ნიკოლოზ ბარათაშვილი: სულო ბოროტო
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს პოეტი და მთარგმნელი დალი კახიანი



დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი:  ბარათაშვილი


  სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
     
  ამას  უქადდი  ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!
    უქადდი – ჰპირდებოდი.
 
  მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
    აღთქმანი – დაპირებები.
  რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
    ზრახვანი – აქ: ფიქრი, სურვილი.
  სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა  ძალი შენი
მომჯადოები?
    გაცუდდა – ფუჭი, ამაო გამოდგა, ვერ აღსრულდა.
  წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
     
  რა ვარ აწ სოფლად  დაშთენილი
უსაგნოდ,  მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,
სულით მახვრალი? 
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი
შენი მსახვრალი! 

1843
   

დაშთენილი – დარჩენილი.
უსაგნოდ
– უმიზნოდ.
მახვრალი
– ვინც ოხრავს.

 

მსახვრალი – აქ: დაუნდობელი, გამანადგურებელი.