გაბაშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაშვილი ზაქარია − (1705 − 1780), თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი და პედაგოგი. ბესიკ გაბაშვილის მამა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართლის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იოანე ბატონიშვილის სიტყვით, იგი „იყო ფილოსოფიისა სწავლათა შინა გამოცდილი და ღვთისმეტყველებასაცა მიწევნილი. მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე, მშვენიერი მწერალი და მთხზველი მაღალ ფრაზასა ზედა უცხო პიიტიკოსი და მღვდლობითა სრული“.

ზაქარიას ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მისი შვილები და ძმისწულები – ნიკოლოზი, სვიმონი, ანტონი, მაია. ზაქარიას ფილოსოსოფიურ სკოლაში სწავლობდნენ ანტონ I, მზეჭაბუკ ორბელიანი, ისაკ მცირე, ჰიმნოგრაფი იოანე კახი. ცნობილია, რომ ერეკლე მეფის აღზრდა „ერწმუნა ბრძენთა მოძღვართა და მღვდელს ზაქარიას“.

ზაქარია ორბელიანების მოძღვარიც იყო და მწერალ-მწიგნობრის თანამდებობასაც ასრულებდა.

XVIII ს. შუა წლებში ზაქარია ქიზიყში მსახურობდა და ბევრი ძალდატანებით გამაჰმადიანებული ქართველი მოაქცია ქრისტიანობაზე. ამის შემდეგ იგი დაინიშნა თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრად და მყისვე მოექცა იმდროინდელი კულტურულ ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის შუაგულში. ის ქართულ საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც კაცი, „დაღალული კატეღორიითა, დიალექტიკითა, ტოპიკებითა და სილოგიზმებითა“. მან უმოკლეს დროში აიღო ხელში უმაღლესი საეკლესიო მმართველობის სადავეები.

თეიმურაზ II-მ ზაქარიას განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა. ამიტომაც იყო, რომ იგი არც საერო საქმეებში ჩართვას ერიდებოდა, აქტიურობდა სამეფოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.

ზაქარიას აღზევების შემდეგ გაბაშვილთა გვარის ავტორიტეტი უფრო გაიზარდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ზაქარია დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. მოძღვარი ზაქარია არ ეთანხმებოდა ანტონის განმანათლებლურ მოღვაწეობას. ამის გამო ზაქარიასა და ანტონს შორის ბრძოლამ სერიოზული სახე მიიღო. ანტონს მხარს უჭერდა მისივე ტოლი ერეკლე. ერეკლე მეფესა და ანტონთან დაპირისპირების შედეგად ზაქარია გაასამართლეს 1764 წ., განკვეთეს მღვდლობიდან და ქონებაც ჩამოართვეს.

ზაქარიამ თავშესაფარი რუსეთში პოვა ვახტანგ VI-ის შთამომავლებთან, სადაც მან 3 წელი დაჰყო. 1771 წ. დაბრუნდა საქართველოში და დაბინავდა იმერეთში, სოლომონ I-ის კარზე, სადაც იგი აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. ქართული მწერლობა ქუთაისში ვითარდებოდა როგორც მეფე-დიდებულთა სასახლეებში, ისე ეკლესია-მონასტრებში. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოდიოდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით ლტოლვილი მწიგნობარნი. მათ შორის თავის ნიჭითა და განათლებით მკვეთრად გამოირჩეოდა ზაქარია.

1774 წ. მან დაწერა შესხმა-მილოცვა სოლომონ I-სადმი, რომელიც სადღესასწაულო მჭევრმეტყველების გამორჩეული ნიმუშია.

1774 წლიდან ზაქარია საბოლოოდ დამკვიდრდა გელათის მონასტერში, სადაც აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში – წერდა წიგნებს, ამზადებდა ახალ ნუსხებს, ქართულ თარგმანებს უდარებდა ბერძნულსა და რუსულს. საეკლესიო მწერლობის იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად იგი ქართულ თარგმანებს რუსულთან მიმართებაში ამოწმებდა. ზაქარია გაბაშვილმა გელათის მონასტერში შექმნა ასკეტიკური თხზულება ექვს ნაწილად „სვინდისისა ლოცვა-განზრახვანი“ (r-1228).

გელათის მონასტერში ზაქარიამ არაერთი საინტერესო ხელნაწერი გადაწერა და შეამკო. ზოგჯერ მასთან ერთად მუშაობდა მეფის ძე იოსებ კათოლიკოსი. 1772 წ. გადაწერილი ლიტურგიისთვის (r-331) ზაქარიას მიერ დართულ ანდერძში ვკითხულობთ: „ბრძანებითა იოსიფ კათალიკოს მამამთავრისათა ერთობ ვიღვაწეთ და თანაშევეწამენით ბერძენ როსიისა საპატრიარქოთა ლიტურღიათა და ესრეთ აღვავსეთ ნაკლი რაიმე და ყოვლითურთ განვასრულეთ. ჩანიკარგა გაენათისა დიდისა ეზოსა შინა“ (113m-114k).

გელათში ზაქარიას მოღვაწეობა ძალზე ინტენსიური და ნაყოფიერი იყო. მან დასაბამი მისცა გაბაშვილთა ოჯახში კალიგრაფიული სკოლის შექმნას. სიცოცხლის ბოლომდე ზაქარია გაბაშვილის ხელწერა იყო ისეთივე დახვეწილი, გამორჩეულად ლამაზი, თანაბარი ასოებით, როგორც ახალგაზრდობაში. ხანდაზმულობისას ზაქარია კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდა ხელნაწერთა გადაწერას. გელათი გახდა მისი სიცოცხლის ბოლო წლების ადგილსამყოფელი და მის მიერ გადაწერილი არაერთი ხელნაწერის გადაწერის ადგილი. ზაქარია გაბაშვილი გარდაიცვალა გელათში. დაკრძალულია მონასტრისავე ეზოში, ტაძრის დასავლეთ კართან.


ათორმეტს ეტლზედ, რომელ არიან
ზოდიქონი, ანუ ბურჯნი, ლექსად თქმულნი
ოთხტაეპოვანი, ათექვსმეტმარცვლოვანი
ვერძი მარტსა ოცდახუთსა
მიითვალავს მზისა სპერას,
კურო აპრილს ოცდასამსა
ისპეკალებს იასპერას,
ორათსამსა მაისისას
მარჩბივ იმოსს ჭრელ პეპერას,
კირჩხიბ ივნისს ოცდაოთხსა
უკუერწყმის დიდს იმპერას.
ოცხადუთსა ივლისს თვესა
ლომს ილიოს ამბორს ეცი,
ქალწულიცა აღუსტოსა
ხუთ ხუთეულს შენაკეცი,
ორათხუთსა სეკდემბერსა
სასწორშია შენატკეცი,
მზევ, ოკდომბერს ღრიანკალში
ვედ შუქით, იბაზმაკეცი.
ნოემბერსა ოცდახუთსა
აღიცისკრებს მშვილდოსანი,
ორათხუთსა დეკენბერსა
თხის რქას მიაქვს წმიდოსანი,
იანვარს ოცს მთვრალი შესტრფის
წყლის საქანს არბინდოსანი,
თევზმან ოცსა თებერვალსა
აპოლლო არ წყმიდოსანი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები