ნიკოლოზ ბარათაშვილი: ცისა ფერს
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე

  დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი ბარათაშვილი
 


  ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
     
         
  ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.
    სანატრი – აქ: სანეტარო.
ცისა ქედს – აქ: ცისკენ.
ეშხით დამდნარი – მშვენიერებით მოხიბლული.
         
  მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
     
         
  სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას —
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!
    როს – როცა.


ციაგი – სხივი.