ბოდორნის საწინამძღვრო ჯვრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდორნის ეკლესიის პირველი საწინამძღვრო ჯვარი

ბოდორნის საწინამძღვრო ჯვრებიბოდორნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაცული სიწმინდე, რომელიც 1926 წლიდან დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

სარჩევი

ბოდორნის პირველი საწინამძღვრო ჯვარი

ბოდორნის ეკლესიის მეორე საწინამძღვრო ჯვარი

ბოდორნის პირველი საწინამძღვრო ჯვარი შტამპური წესითაა შესრულებული (ზომა: 62 X 30 სმ; მასალა: ვერცხლი, პატიოსანი თვლები). ჯვარი, მხატვრულ-სტილისტური თავისებურებების მიხედვით, შექმნილი უნდა იყოს XV ს.

შვეული პროპორციების ჯვარი, ბოლოებისაკენ მკვეთრად გაფართოებული მკლავებით, განვითარებული შუა საუკუნეების საწინამძღვრო ჯვრის ფორმას ითვალისწინებს. ზედა და თარაზული მკლავების თითოეული წვერი ბოლოვდება ორფურცელა პალმეტითა და მათ შორის მოქცეულ არეზე განთავსებული თითო მედალიონით, რომლებშიც შტამპური წესით შესრულებული ღვთისმშობლის ნახევარფიგურაა ჩაწერილი. იმავე ხერხითაა დატანილი ორნამენტული დეკორი და დანარჩენი გამოსახულებები: ღვთისმშობელი ვლაქერნისა (ორივე თარაზულ მკლავზე), ჯვარცმა (ზედა მკლავზე) და გველეშაპის მლახვრელი წმ. გიორგი (მკლავების გადაკვეთაზე); რომელზედაც, ფართობის სიმცირის გამო, ტვიფრის გარკვეული ნაწილები ვერ მოთავსდა. წმ. გიორგი მარჯვენა ხელით ზეაღმართული შუბით განგმირავს გველეშაპს, მარცხენა ხელით კი ფარი უპყრია. ანალოგიური ანაბეჭდი მეორდება თბილისის სიონის, გულეიკარის (სამეგრელო) და ჟიბიანის (ზემო სვანეთი) წმ. გიორგის ხატებზე. აღნიშნული ანაბეჭდების საფუძველს წარმოადგენს გურჯაანის წმ. გიორგის ბრინჯაოს ტვიფრის (XV ს.) ორეული. ბოდორნის ჯვარზე დაცული ვლაქერნის ტიპის ღვთისმშობლის ანაბეჭდისათვის გამოყენებულია საეკლესიო მუზეუმის კოლექციაში დაცული ღვთისმშობლის ბრინჯაოს ორი ტვიფრიდან ერთ-ერთი.

ბოდორნის მეორე საწინამძღვრო ჯვარი

ბოდორნის მეორე საწინამძღვრო ჯვარი ასევე შტამპური წესითაა შესრულებული (ზომა: 32.5 X 27 სმ; მასალა: ვერცხლი, უბრალო ლითონი, შუშა, ხე). ჯვარი თავდაპირველად ეკუთვნოდა ცროლისხევის წმ. სამების ეკლესიას. შემდეგ დასვენებული იყო ბოდორნის ტაძარში.

ჯვრის მხატვრულ-სტილისტური თავისებურებები სავარაუდოს ხდის მის შექმნას XV ს.-ში.

ჯვრის ზურგის დაუფერავი ვერცხლის გლუვზედაპირიან მოჭედილობაზე განაწილებულ ოთხსტრიქონიან, ნუსხურ (ასომთავრულნარევ) საქტიტორო წარწერაში მოხსენიებული ბაუზურთნისშვილი შალია და „ნათესავი მისნი“ შეწყალებას სთხოვენ ცროლისხევის წმ. სამებას.

საწინამძღვრო ჯვრის კონფიგურაცია ითვალისწინებს განვითარებული შუა საუკუნეების ჯვრების ფორმას. წინა პირი დაფარულია მოოქრული ვერცხლის ფურცლებით, რომლებზედაც შტამპური წესით გამოსახულია ჯვარცმა (ცენტრში), ვედრება (ზედა და თარაზულ მკლავებზე), მთავარანგელოზთა წყვილედი გამოსახულება (ქვედა მკლავზე), ორნამენტული დეკორი (მკლავების დაბოლოებებზე). უკანასკნელისთვის გამოყენებულია ის ტვიფრი, რომლის ანაბეჭდი დაცულია ბოდორნის პირველ ჯვარზე.

ე. კავლელაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959, ტ. 4, თბ., 1973.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1, თბ., 1991;
  • Такаишвили Е., Археологическiя экскурсии, разыскания и заметки, вып., 5. Тфл., 1915.
  • Чубинашвили Г., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები