ნიკოლოზ ბარათაშვილი: ბედი ქართლისა (თქმული წელსა 1839-სა ტფილისს)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: პოეტი, ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი



   დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი ბარათაშვილი
 


კახთა მიმართ


ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი  ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!
და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, -
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად, 
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად. 
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს  მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
                                                                                                  თ-ი ნ. ბ.

კარი  პირველი


მწყემსო კეთილო,  შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!" -
ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.

ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი!
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად
დაებანაკა სპარსთთან საომრად!
პატარა კახი  აღა-მაჰმად-ხანს
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზე-დაჰნათლიდა ბრძოლისა ველსა,
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:
"ჰხედავთ,
ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!" -
"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!" -
შეჰბღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით:
"ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!"
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
დაჰკრეს
ნაღარა,  გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალსა განგამხნევს, მხნეს განაღვიძებს,
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი:
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
და მტკვარსა შეჰრთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში
გაქეზებულნი. 
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,
და
იოანნე, კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა;
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, -
მაინც ვერ ჰხედვენ ბოლოს ბრძოლისას.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ 
თავისებურად!
ბინდმა განჰყარა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
ჰაერში
განჰქრა  მათი სახელი
და არსად
ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა:
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ
სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ
ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის;
ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ
დაიდუმებს,
აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მეფემ უბრძანა თვისთა
მოხელეთ:
"გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს
მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
თვარემ ხვალ სიმხნით ვერა
გავაწყოთ,
აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს!
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
ძველთაგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია".
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექნათ საჭურედ  ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად,
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.
დაღონდა სპარსთა მეფე
ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ
იუდა  ჟამს ეძიებდა!
აჰა, მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა
ანგართა  ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა
ეზდენ დამცრობა,
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ
ცუდ იყო ყოველი ღონე:
აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა,
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა.
გაფოთებული ეძიებდა მას,
ვინცა
ჰერანის  ტახტს, ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა.
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი
და შეუმცირა სპარსთ ტკბილი დღენი!


კარი მეორე


მორბის არაგვი,
არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს!
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს:
"არაგვო, მაგ შენს ამწვანებულს მთებს!" -
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!
მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერს არაგვის პირებს
ძველი
ჩარდახი  ზედ გადმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით
გარდმომზირალი;
დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა
გა-ცა-ართობდა
ქარვის მარცვალთა. 
თან ახლდა მეფეს თავის
მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსოვთ
სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი!
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ.
ბოლოს
მახვრალი  უბრძანა მსაჯულს:
"შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება.
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,
მსალბუნებიან  მე შეწუხებულს;
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს
გულის წადილს,
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!
"არ მითვისებდა
ქართველთა  ქართველთა გული,
რომ ვიყავ მათი მეფე
ეული;
ჩემი მეფობა ზე დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი
ჟამ-კეთილობას,
აი, მის ნაცვლად
რაი მომაპყრეს 
მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!..
ამიერითგან
გაქეზებული 
მაჰმად-ხანისა
მოსისხლე გული 
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა:
მას
ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა; 
ეს ხმა 
ლეკთაცა აგვიყაყანებს; 
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ
მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს
ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რომ გინახვივარ!
მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას
კვერთხად მამულს დარღვეულს?.. 
ჰოი, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტად
ნუღარ განსწირავ ქართველთა ტანჯვად!
აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო!
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე
უვისთ  ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას, მინდა მივცე
მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ჰხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
"რასა მიბრძანებ", ჰკადრა მან მეფეს,
"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენ
შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ
განვისყიდოთ  თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს
თვისება

ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო,
რავდენთ  კაცთ მართალთ
მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ,
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და, მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!"
"ჩემო სოლომონ", მეფემ უბრძანა,
"მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვის
სისხლთა აღმჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი, ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ჰქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!

კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან

ქალაქს დასჯერდა გამძვინებული,

სხვით არ აღივსო მან საწყაული!,
"ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან
საფარს ქვეშე  მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!"
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"
 - "სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას,
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!"
ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულ-მტკივნეული,
ქართლისა ბედსა
განსამართლებდნენ,
ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!
ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე
და სიამითა მოჰფინა არე.
ცამ, მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთა,
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დაჰმართეს, ვით კაცსა
ლიტონს.
მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორს,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო
ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად.
შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:
"ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი
და დამახვედრე ჩემი
სამზადი".
დილაზე ადრე მოვალს მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა.
მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
"მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა
ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
ერსა ეკუთვნის გულის-თქმა მეფის!
იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?
იქნება ამან
აჰყარა გული
ბატონს, ქართლზედა
შეუორგული?..
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ, რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებისთვის
ესთ თანამკვდარი?..
მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება
უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება?
ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!"
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მოეგება მას თავის ცოლი,
სათნო
სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი,
სახეშეცვლილი, მონაწყინარი,
ამბავი ჰკითხა
მყის ირაკლისა, -
ასე საყვარელ იყო ყოვლისა!
"ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლი
ქართველებზედა იყოს გულნაკლი;
მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელვებული!
მწარედ უპირებს ბატონი დასჯას
თავის შვილების ამა ურჩებას.
ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.
მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს
ეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულება
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად
ბანოვანთათვის გულგასართობლად.
მაშინ ვისაღა მოესურვება,
ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!"
 - "უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს
უთვისო  დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი ამხანაგთ შორის
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში მას გაჭირება
სხვადასხვა რიგად ენუგეშება:
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის!
რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,
ოდეს მეფეცა და დედოფალი
გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი
და ვართ მათთანა შვილებრ ჩვეულნი?
ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად
მწუხარებათა სანუგეშებლად
რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს,
და, აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით,
გარდაეხვია მას მხურვალებით.
ჰოი,
დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა,
ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
"
ჯანი გავარდეს  აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა,
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?"
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა
ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და
ნატამლობას!
დუმილი სუფევს მის არემარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:
იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღავსო კვალად ერმან ტფილისი,
რა მობრძანება სცნა ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა.
წარვიდენ წელნი მოსვენებისა
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა
აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!
არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად;
სიბერის ჟამსა
მოიცა ძალი
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
კვლავ ასახელა თავის სახელი,
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია გულს ირაკლისა
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

     

 

 

მლხენი - მოლხენილი.
 

 

 

 

 

არმაღანი - საჩუქარი, "მცირე ძღვენი" (საბა).
ლხინის საგანად - ლხინის ნიშნად.

 


მორიგისად - რიგრიგობით. ყარიბი - მიუსაფარი, უთვისტომო. აქ: საწყალი. მბობარი - მომთხრობი, მთხრობელი.
 

 

 

მწყემსი კეთილი - ღმერთის მეტაფორაა. წმინდა სამწყსო - აქ: ანგელოზები.
გულთა-მხილავი - ღმერთის ეპითეტია.

 

 


ცხოვარნი - აქ: ქართველები.
გვესწრაფე - გვიშველე, გვიხსენი.
ხელთ-აღმპყრობელი - მშველელი, მფარველი, შემწე, დამხმარე, მხსნელი.
ბანაკი - საომრად გამზადებული ლაშქარი.
ცათა წინაშე - უფლის წინაშე.
კრწანისის ომი - 1795 წელს კრწანისის ველზე, თბილისთან, გაიმართა ბრძოლა; ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის. სპარსეთი მოითხოვდა, ერეკლე მეფეს კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან და ქართლ-კახეთის სამეფოზე ირანის ჰეგემონია ეღიარებინა. ერეკლემ დახმარება რუსეთს სთხოვა, მაგრამ ამაოდ. სპარსელთა 35-ათასიანი ჯარის პირისპირ დარჩენილი ერეკლე დამარცხდა. მტერმა თბილისი აიღო.
პატარა კახი - ერეკლე მეფის ზედწოდება. აღა-მაჰმად-ხანი - (1742-1797) - ირანის შაჰი; გამოირჩეოდა სისასტიკითა და ცბიერებით. 1795 წელს თბილისი ააოხრა.


ვითარის - როგორი. კადნიერება - გამბედაობა, თავხედობა.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაღარა - ჩასაბერი საკრავი, დიდი საყვირი.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაქეზებული - აქ: გამოცდილი, მრავალი ომის გადამტანი. შეგულიანებული.
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე - თამაზ ჯორჯაძე, ენისელის მოურავის დიმიტრი ჯორჯაძის ძე, რომელმაც თავი ისახელა კრწანისის ბრძოლაში.
იოანე, კახთ აბაშიძე - იოანე ნიკოლოზის ძე აბაშიძე, რომელიც კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა.
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა - ძალას მატებდნენ.
მყის ჩაიკეცეს ქუდები - ძალა მოიკრიბეს, იერიშზე გადასასვლელად მოემზადნენ, მხნეობით აღივსნენ. [შენიშვნა: სვანური და კახური ქუდები მუზარადის ნაწილი ყოფილა].
თავისებურად - ჩვეულებისამებრ, მამაპაპურად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განჰქრა - აქ: დაიკარგა.
ჟამთა მოწამე ძეგლი - მატიანე.

დუმილნი ჰფარვენ - გარდაიცვალნენ, დაიღუპნენ.


სახსოვარი - არდავიწყება, გახსენება. ცხოვლად - წარუშლელად, სამარადისოდ, საშვილიშვილოდ, საუკუნოდ.

 

დაიდუმებს - დაივიწყებს.
მოხელე - აქ: ქვეშევრდომი.

მივიქცეთ - მივბრუნდეთ, პირი ვიბრუნოთ.
 

გავაწყოთ - მოვაგვაროთ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ექმნათ საჭურედ - თავშესაფრად ექცათ, გაუხდათ. საჭურედ - საფარად.
 

 

 

 

ბორგვნილი - შფოთვით მოცული, აღელვებული, მოსვენებადაკარგული.
 

 

 

იუდა - უფლის, იესო ქრისტეს გამცემი. გადატანითი მნიშვნელობით იუდა მოღალატეს, გამცემს ნიშნავს. ჟამს ეძიებდა - შესაფერის დროს, მომენტს ეძებდა.

ანგარი - ანგარებიანი (გამყიდველი), მომხვეჭელი, პირადი გამორჩენის
მსურველი. აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი - მამულის სიმტკიცე (ძლიერება) შეარყიეს. მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი - მან თავისი ხალხი მტერს შესწირა ზვარაკად თავისი ხალხი გასცა; თავის ხალხს უღალატა.
ეზდენ/ესდენ - ესოდენ, ამდენად. დამცრობა - დამცირება, სულმდაბლობა.

ცუდ იყო (ყოველი ღონე) - ფუჭი, ამაო იყო ყოველგვარი მცდელობა.
 

გაფოთებული - აღშფოთებული, გაშმაგებული, განრისხებული.
ჰერანი - ირანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არაგვიანი - ჩქარი.

გარემო თვისსა - აქ: თავის გარშემო, ირგვლივ. ატეხილი - ხშირი, ტანაყრილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ჩარდახი - სვეტებზე დაყრდნობილი ღია კარავი; გადმოხურული, ღია აივანი.

გარდმომზირალი - მაღლიდან მოთვალთვალე.
გაცაართობდა - ათამაშებდა.


ქარვის მარცვალთა მრჩეველი.
მსაჯული - მრჩეველი. ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული - ღირსებებით გამორჩეული, უხვად დაჯილდოებული. მორჭმული - სახელგანთქმული. სოლომონ ქველი (1754-1811) - სოლომონ ლიონიძე, მეფის მრჩეველი და განთქმული ორატორი. ქველი - მამაცი, გულადი, მხნე; მოწყალე, კეთილი. მეფის შინაყმა ყმათ საყვარელი - ქვეშევრდომებში გამორჩეული მეფის მოხელე.


მახვრალი - ვინც ოხრავს, "ოხის" მთქმელი (სიტყვიდან ოხვრა), შეწუხებული.


მსალბუნებიან - მალამოდ, წამლად, სალბუნად დამდებია, მომცხებია. სალბუნი,  - მალამო; აქ:საამო.
გულის წადილი - ოცნება, სურვილი.
ქართველთა - აქ: ქართლელთა. ეული - მარტოსული, ყველასაგან მიტოვებული;

 

ჟამ-კეთილობა - კეთილდღეობა, კარგი დროება.
რაი მომაპყრეს - რა მომაგეს, რით მიპასუხეს, როგორ მომექცნენ.

 

 

 

 

 

 

გაქეზებული - შეგულიანებული, გათამამებული. მოსისხლე გული - მტრული, სისხლმოწყურებული.
 


ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა - დრო შველის, ეხმარება ყოველმხრივ.
ლეკთაცა აგვიყაყანებს - ლეკებს ალიაქოთს აატეხინებს.
მოგვატყდნენ -  მოგვაწყდებიან, შემოგვესევიან, შემოგვიტევენ.
ბძარვენ - ექიშპებიან, მტრობენ, ებრძვიან. ბძარვა - შუღლი, ქიშპობა.

 


გარნა - მაგრამ.

 

 

პატარა კახად რომ გინახივარ - იგულისხმება: ახალგაზრდული მხნეობა და გაუტეხლობა. მარქვი - მითხარი.
ექმნას კვერთხად - დასაყრდენად გაუხდეს, უშველოს. კვერთხი - აქ: ყავარჯენი. რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს - მხსნელად მოევლინოს დაქცეულ, განადგურებულ მამულს.


უვისთ - ჰყავთ.

 


მემკვიდრეობა - ტახტი, ხელისუფლება, ძალაუფლება, უფლებამოსილება.

 

 

 

 

 

 


შენზედა მსასოებელთა - შენზე დაიმედებულთ, მოიმედეთ.
 

 

განვისყიდოთ - გავცვალოთ, დავთმოთ.

 

 

 

თვისება ერთა - ერის ადათები, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


რავდენთ - რამდენს.

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 


სისხლთა აღმჩქეფე - სისხლისმღვრელი.

 

 

 

 

 

 

 

 


კარგი რომ... სხვით არ აღივსო მან საწყაული - აქ: კიდევ კარგი რომ... თბილისს
დასჯერდა და არ ააოხრა მთელი საქართველო. განძვინებული - გამძვინვარებული, განრისხებული.

 

 

საფარს ქვეშ - მფარველობის ქვეშ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განსამართლებდენ - განსჯიდნენ, წყვეტდნენ, არჩევდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 


ლიტონი - აქ: მარტოსული.

 

 

 

 

 

 

ნიადაგ - მუდამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 


სამზადი - სასახლის მეურნეობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ამღერდეს - ათამაშებდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჰყარა გული - გული აუცრუა.
შეუორგული - ერთგული, ვისთვისაც ორგულობა უცხოა.

 

 

 


ესთ თანამკვდარი - ასე (ასეთნაირად) გადაგებული, ასე ზედ გადამკვდარი.

 


 

 

 

 

 

 

სოფიო - დავით ერისთავის ასული, სოლომონ ლეონიძის მეუღლე.

 

 

 


მყის - მსწრაფლ, უცბად, მაშინვე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პეტრეს ქალაქი - პეტერბურგი, რუსეთის დედაქალაქი XVIII-XIX საუკუნეებში.

 

 

 

 

 

განცხრომილება - განცხრომა, შვებით ცხოვრება. ფუფვნეულობა - ფუფუნება.

 

 

ბანოვანი - ქალბატონი, მანდილოსანი.

 

 

 

 

 

 

უთვისო - სხვაგან მყოფი, თვისტომთ მოცილებული.
რა ხელ-ჰყრის პატივს - რას აქნევს (რას არგებს, რაში სჭირდება, რად უნდა)მოვლა, კარგად შენახვა. პატივი - აქ: მოვლა, შენახვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დედანო - აქ: ქალებო.
ტკბილსახსოვარი - ტკბილად, კეთილად მოსაგონარი.

 

 

 

 


ჯანი გავარდეს - ჯანდაბას, რა მენაღვლება.

 

 


აღმჩქეფე (ცრემლთა) - მღვრელი (ცრემლების).

 

 

 

 

პალატი - სასახლე.
მიდამო ხედავს - აქეთ-იქით უყურებს.
ნატამლობა - გავერანება, განადგურება, ძირფესვიანად მოსპობა. ნატამალი -
ნარჩენი, ნაშთი. მორჩნენ - აქ: გადარჩნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოიცა ძალი - გაძლიერდა.