაც თავი ვერ დაუხწევია ვერც ზამთარში, ვერც ზაფხულში: ერთ ზამთარს ვერხვი მიუნამქრავი დარჩა და მთელი ზამთარი თვალახილებული დასცქეროდა მთა-ბარს, ტყეებს. ყველაზე მეტად უყვარდა და მოსწონდა ერთ ადგილას მწკრივად მდგომარე ვერხვების ჯგუფი, მუდამ იმათ შეჰხაროდა და დღეს კი იმათთვის გული სტკივა და ცრემლსა ღვრის. იმავე ზამთარში მოვიდა დიდი ზვავი და მთელი გუნდი მისი საყვარელი ვერხვებისა გადმოთელა, დღეს გაშოტილნი მკვდრები ეწყვნენ დაბლა. ზოგი ძირიანად ამოებრუნა ზვავს და საცოდავად ჰქონდა აღმა აშვერილი ფესვები. ეს სურათი რომ ნახა, ვერხვს გული მოუკვდა, დღესაც იმასვე ვაებს და ჰგოდებს: „ახ, ახ, საბრალონი! – წარმოსთქვამს თვალცრემლიანი, – ჩემები არიან, ჩემი სისხლი და ხორცი; აქ რომ ყოფილიყვნენ, ხომ არ დაემართებოდათ ეგ უბედურება?! ნეტავი, მეც იმათთან მაინც ვყოფილიყავი, რომ მათთან ერთად დამელია მეც სულიო!..“

III

 
   
ვერხვს უყვარს ყვავილები, იმის ჩრდილის ქვეშ, მის ახლომახლო რომ იშლებიან და იზრდებიან. ხოლო ვერხვისთვის ეს იყო გულსაკლავი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არც ამ საბრალოთა ჰქონდათ. თუმცა ვერხვი მუდამ იმათა ჰლოცავდა, დაჰბუტბუტებდა თავზე: „დაიზარდენით, დაიზარდენით, პატარებო, გაიხარეთ; ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დღეს, თქვენი მარცხი და ზიანი ვნახოვო!“ მაინც ამაო იყო მისი ლოცვა: მაისში აყვავდებოდენ და თიბათვის ორ კვირამდე ძლივძლივობით სძლებდენ, რადგან მოაწვებოდა ბარიდან საქონელი – ცხვარი, ძროხა და ორ დღეზე გადათელავდენ ვერხვის მიდამოსა.  

თიბათვე – ივნისის ქართული ხალხური სახელწოდება

   

ყველასაც უყვარდა ვერხვი, რადგან მოსახედ ადგილას იდგა და იმის მეტი ხე იქ არ მოიპოვებოდა, ამიტომ მწყემსები თავის სამწყემსოთი მის ჩრდილოს ქვეშ ისვენებდენ. ამის გამო ვერ ასწრებდა ვერხვი შეესწავლებინა ყვავილებისთვის თავისი ენა და ესაუბრა მათთან. თუმცა თითონ ესმოდა მათი საუბარი და ეს ადვილი დასასწავლი იყო. ყველანი მუდამჟამს სიცოცხლეზე საუბრობდენ, მზესა და დედამიწას ჰლოცავდენ და ღმერთს ევედრებოდენ: „ღმერთო, ნუ მოგვიღებ მალე ბოლოს, დიდხანს გვაცოცხლეო!“

„ახ, რა უქმად, უმნიშვნელოდ მიდის ჩემი სიცოცხლე! – ამბობდა ხშირად ვერხვი, – ისე გავჩნდი და გავიზარდე, ერთი წამი ვერ გავიხარე, ვერავის რა ვარგე. ეს ფრინველები რაღას მერიდებიან, იმათ რაღა დავუშავე?! ერთს მაინც ჩემს ტოტზე გაეკეთებინა ბუდე და ბარტყები გამოეჩეკა“. შესტრფოდა არწივს, როცა იგი მედიდურად დაჰბრუნავდა თავზე; ვერხვის სიხარულს ხომ საზღვარი არა ჰქონდა, თუ არწივი ჩამოეშვებოდა და მის კენწეროზე დაისვენებდა, მაშინ ვერხვის გულში თავმოყვარეობა იღვიძებდა და სიამაყე დაეტყობოდა: „უთუოდ ვყოფილვარ რამე, რომ თვით არწივი, მეფე ფრინველთა, მკადრულობს და ჩემ ტოტებზე ისვენებსო“.

 
   
მაგრამ ეს არწივის სტუმრობა იშვიათად ხდებოდა. ძალიან უნდოდა, ეწადა საბრალოს, რომ არწივს მასზე გაეკეთებინა ბუდე და მისი მართვების წიწინი გაეგონა, მაგრამ არ მოხერხდებოდა. რა გააბრიყვებდა ისე არწივს, რომ კაცისა და საქონლის ფეხში ბინა დაედგა, თავისი ბუდე, შვილები ქვეყნის საჯიჯგნავად გაეხადნა?!
საქონლის ფეხში
– კაცისა და საქონლის ფეხის ნადგამში
   

IV

ერთხელ შემოდგომით მთაში თოვლი ადრე მოვიდა. მწყემსებს სიცივით კანკალი მოჰკიდა. „ახ, ცეცხლოვო!“ – ყველანი ამას გაიძახოდენ, ხოლო შეშა მთაში ძვირი საშოვარი იყო. უშეშობის გამო დიდი თათბირი შეექნათ: ერთმა სთქვა, ვერხვი მოვჭრათო, სხვებმა იუარეს, როგორ შეიძლება, ცოდვაა მაგისი მოჭრაო. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდენ პირველს. ამანაც წამოავლო ხელი ცულს და გასწია ვერხვის მოსაჭრელად. ვერხვი, თეთრად თოვლით გადაპენტილი, გაყუჩებული იდგა, არ იცოდა, რა მოელოდა მას.

 
   
– მოვიდა, ვერხვო, შენი აღსასრულის დღე, – დაილაპარაკა მწყემსმა, – მართალია, გვიყვარხარ და ამაგიცა გაქვს ჩვენს თავზე, მაგრამ რა ვქნათ, რო სიცივით ვიხოცებით! – თქვა რა ეს, აათვალიერ-ჩაათვალიერა ვერხვი ერთხელ კიდევ და შემოჰკრა ცული. ვერხვს აქ ჟრუანტელმა დაუარა ტანში, გაიჩმუჩნა და თეთრად ბამბის ქულასავით თოვლმა იწყო დაბლა ჩამოდენა. მწყემსი ცოტა განზე გადგა, მინამ ბარდანი ჩამოიკრიფებოდა. მეორეჯერ შემოჰკრა ცული უფრო ძლიერად, ბარდანმა ხრიალი მოიღო, ვერხვმაც ტოტები აიკრიფა მაღლა, წელში გასწორდა, თითქოს მტრის დასახვედრად ემზადებაო და წარმოსთქვა გულმტკივნეულად: „ეჰ! მორჩა ჩემი უმადლო სიცოცხლეო!“ გასცქეროდა ტყეებს და ემშვიდობებოდა: „მშვიდობით, ძმებო, მშვიდობით, ცოცხალს არ მეღირსა თქვენთან ყოფნა, ეგები მკვდარს მაინც მეღირსოსო“. სთქვა რა ეს, დადუმდა, ხმა-კრინტიც არ დაუძრავს, ხოლო ჰაერში ცულის გაჩქარებული ჩქამი ისმოდა.  

გაიჩმუჩნა – შეიშმუშნა

ბარდანი – ბლომად დადებული თოვლის ფანტელები ხიდ ტოტზე

   
ნახევარ საათს შემდეგ ვერხვი დაბლა ეგდო გაშოტილი, თავს დასტრიალებდენ მწყემსები: ზოგი ტოტებს აჭრიდა, სხვა მორებს აკეთებდა, ჰკრავდენ გუდურებს და მიეზიდებოდენ ქოხში.
გუდურა – ერთი შეკვრა წვრილი შეშა, ფიჩხი
   

საღამოზე ქოხში დიდი ცეცხლი ენთო, შეშად ვერხვი ენთო, გარშემო მწყემსები უსხდენ, დიდი და პატარა, მკლავტიტვლები, ფეხშიშველი ბალღები იხუხებოდენ ცეცხლის ალზე, აგრეთვე მოხუცნი, და ყველა კი ამას გაიძახოდა ერთხმად: „იჰ, რა ცეცხლია, დაგლოცა ღმერთმაო!“

ერთმა მწყემსმა ზღაპარიც დაიწყო: „იყო და არა იყო-რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდაო“ და სხვ. ასე გათავდა ვერხვის სიცოცხლე, მოესწრო იგი მადლის ქმნას, მხოლოდ თითონ ვეღარა გრძნობდა საბრალო, თუ მადლსა შვრებოდა.

1900 წ.