ბიჭიაშვილი ნიკოლოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჭიაშვილი ნიკოლოზი – (XVIII ს. შუა წლები – XIX ს. დასაწყისი), საეკლესიო მოღვაწე, დეკანოზი. დაიბადა კახეთში (ქიზიყი). ზოგიერთ საბუთში იხსენიება, როგორც ანდრონიკაშვილი. არის ცნობა, რომ ამირეჯიბაშვილის გვარსაც ატარებდა, თუმცა მისი თავადური წარმოშობა საეჭვოა, არ არის გამორიცხული, რომ იყო რომელიმე ანდრონიკაშვილის უკანონო შვილი. წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შუამთის სამონასტრო სკოლა- ში ისწავლა. იგი ასევე კარგად იყო განსწავლული რიტორიკაში.

იოანე ბატონიშვილი თავის „მცირე უნყებაში“ წერდა: „ნიკოლოზ კახი ბიჭიაშვილი, ესე იყო მეცნიერი და კარგი რიტორი. ესე იყო თანაშეზრდილი მეფისა ირაკლისა, უცხო მოქადაგე, რომელმანაც მრავალი ქადაგება გამოთქვა. ესე იყო მცხეთის დეკანოზის ხარისხით, გარნა მარადის მსახურებდა მეფეთა კარის ეკლესიასა შინა. აგრეთვე სარგებელთა რჩევათაცა შინა მრავალგზის დაესწრებოდის მეფესთან, რომელსაცა (ნიკოლოზს) აქუნდა მადლი კარგ უბნობთა მსმენელთადმი და კარგთაცა აზრებთა იყო მომპოებელი“.

ბიჭიაშვილის შესახებ ცნობები შემონახულია XVIII ს. ბოლოსა და XIX ს. დასაწყისში მოღვაწე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ პეტრე არჯევანიძისა და მისი ძმის, მღვდელ პავლე არჯევანიძის, საოჯახო არქივში. ერთ-ერთ მოგონებაში მოთხრობილია ასეთი ეპიზოდი: ერეკლე მეფე არჩევდა ერთ საქმეს და ის იყო, უნდა მსჯავრი დაედო, რომ მოულოდნელად წარდგა მეფის წინაშე ქიზიყიდან ახლად მოსული ნიკოლოზ დეკანოზი და დაუკითხავი „რჩევით“ სულ სხვაგვარი მიმართულება მისცა საქმეს. საქმის მიმართულებით კმაყოფილმა მეფემ მიმართა დაუპატიჟებელ მრჩეველს: „შენ ქიზიყურო ყანაო, შენ აქ ვინ მოგიყვანაო“? ენამახვილმა ხუცესმა კი მიუგო: „ხარმა მხნა, კაცმა დამთესა, მეუფემ მომიყვანაო“.

ბიჭიაშვილის შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე იმ პერიოდში მოღვაწე სხვადასხვა ქართველ საერო თუ სასულიერო პირთა მოგონებებში. პაპუნა ორბელიანის მიხედვით, „ნიკოლოზ დეკანოზის ნამდვილი გვარი ბიჭიაშვილი ყოფილა და მეფე ირაკლის ერთგულებისათვის ამოწყვეტილი აზნაურის, ამირეჯიბაშვილის გვარი მიუცია და იმისი ყმა და მამული ანაგაში. ეს დეკანოზი, მგონია რუსეთშიც ყოფილიყოს და დიმიტრი ორბელიანი იქ გაეცნოს. მეფე ირაკლიმ თავისი შვილი ანტონ რუსეთში რომ გაგზავნა, ეს დეკანოზი ნიკოლოზიც იმისთვის გაეტანებინა“. მას იხსენიებენ აგრეთვე დავით რექტორი და იონა ხელაშვილი.

ბიჭიაშვილს სომხურიდან უთარგმნია „დიალექტიკა“ – „დიალექტიკა, სომხურიდან ნათარგმნი კარის დეკანოზის ნიკოლოზ ბიჭიაშვილისაგან სამცნობოდ, მარტივად მიღებად, თხზვად და სილოგიზმად“.

იგი მონაწილეობდა ერეკლე II-ის დაკრძალვაში.

ბიჭიაშვილის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უნყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს., თბ., 1982;
  • კალისტრატე (ცინცაძე), ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები