გამალიელი (გამრეკელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამალიელი (გამრეკელი) – (XVIII ს. I ნახ. – 1816, ქ. თბილისი), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, მწიგნობარი, არქიმანდრიტი. წარმოშობით ოსი. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ მის შესახებ წერს „გამალიელ ოს-ყოფილი არქიმანდრიტი: – ესეცა იყო კათოლიკოზისავე ანტონისაგან აღზრდილი, წერილთა და გალობათა შინა გამოცდილი და არიხმატიკოსი და მონაზონებითაცა კარგი, მწერალი უცხო, რომელმან მრავალნი წერილნი საღმრთონი გარდასწერნა ვიდრე სამასამდისინ. ამან კეთილად იღვაწა იკორთის მონასტერსა მთავარანგელოსთ ეკლესიისათვის. და ესრეთ შრომითა ატარებს დროსა თვისსა“.

1758 წ. დეკემბერში გამალიელი უკვე არქიმანდრიტია და ქსნის ხეობაში, იკორთის მონასტრის წინამძღვრად ჩანს. გამალიელი საუკეთესო კალიგრაფი იყო. მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის: თეოფილაქტე ბულგარელის „თარგმანება - ლუკას სახარებისა“, რომელიც გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII) დავალებით შეასრულა. წიგნს აქვს მინაწერი: „აღვსწერე წიგნი ესე განმარტება ლუკას სახარებისა, და სრულ ვჰყავ ბრძანება უგანათლებულესობისა მეფის მეფის ძის ძის გიორგისა, რომლისა კეთილ-სუფევით ცხოვრება მრავალჟამიერ ჰყოს უფალმან, ამინ, ამინ, ამინ, მე ფრიად ცოდვილმან და უღირსმან მღუდელ-მონაზონმან გამალიელ, მხილველთა შენდობისა მთხოვნელმან“; ბაუმეისტერის „ლოღიკა“. წიგნზე არის მინაწერი: „ვედრებისა მთხოველი უნდო ვინმე ბერი მღუდელ-მონაზონი გამალიელ, აღმწერელი ამა წერილისა, გმოქენეობ ყოველთა, რათა არა ჰყოთ წყევა ნაცვლად შენდობისა ამისათვის, რომელ რაოდენ ძალ მედუა, სიმართლეს ვსწადნოოდი. იუნის ე, წელსა ჩღოჱ“ (5.06.1778). მართალია, ამ დროს იგი არქიმანდრიტია, მაგრამ ამ მინაწერებში თავის თავს მღვდელ-მონაზვნად იხსენიებს.

1779 წ. 11 დეკემბერს მან დაასრულა „მეტაფიზიკის“ გადაწერა, სადაც თავის თავს უკვე არქიმანდრიტად იხსენიებს; 1790 წ. გადაწერა „კარაბადინი“. წიგნს დაკრული აქვს ბეჭედი „გამალიელი“. ყველა ეს წიგნი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

გამალიელი ასევე წერდა საბუთებს, ამრავლებდა ნუსხებს, აქტიურად მონაწილეობდა მონასტრის სამეურნეო საქმიანობაში.

გამალიელი დაახლოებული და მიღებული მოძღვარი იყო ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელ მეფე გიორგი XII-სთან. 1789 წ. 24 იანვარს დაიბადა გიორგი XII-ის პირველი შვილიშვილი, გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი. პ. იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ წერს: „რადგან დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა უწოდონ სახელად ახალშობილსა გრიგორი და ისურვა, რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელ წინამძღვარი იკორთისა“. 1800 წ. 7 თებერვალს გიორგი XII თავის შვილს, ბატონიშვილ იოანეს სწერდა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ, ეკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგან მათი სალოცავი არის. გამალიელი შეუწუხებიათ და წინამძღვრობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე დაამშვიდო“. მართლაც, ბატონიშვილმა იოანემ მოაწესრიგა საქმეები და გამალიელი დარჩა წინამძღვრად. მადლიერმა წინამძღვარმა გიორგი მეფეს საჩუქრად მიართვა ღვთისმშობლის ხატი, შემკული მეფის ძის, ერეკლე II-ის პირველი ვაჟის, ვახტანგისგან. (გ.1760).

1810 წ. 3 ნოემბერს რუსეთში იძულებით გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი), რასაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. 1810 წ. დეკემბერში საქართველოს სასულიერო დიკასტერიის განჩინებით გამალიელი ბოდბის წმ. ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1811 წ. 18 თებერვალს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა სასულიერო დიკასტერია, რომლის ერთ-ერთი წევრი გამალიელი იყო.

პ. იოსელიანის ცნობით, სიცოცხლის უკანასკნელი წლები გამალიელმა თბილისში, საქართველოს პირველი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ვარლაამის (ერისთავი) სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაატარა და ღრმად მოხუცებული იქვე აღესრულა.

გამალიელის ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს და დაკრძალეს იკორთის მონასტერში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „ივერია“, 1893, №183;
  • სცსა არქივი, ფ. №48, აღწერა 1, საქმე №3876;
  • Акты, собранные Кавказской Археографической Комиссией, т. 4, Tфл., 1870;
  • Иoселиани Пл., Икортский монастырь в карталинии, журн., Грузинский Духовный вестник, 1865, ноябрь
  • თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1969;
  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H) კოლექცია, ტ. 1, თბ., 1946;
  • ქენქაძე ვ., ქსნის ერისთავები, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები