ბოდორნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძარი

ბოდორნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი − (დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია), მდებარეობს ს. ბოდორნის სამხრეთით 400 მ-ზე, მდ. დუშეთისხევის მარჯვემა ნაპირზე, თიხნარი მთის ციცაბო, თითქმის შვეული კალთის შუაწელზე, ხეებითა და ბუჩქებით დაფარულ პატარა ტერასაზე.

ეკლესიაზე არსებული წარწერების თანახმად, ადრე იქ მდგარი დანგრეული ეკლესია 1717 წ. განუახლებიათ არაგვის ერისთავის შვილს, მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს. მოგვიანებით, XVIII ს. შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილს ეკლესიისათვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენებია (ამჟამად აღარ არსებობს). 1912 წ. ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს. გუმბათით დაგვირგვინებული დარბაზული ეკლესია (10.4 X 7.1 მ) ნაშენია რიყის ქვითა და აგურით; წყობა ძირითადად შერეულია, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა ქვისა და აგურის რიგების წესიერი მონაცვლეობა. გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა (დასავლეთ შესასვლელი 1912 წ. შეკეთების დროსაა გაჭრილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე; ტრაპეზია მიდგმული საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან გამოყოფილია რიყის ქვით ნაგები, შელესილ-შეთეთრებული კანკელით. კანკელს, აღსავლის კარის გარდა, დამატებითი ღიობიც აქვს ჩრდილოეთით. დარბაზის სამივე კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლების თაღები შეისრულია, დასავლეთი სარკმლის თაღი და გუმბათის ყელში გაჭრილი რვა სარკმლის თაღები – ნახევარწრიული. გუმბათის დასაყრდნობად გრძივი კედლების შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილია ორი შეისრული თაღი. ამ თაღებზე დაყრდნობილია მათი პერპენდიკულარული, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების მიმდებარე, ორსაფეხურიანი თაღები, რომლებიც გუმბათქვეშა კვადრატს ქმნიან. კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. გარედან ეკლესიის მასები არ შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას ჯვარ-გუმბათოვანი იერის მისანიჭებლად გუმბათის ყელის სამხრითა და ჩრდილოეთით, წესისამებრ, გვერდის „მკლავების“ ორკალთიანი სახურავებია მოწყობილი, რის გამოც სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების შუა ნაწილი ამაღლებულია და ფრონტონითაა დასრულებული. აღმოსავლეთ ფასადზე აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია სამი მოზრდილი ჯვარი – ერთი, თანაბარმკლავებიანი, ფრონტონის არეშია, თითო – საფეხუროვან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი სარკმლის გვერდებზე, ზედა ჯვრის ქვემოთ სწორკუთხა შეღრმავებაა. დანარჩენი ფასადები სადაა. სამხრეთ შესასვლელის თავზე ჩასმულ მოიისფრო თლილი ქვის ფილაზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერა გვამცნობს ეკლესიის განახლების თარიღსა და დამკვეთთა ვინაობას, დასავლეთ ფასადის თორმეტსტრიქონიანი მხედრული წარწერა კი – შეკეთების თარიღს. რვაწახნაგოვანი გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე, ორსაფეხურიან შეისრულთაღოვან ნიშებში, ვიწრო და მაღალი, თაღოვანი სარკმლებია. წახნაგების წიბოებს ასდევს თითო ლილვი, რომლებიც ზემოთ ჰორიზონტალურ ლილვს უერთდება. ფასადები დასრულებულია მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდნით. გუმბათის ყელის ლავგარდანი ოთხსაფეხურიანია. იგი ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის მწკრივების მონაცვლეობისგან შედგება. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.

ბოდორნის ტაძარი, ისევე, როგორც ანანური, არაგვის ერისთავთა სალოცავსა და საძვალეს წარმოადგენდა.


თ. დვალი

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, vol. 2, heiden, 1995.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები