ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხე. მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი – (XXI ს.), ტაძრის მშენებლობა ქ. ახალციხის ცენტრში (მ. კოსტავასა და ზ. დიდიმამიშვილის ქუჩების გადაკვეთა) დამთავრდა 2010 წ. (არქიტექტორი - რ. ჯანაშია). გუმბათოვანი ტაძარი სუფთად თლილი თეთრი ეკლარის ფილებით არის შემოსილი (ტაძრის გარე ზომები: 17.1 X 10.5 მ). ტაძრის გეგმას ჯვრისებური მოხაზულობა აქვს, სადაც ჯვრის სამი მკლავი - აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი - ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება. მეოთხე - დასავლეთი მკლავი - სწორკუთხაა. აგებულია ტრიკონქი სამსიბრტყიანი, ნაწილობრივ, შვერილი აფსიდებით. გეგმაზე (და ეკლესიის შიდა სივრცეშიც) მკვეთრად გამოიყოფა ცენტრალური ნავი. საკურთხევლის აფსიდა დაგრძელებულია ბემით, საიდანაც შესასვლელები გადის სადიაკვნესა და სამკვეთლოში. მცირე სათავსები დარბაზული ეკლესის გეგმას იმეორებს: დარბაზი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული აფსიდიანი აღმოსავლეთ ნაწილი აღმოსავლეთის მხარეს გაჭრილი სარკმლით ნათდება. სამნაწილიანი საკურთხეველი დარბაზის სივრციდან გალესილი კანკელით გამოიყოფა. დარბაზში ყველაზე ნათელი ნავების გადაკვეთაზე მოწყობილი გუმბათქვეშა სივრცეა, რომელიც გუმბათის ყელის 12 სარკმლითა და აფსიდებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. გუმბათის ყელი შიდა მხრიდან წრიულია, გარედან – თორმეტწახნაგა. დასავლეთ მკლავი სწორკუთხაა. ტაძარში ორი შესასვლელია, ორივე – დასავლეთის მკლავიდან, კარიბჭის გავლით დასავლეთიდან და სამხრიდან. დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის მონაკვეთში ტაძრის სივრციდან ტიხრებით აფსიდიანი სანათლავია გამოყოფილი.

გარედან საგრძნობია ტაძრის აღმპსავლეთ-დასავლეთ ღერძის დაგრძელება, რასაც დასავლეთიდან მიშენებული კარიბჭეც აძლიერებს. ფასადებზე შვერილი აფსიდები შუა ნაწილში ჩაწეული კედლის ნიშებით სამსიბრტყიანია. სარკმლები თაღოვანია, გარედან გლუვი ლილვებით შემოსაზღვრული, წრიულია მხოლოდ ჩრდილოეთის ფასადის ერთი სარკმელი. მთელი ნაგებობის დომინანტი გუმბათის ყელია. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის მოცულობა შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში შემუშავებული სამკუთხა ნიშებით არის აქცენტირებული. თითოეული ფასადის გამორჩეულ ადგილზე (გრძივ კედლებზე შვერილი აფსიდების სარკმელთა ქვეშ. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმლის ზემოთ) ქვაზე კვეთილი ხატია განთავსებული. დასავლეთ მხარის თაღოვანი კარიბჭის ფრონტონში ორქანობიან ქვაზე ანგელოზთა მიერ ქრისტეს ამაღლების სცენაა დაქარაგმებული ასომთავრული წარწერით. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი ლილვისა და წრეთა რიგისაგან შედგენილი გლუვი კარნიზებით სრულდება, ტაძარი თუნუქით არის გადახურული. ტაძარს ქვისა და აგურის გალავანი აქვს შემორტყმული, რომლის დასავლეთ ნაწილში ორიარუსიანი სამრეკლო-კარიბჭეა (გარე ზომები: 4.4 X 6.7 მ.). სამრეკლოს ქვედა სართული არის სწორკუთხა მოცულობის თაღოვანი კარიბჭე – გასასვლელი, თავად სამრეკლო – წრიულ რვა სვეტზე აღმართული ფანჩატური.

გ. მარსაგიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები