აღაჩ ქიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღაჩ ქიში /აღაშ ქისი (ნოღ. Агъаш киси – „ტყის კაცი“) – „ტყის კაცი“, ანთროპომორფული, მყრალი სუნის მქონე დემონური არსება კავკასიის თურქულენოვანი ხალხების – ბალყარელების, ყარაჩელების (агъач киши), ნოღაელების (агъаш киси), აზერბაიჯანელებისა (meshа аdam) და ყუმიკების (колыч-теши – „ხმლისმკერდიანი“, ან темир-теши – „რკინისმკერდიანი“) მითოლოგიაში.

ორივე სქესის აღაჩ ქიშები ცხოვრობენ ჯოგებად და კავკასიის მთიანეთის ტყეებში დახეტიალობენ. გოლიათური ზომისა და ძალ-ღონის ტყის კაცების სხეული და სახე ხშირი შავი ბალნითაა დაფარული და მკერდზე ცულისმაგვარი ძვლის წანაზარდი აქვთ, რომლითაც მსხვერპლის განგმირვას ცდილობენ. საკვების ძიებაში ხშირად სტუმრობენ ბაღჩებსა და ბოსტნებს, ზოგჯერ ადამიანთა მიერ გადაყრილი ძველმანებით იმოსებიან, ეშინიათ ძაღლების. თავს ესხმიან მონადირეს, მაგრამ, არცთუ იშვიათად, მათ დამხმარედაც გვევლინებიან. ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენებით, აღაჩ ქიში და მისი ცოლი – აღაჩყათინი (აფსათის დაჲ) – ტყეთა მცველები არიან და ადამიანებს ხეების ტყუილებრალოდ ჭრას არ პატიობენ, ხშირად აფრთხილებენ მათ და აკრძალვის დამრღვევებს მკაცრად სჯიან. ამიტომ საწესო სიმღერებში ხალხური მორალი აღაჩ-ქიშის პირით ყოველგვარი ცოცხალი არსებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს. შეშის მჩეხველები თავიანთი პროვიანტის ნაწილს ტყის მფარველს უტოვებდა. ბალყარელები და ყარაჩაელები ყოველ გაზაფხულზე აღაჩ ქიშის სახელზე ცხენის სახით მსხვერპლს სწირავდნენ და მის სადიდებელს მღეროდნენ. თემის ერთ-ერთ წევრს ტყის კაცივით გამოაწყობდნენ და სამსხვერპლო ცხოველის ხორცს მიართმევდნენ, ის კი ხეზე აძვრებოდა და შესაწირს იქვე ტოვებდა. ამის შემდეგ კი მღეროდნენ:

ცალთვალა ტყის კაცი,
სიტყვის ერთგული ტყის კაცი,
მაიმუნის სახის მქონე ტყის კაცი,
დათვისტანა ტყის კაცი,
ტყის მცველი ტყის კაცი.
გაზაფხულზე ხეზე არამსვლელი,
შემოდგომით ხიდან არ ჩამომსვლელი,
ნორჩი ხეების მოჭრის ამკრძალველი,
ნადირთა მოკვლის ამკრძალველი.
თეთრ კვიცს დავკლავთ,
ტყის მფარველს პატივს მივაგებთ,
მის წილს გავიღებთ.

ისლამის გავლენით, ტყის მცველი ცოლ-ქმრის ფუნქციები ჯინებმა და ანგელოზებმა (мёлек) შეითავსეს. ნოღაური რწმენა-წარმოდგენებით, აღაჩ ქისის ანალოგს წარმოადგენს არნაუთი, რომელსაც ცხვირის ადგილზე ბასრი ცული აქვს.

აღაჩ ქიშის ტიპოლოგიური პარალელები ცნობილია ქართველების („ოჩოკოჩი“, „გულცულა“, „ბოჩოლიე/ოჩქოჩე“, „ტყის კაცი“), აფხაზების („ანაუაუ“), ჩერქეზების („მეზილი“), ოსების („ლაგსირდი“), ვაინახების („ხუ საგი“) , დაღესტნელების – ავარების („ალმასთი“), ლაკებისა და დიდოელების („რიკირალ დაკი“), და სხვა ხალხების მითოლოგიიდან. ტყის კაცი თურქულ და ირანულენოვანი (ოსები) ხალხების მითოლოგიაში კავკასიურ სუბსტრატს წარმოადგენს.


ლიტერატურა

  • Василов В. Н. Агач киши // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Малкондуев Х. Х. Древняя песенная характеристика балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1990;
  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. Вып. 1(24), 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები