ნიკოლოზ ბარათაშვილი: შემოღამება მთაწმინდაზედ
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



   დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი:  ბარათაშვილი
 


  ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი  და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!
    ვერანი  - აქ: უდაბური, უკაცრიელი.


ციაგი  - სხივი.

         
  ვითარი მაშინ იდუმალება  დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს  თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!
    იდუმილობა  - იდუმალება.
წარუტყვევს  - გაიტაცებს, მიიზიდავს.
ტაბლა წმიდა  - წმინდა საკურთხეველი, რომელზედაც უფლისათვის შესაწირ ძღვენს დებენ. საკურთხის მაგიდა.
         
  მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო,  შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!
    ბუნდოვანი  - აქ: ნისლიანი.
         
  ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება  შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!
   
ხატება  -
აქ: (ზეცის) სურათი.
         
  მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ,  რომ დაშთოს ის ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!
   
ზენაართ სამყოფო  -
ანგელოზთა, ზეციურ ძალთა საბინადრო, სამოთხე.
         
  დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!
   
მწუხრი -
საღამო.
         
  მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!
    მთა ცხოველი  - იგივეა, რაც წმინდა მთა; ცხოველი  - აქ: ცოცხალი, უკვდავი.
დახსნას
  - განაშოროს, მოაშოროს. ვაება  - დარდი, ნაღველი.
გულ-დახურული  
- გულჩათხრობილი.
         
  სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!
   
მთოვარე  - მთვარე.

მოარე  - მოსიარულე.
         
  ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.
     
         
  ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა – სევდა გულისა – ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!
   
მოვილტვი  - მოვისწრაფვი.