ბერძნული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერძნული ენა – ინდოევროპულენათა ოჯახის განკერძოებული წევრი, უწყეეტი წერილობითი ტრადიციის მქონე ერთ-ერთი უძველესი ენა მსოფლიოში. ბერძნულ ენაზე ფიქსირებული პირველი წერილობითი დოკუმენტები დაახლოებით ძვ. წ. XIV ს-ით თარიღდება.

განვითარების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბერძნული ენა იყენებდა დამწერლობის ორ სისტემას: 1. მინოსურ A-ხაზოვანიდან განვითარებულ B-ხაზოვან მარცელოვანს (ძვ. წ. XIV-XII სს.) და 2. ფინიკიური კონსონანტური დამწერლობის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ფონეტიკურ ბერძნულ ანბანს, რომელიც 24 ასო-ნიშანს შეიცავს. ამ სისტემით შესრულებულმა პირველმა წარწერებმა ჩვენამდე ძვ. წ. VIII ს-იდან მოაღწია. მას უცვლელი სახით იყენებს თანამედროვე ბერძნული ენა. ბერძნული პროტოტიპის გათვალისწინებით უნდა იყოს შექმნილი ქართული ანბანიც (კ. კეკელიძე, თ. გამყრელიძე).

პროტობერძნულის გამოყოფა ინდოევროპულისაგან უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს ძვ. წ. III ათასწლ. მიწურულისა. ამავე პერიოდიდან ბერძნულენოვანი ტომები იწყებენ შეღწევას ეგეიდაში. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სუბსტრატული წინაბერძნული, ანუ ეგეოსური ენების ძლიერი გავლენის საფუძველზე უკვე ძვ. წ. XVII ს-თვის ჩამოყალიბდა ბერძნული ენა მან განვითარების შემდეგი პერიოდები განვლო:

სარჩევი

მიკენური

1 მიკენური (ძვ. წ. XVII–XII სს.) B-ხაზოვანი დამწერლობის (გაიშიფრა 1952) მარცვლოვანი ხასიათი და ამ პერიოდის წერილობით დოკუმენტთა სქემატურობა (ძირითადად საკანცელარიო ხასიათის ჩანაწერები) არ იძლევა მიკენურ ბერძნულ ენაზე საფუძვლიანი მსჯელობის შესაძლებლობას, მაგრამ მაინც ხერხდება მისი ძირითადი თავისებურებების გათვალისწინება. მიკენური ყველა ნიშნით ბერძნული ენის განვითარების უძველესი სტადიაა, რომელიც გარკვეულწილად ჰომეროსის ეპოსსა და არქაული ეპოქის სხვა წერილობით წყაროებშია შემონახული. თანამედროვე მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, წინაბერმნულ-ეგეოსურ ენობრივ სამყაროში მნიშვნელოვანი ქართველური კომპონენტიც არსებულიყო, საიდანაც ბერძნულმა ენამ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ქართველური წარმომავლობის მრავალი ფუძე და ლექსიკური ფორმატივი შეითვისა;

ლიტერატურული დიალექტები

2 ლიტერატურული დიალექტების, ანუ კლასიკური (ძვ. წ. XI–IV სს.) მიკენური სამყაროს დაქვეითების შემდეგ დაიწყო ბერძნული ენის დიალექტებად დიფერენციაცია. ესა თუ ის დიალექტი მწერლობის ამა თუ იმ ჟანრისათვის სალიტერატურო ენის ფუნქციას იძენდა. გამოიკვეთა ოთხი ძირითადი ლიტერატურული დიალექტი:
ა)იონიური – უპირატესად ეპოსისა ღა დეკლამაციური ლირიკისათვის;
ბ) ეოლიური – უპირატესად ლესბოსური პიროვნული სასიმღერო ლირიკისათვის;
გ) დორიული – უპირატესად საგუნდო ლირიკისათვის;
დ) ატიკური – უპირატესად დრამის სადიალოგო პარტიებისა და პროზისათეის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული პოპულარობითა და მასშტაბურობით გამოირჩეოდა და მან მეტწილად განსაზვრა ბერძნული ენის შემდგომი განვითარების გზები.

ატიკური დიალექტი ძვ. ბერძნული ენის შემსწავლელთათვის დღესაც საბაზისოდ ითვლება. ამ ეპოქაში ბერძნული კოლონიზაციის შედეგად ხმელთაშუაზვისპირეთსა და შავი ზღვისპირეთში მრავალი დასახლება დაფუძნდა, მ. შ. საქართველოს სანაპირო ზოლშიც; გაჩნდა პირველი ბერძნული წარწერები (ძირითადად გრაფიტოები). თავის მხრივ, ბერძენი მწერლები თავიანთ შემოქმედებაში საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ საკუთარ (სატომო, კუთხეების, პირების, დასახლებების) სახელს გვიდასტურებენ;

კოინე

3. კოინეს, ანუ საერთო დიალექტის პერიოდი (ძვ. წ. IV ს. მიწურული – ახ. წ. VI ს). ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებისა და მსოფლიო სახელმწიფოს, ანუ ელინისტური სამყაროს წარმოქმნის შემდეგ, როდესაც ბერძნული ენა მრავალრიცხოვანი ხალხისა და ქვეყნისათვის ოფიციალურ ენად იქცა. შეიქმნა ერთიანი სალიტერატურო ნორმების ფორმირების აუცილებლობა. ატიკურის ბაზაზე ჩამოყალიბდა ერთიანი დიალექტი, რომელმაც თანდათანობით შთანთქა სხვა დიალექტები. კოინეს ეპოქიდან იწყება ბერძნული ენისის ფონოლოგიური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ახ. წ. VIII-X ს-ში დასრულდა. მისი უმთაერესი ნიშნები იყო ბერძნული ხმოვანთა რთული სისტემის (გრძელი და მოკლე ხმოვნები) მარტივი ექვსხმოვნიანი სისტემით შეცვლა; დიფთონგების გამარტივება, მუსიკალური მახვილის შეცვლა ექსპირატორულით. მოხდა არსებითი ცვლილება მჟღერი და ასპირირებული ხშულების ფრიკატივებად გარდაქმნის მიმართულებით. ელინისტური ეპოქიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ძირითადად ორი სამწერლობო ენა ფუნქციონირებდა: ბერძნული და არამეული. როგორც ეპიგრაფიკული მასალა გვიჩვენებს, საქართველოში ბერინულს, როგორც სამწერლობო ენას, ქართული დამწერლობის გავრცელებამდე წამყვანი ადგილი ეკავა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ბერძნული ენიდან ქართულში არაერთი ლექსიკური ფორმა შემოვიდა. ბერინულ წყაროებს უკავშირდება ისეთი საკუთარი სახელების შემონახვა, რომელებიც ანტიკური ეპოქის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის აღდგენაში ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევენ, ესენია: კოლხი, იბერია, კვიტაია (ქუთაისი), ფაზისი (ფოთი), მესტლეტა (მცხეთა) და მრავალი სხვ.;

შუა საუკუნეების ანუ ბიზანტიური ხანა

4 შუა საუკუნეების, ანუ ბიზანტიური ხანის (600-1400) ამ პერიოდში ბერძნულ ენაში, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ის ფონოლოგიური სისტემა, რომელიც თანამედროვე ენისთვისაცაა დამახასიათებელი. სალიტერატურო ენაში მკაცრად ცდილობდნენ კლასიკური, მეტწილად კოინეს ან ატიკური ნორმების დაცვას, მაგრამ სასაუბრო ენაში გარდაქმნების პროცესი საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა და, როგორც ფიქრობენ, სალიტერატურო და ხალხური ენები ამ დროს იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ ბიზანტიაში დიგლოსიაზეც კი შეიძლება მსჯელობა. ამ ეპოქაში განსაკუთრებით გაიზარდა ბერძნიზმების ხვედრითი წილი ქართულში, რასაც ინტენსიურმა მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ შეუწყო ხელი. წმინდა წიგნებიდან, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურიდან ძვ. ქართულში მრავალი ტერმინი და ლექსიკური ფორმატივი შევიდა: ეკლესია, მონასტერი, ბომონი, ფილოსოფია, ისტორია, თეატრი და მრავალი სხვ.;

ახალი ბერძნული

5. ახალი ბერძნულის (XV ს-იდან). ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ბერძნული ენის განვითარება საკმაოდ წინააღმდეგობრივად წარიმართა. ერთი მხრივ, ცდილობდნენ სალიტერატურო ენაში არქაიზმის სულის შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი – ხალხური ენისათვის სალიტერატურო ნორმის სტატუსის მიცემას. ამ უკანასკნელმა ტენდენციამ მხოლოდ XIX ს. 80-იანი წლებიდან მოიპოვა უპირატესობა, თუმცა დღემდე საბერძნეთში დიმოტიკისთან (ხალხურ ენასთან) ერთად მომხრეები ჰყავს არქაიზებულ კათარეეუსასაც (ე. წ. „სუფთა ენას”).

ახალი ბერძნული ენის მრავალრიცხოვან დიალექტთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პონტოური დიალექტი, რომელზედაც თურქეთის შავიზღვისპირეთის პონტოს რეგიონში მცხოვრები ბერძნები მეტყველებდნენ. XIX ს-იდან იწყება მათი ინტენსიური გადასახლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ბინა დაიდო 100000-ზე მეტმა პონტოელმა. მათ დიალექტში მრავალი ქართული ნასესხობა აღინიშნება.

თანამედროვე სპეციალური საერთაშორისო ტერმინოლოგიის ფორმირების პროცესში, ლათინურთან ერთად, აქტიურად გამოიყენება ძველი ბერძნული ენა. ამგვარი ტერმინები უცხო ენებიდან ქართულშიც ინტენსიურად შემოდის.

რ. გორდეზიანი

ლიტერატურა

  • ურუშაძე ა. ძველი ბერძნული ენა, თბ. 1969;
  • გორდეზიანი რ. წინაბერძნული და ქართველური, თბ., 1980;
  • გორდეზიანი რ. დარჩია ი. შამანიდი ს. ძველი ბერძნული და ახალი ბერძნული, თბ., 1999;
  • ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, I-II, თბ., I999.

წყარო

საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები