სამადაშვილი ნიკოატენის სიონი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: გერმანისტი თამარ იაშვილი

დამხმარე მასალა:

თინათინ ანასაშვილი:  „საღმრთოთა სახელთათვის” ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

თამარ იაშვილი:  თამაში წესების გარეშე


დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა
პირქუში, როგორც ამაოება.
შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით
გამოქვბული და მყუდროება.

სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.
ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.

უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.
კერპები თვლემდენენ გაღმით ბორცვებთან,
ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ

დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი,
როგორც მამალი, ისე ყიოდა.

სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი,
ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს.
მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე,
ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.

წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.

ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.

მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას,
გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა,
მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს
სამრეკლო ღამე იმეორებდა.

სიონში მრევლის ტევა არ იყო,
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.
ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან,
ვით ხანშესული ქალდეველები.

ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ.
ელავდა მთვარე _ ქურუმთა ოდა.
მოჰქონდათ ჯვარ, ჭრაღები ენთო,
და დანახვისზედ ჭოტი კიოდა?