ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო, მდებარეობს შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიულ პროვინციის, თორის ტერიტორიაზე. მის შემადგენლობაში შედის ბორჯომის მუნიციპალიტეტი და მიმდებარე ბორჯომის იგივე ძველი სადგერის ხეობა. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და თეთრიწყაროს, ჩრდოლო-აღმოსავლეთიდან გორისა და სამთავისის, რუისისა და ურბნისის; ჩრდილო-დასავლეთიდან მარგვეთისა და უბისის; დასავლეთიდან და სამხრრეთ-დასავლეთიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის; სამხრეთიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.

საქართველოს ეს კუთხე ადრიდანვე ხან მაწყვერელი, ხან კუმურდოელი მღვდელმთავრების სამწყსოდ ითვლებოდა. XV ს-იდან ეს მხარე განსაკუთრებული სისასტიკით გააჩანაგეს ოსმალებმა. აქაური მოსახლეობა „კაცნი ყოფილან მბრძოლნი ძლიერნი“, მაგრამ მტერთან ბრძოლაში მოსახლეობა განახევრებულა, რის შემდეგაც გადარჩენილნი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნენ. ოსმალთაგან დაპყრობილ მხარეში დაიწყო ეკლესია-მონასტრების მეჩეთებად გადაკეთება, სამღვდელოების დევნა და საეპისკოპოსოების თანდათანობითი გაუქმების პროცესი. ქრისტიანი მოსახლეობისგან გაუკაცრიელებულ ხეობაში XVIII ს. შუახანებიდან სამღვდელმთავრო კათედრაც გაუქმდა და კათოლიკოს-პატრიარქ დომენტის 1741 წლისთვის სადგერის ხეობა დაუქვემდებარებია მროველისთვის, „ვინაითგან მაწყუერელი არღარა არსო“.

საუკუნეთა განმავლობაში გაუკაცრიელებული უძველესი კუთხის აღდგენა XIX ს. I ნახევრიდან დაიწყო. ამავე პერიოდს უკავშირდება წერილობით წყაროებში ტოპონიმ „ბორჯომის“ პირველი მოხსენიებაც. XV-XVIII სს. ბორჯომის ადგილზე რამდენიმე პატარა სოფელი იყო: – ნუა, ფაფა, ჭალა და სხვ. ბორჯომის სახელწოდება მესხეთში ურავლის ხეობაში სოფ. ბორჯომიდან (ამჟამად ანდრიაწმინდის ახლოს მდებარე ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში) ოსმალთა დაპყრობების დროს ლტოლვილი მოსახლეობიდან მომდინარეობს. ბორჯომის გაქალაქება კი XIX ს. ბოლო პერიოდიდან დაიწყო. უძველესი ნაქალაქარის აღდგენასა და ხეობის ცენტრალურ ქალაქად გადაქცევას ძირითადად ბორჯომის ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, 20-იან წწ. ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, უძველეს ქრისტიანულ კერაზე – თორში – ტრადიციული ეკლესიური ცხოვრების განახლება თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ 1978 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ მხარეში ეპარქიის დაარსება. 1978 წ. აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა ბორჯომის ხეობაც. 1995 წ. 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულად მეტად გავრცობილი ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. 2002 წ. 17 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის საფუძველზე დაარსდა ორი ეპარქია: ა) ახალქალაქისა და კუმურდოს და ბ) ბორჯომისა და ბაკურიანის. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმ. სინოდმა მანამდე ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა, ამჟ. მიტროპოლიტი) დაადგინა.

მისი ძალისხმევით ეპარქიის ტერიტორიაზე ოთხ ათეულზე მეტი მოქმედი ეკლესია და ათობით მშენებარე ეკლესია-მონასტერია, რომელთაც შესაბამისი რაოდენობის ღვთისმსახური ემსახურება. ბოლო დროს მღვდელმთავრის ძალისხმევით რამდენიმე ეკლესია მოიხატა, ძველი დროის ათამდე დანგრეული ეკლესია აღდგა და ამდენივე ახალი ტაძარი აიგო. ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება. თანამიმდევრულად მიმდინარეობს ტრადიციული ბერმონაზვნური ცხოვრების წესის განახლება, საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული ქრისტიანული ხელოვნებისა და ხელსაქმის, სასულიერო განათლების ტრადიციის აღდგენა, სამეცნიერო ხასიათის ბროშურების გამოცემა და სხვ. ეპარქიაში მოქმედებს ახალდაბის (ფოთოლეთის) გრიგოლ ხანცთელის, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების, ჩითახევის წმ. გიორგის (იგივე მწვანე), მამათა მონასტრები და სადგერის წმ. გიორგისა და ბორჯომის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტრები.

დეკანოზი ბ. გუგუშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები