გელათის საეპისკოპოსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელათის საეპისკოპოსო –(XVI ს-ის დას.), ერთ-ერთი საეპისკოპოსო დასავლეთ საქართველოში. დაარსდა 1529 წ.

იმ დროისთვის იმერეთის სამეფოში მხოლოდ ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრა მოქმედებდა, რომრლიც მთელ იმერეთსა და რაჭის მხარეს მოიცავდა. XV ს-ის 70-იან წლებში, ერთიანი ქართული სახელმწიფოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა გაძლიერება დაიწყეს. თავიანთი ადგილ-მამულების გაფართოების მიზნით მათ საეკლესიო მიწების მიტაცებას მიჰყვეს ხელი. ფეოდალთა ხელში აღმოჩნდა ქუთაისის საეპისკოპოსოს კუთვნილი მიწების ნაწილიც. ახალგაზრდა და ენერგიულმა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565), ფეოდალთაგან საეკლესიო ყმა-მამულის დაცვისა და თავისთვის პოლიტიკური დასაყრდენის გაჩენის მიზნით, აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს მალაქია I-თან (აბაშიძე) შეთანხმების შემდეგ, იმერეთის სამეფოში ახალი საეპისკოპოსო კათედრების დაარსება გადაწყვიტა. რამდენადაც ეპისკოპოსი მონაზონი იყო, ის მიწების სამემკვიდრეოდ დასაკუთრებაზე არ ზრუნავდა და სამეფო ხელისუფლებას ამ მხრივ პრობლემებს არ უქმნიდა. პირიქით, ეპისკოპოსები ძირითადად მეფის ერთგულნი იყვნენ და მხარში ედგნენ სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1529 წ., მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით, ქუთაისის ეპარქიას გამოეყო გელათისა და ხონის საეპისკოპოსო კათედრები. 1534 წ. საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა ნიკორწმინდაშიც.

იმერეთის სამეფოში ახალი ეპარქიების დაარსების შესახებ ცნობა შემონახულია „ქართლის ცხოვრების გაგრძელებაში“: „ქორონიკონსა: სიზ: (218) – 1529 წ. – მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი (10). ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა. ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღვთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა საყუარელის ძისა, საუკუნომცა არს ხსენება მათი. ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩეტის-ძე (ჩხეტიძე) მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ხელითა საყდართა შიგან ბიჭვინტისათა, ქორონიკონი იყო: სიზ: (218 ) 1529 წ. წარვედით აფხაზეთს საკურთხევლად ივნისსა კ (20) და მოვედით. ივლისსა კ (20)“.

ანალოგიური ცნობა იმერეთში ახალი საეპისკოპოსოების დაარსების შესახებ დაცულია მატიანეში „ცხოვრება საქართველოისა“, ე. წ. „პარიზის ქრონიკაში“.

ზოგიერთი მინაწერის მიხედვით, გელათში საეპისკოპოსო კათედრა 1519 წ. დაარსდა. ასევე ათარიღებს საეპისკოპოსოს დაარსებას ვახუშტი ბატონიშვილიც: „შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი იმერეთისანი ბაგრატ მეფემან და ჰყო გელათი საეპისკოპოსოდ და დასუა საყუარელიძე მელქისედეკ, ქ ს (ქორონიკონსა) ჩ.ფ.ი.თ. (1519)“.

შემოქმედის გულანში გ. ს-ს დაარსება 1525 წლით თარიღდება.

საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ წყაროებში განსხვავებული თარიღების არსებობამ, მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მკვლევართა ნაწილი გელათის საეპისკოპოსოს დაარსების თარიღად 1519 წელს მიიჩნევს (თ. ჟორდანია, მ. გოქსაძე, თ. ქორიძე), ნაწილი – 1529 წელს (ს. კაკაბაძე, ი. დოლიძე, ბ. ლომინაძე, გ. მჭედლიძე და სხვ.).

ბაგრატ III-ის მიერ გელათის მონასტრისთვის ბოძებულ სიგელში, რომელიც 1527 წლით არის დათარიღებული, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს მალაქიასა და ქართლის კათოლიკოს ბასილისთან ერთად, მოხსენიებულია „დიდისა საყდრის“, ანუ გელათის მოძღვართმოძღვარი მანასე (სხეც, ფონდი SD – 2894). აღნიშნულ საბუთში მოძღვართმოძღვარ მანასეს მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ 1527 წ. გელათში ჯერ კიდევ არ იყო დაარსებული საეპისკოპოსო კათედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძღვართმოძღვრის ნაცვლად მოხსენიებული იქნებოდა გაენათელი ეპისკოპოსი, როგორც ეს სხვა, შემდგომი ხანის საბუთებში ხდება. აქედან გამომდინარე, გელათში საეპისკოპოსო კათედრა 1529 წ. უნდა დაარსებულიყო, რასაც „ქართლის ცხოვრების გაგრძელებასა“ და „პარიზის ქრონიკაში“ დაცული ცნობებიც ადასტურებს.

გელათის საეპისკოპოსოს დაარსების აღსანიშნავად აფხაზეთის კათოლიკოს მალაქია აბაშიძეს შეუდგენია: „ზესთარსისა და ზე აღმატებულისა დიდისა საყდრისა ჩუენისა ახლისა იერუსალიმისა გენათისა გუჯარი“ (სხეც, ფონდი SD – 2895), რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. დოკუმენტი დაუთარიღებელია, ს. კაკაბაძემ ის 1529 წ. შედგენილად მიიჩნია.

საბუთში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი აღნიშნავს, რომ მეფე ბაგრატის რჩევით, გელათში საეპისკოპოსო კათედრის დაარსება გადაწყვიტა და გაენათელ ეპისკოპოსად მელქისედეკ საყვარელიძეს დაასხა ხელი. გელათის საეპისკოპოსოს დაუდგინეს სამწყსოს საზღვრები და „განუჩინეს“ შემოსავალიც: „განუჩინეთ სამწყსონი და საკურთხი რიონსა: და ქუთათის ქალაქსა ზედათ. ყვირილას გამოღმა და ვიდრე კაცხის ზღუარამდის: და ხრეითს აქეთ რაჭის მთამდის და ოკრიბა (სხეც, ფონდი SD – 2895).

გელათის საეპისკოპოსომ იმერეთის მხარის თითქმის ერთი მესამედი მოიცვა. ქვემო იმერეთში ქ. ქუთაისის ნაწილი, რიონის პირი და ოკრიბა, ზემო იმერეთში – არგვეთის ნაწილი კაცხის საზღვრამდე და „ხრეითს აქეთ რაჭის მთებამდე“. უნდა აღინიშნოს, რომ გელათის საყდარს სხვა საეპისკოპოსოებშიც ჰქონდა „დაბანი და სოფელნი“, სადაც „მიმოდათესულნი გლეხნი“ ჰყავდა.

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, გელათი: „პირველად იყო მონასტერი, შემდგომად ჰყო ბაგრატ საეპისკოპოსოდ“, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ გელათში XVI ს-მდეც მოქმედებდა საეპისკოპოსო კათედრა. (ე. თაყაიშვილი, ს. კაკაბაძე).

წყაროთა სიმცირის გამო ძნელია გადაჭრით მტკიცება არსებობდა თუ არა XVI ს-ის 20-იან წლებამდე გელათის საეპისკოპოსო და თუ არსებობდა, როდის შეწყვიტა მან მოქმედება. ფაქტია, რომ 1529 წ., მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით, გელათში ახალი საეპისკოპოსო შეიქმნა, დადგინდა მისი საზღვრები და გაენათელ ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა მელქისედეკ საყვარელიძე.

გაენათელი ეპისკოპოსის საკათედრო ტაძრად გამოუყვიათ ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უძველესია გელათის არქიტექტურულ ანსამბლის ნაგებობათა შორის. ტაძრის მშენებლობა მეფე დავით IV-ის (1089-1125) თაოსნობით დაიწყო. გელათის გულანის მინაწერი გვამცნობს: „ქ“ს სა (ქორონიკონსა): ჟ დ: (1606) ამა ქორონიკონისამდის გელათი რომ დაწყებულა: ფ (500) წელიწადი გარდასულიყო“. ამ ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ გელათის მშენებლობა 1106 წ. დაიწყო „დადიანთა ქრონიკის“ ცნობით: „წელს: ჩრლ: (1130) დავით აღმაშენებელმა გელათი აღაშენა.“ მეფე დავითი გარდაიცვალა 1125 წელს. მართალია, ქრონიკის ავტორი დავითის გარდაცვალების თარიღში ცდება, მაგრამ უეჭველად საყურადღებოა, რომ გელათის დამთავრებას 1130 წლით ათარიღებს. 1130 წ. დავითის უფროსი ვაჟი დემეტრე I (1125-1156) მეფობდა. გელათის ღვთისმშობლის ტაძარი მართლაც დემეტრე I-ის ზეობისას, 1130 წ. დასრულდა. მაგრამ გელათის მონასტრის აშენება რომ დავით აღმაშენებლის სახელს დაუკავშირდა, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან იგი იყო ამ საქმის თაოსანი, დამწყები და სამუშაოთა დიდი ნაწილის შემსრულებელი.

გელათის საეპისკოპოსოს მართვის სამეურნეო მექანიზმი მსგავსი იყო იმ ხანის ფეოდალური სენიორიების სამეურნეო წარმოებისა. მეურნეობაში წამყვანი ადგილი ეჭირა მიწათმოქმედებას. მოჰყავდათ ღომი, პური, ქერი და სხვა მარცვლეული კულტურები. განვითარებული იყო მევენახეობა და მეფუტკრეობა. ცნობილია, რომ გელათის მონასტერს დიდი შემოსავალი ჰქონდა ღვინის წარმოებით. მეღვინეობის საქმის მომწესრიგებლად დადგენილი იყო საგანგებო მოხელე მეღვინეთუხუცესის სახით. მეღვინეობა გელათში საეპისკოპოსოს დაარსების (1529) შემდეგაც წამყვან დარგად რჩებოდა, ხოლო მეღვინეთუხუცესი გელათის საეპისკოპოსოს მმართველი ორგანოს საპატიო წევრი იყო, რასაც ადასტურებს 1790 წ. საბუთში „საგენათლოს კრებულ სამღვდელო და საერო“ პირთა შორის მეღვინეთუხუცესისა და მეღვინის მოხსენიება. (სხეც, ფონდი HD-1621).

რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოებს შორის ეკონომიკური სიძლიერით, გელათის საეპისკოპოსოს გამორჩეული ადგილი ეკავა. გაენათელი ეპისკოპოსები „სხუათა ეპისკოპოსთაგან უმეტესნი იყვნენ“ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ იმერეთის სამეფო კარზე. მათ, სხვა შემოსავლების გარდა, დადგენილი წესის მიხედვით, „ასი თეთრი მიერთმეოდათ სამარადისოდ“.

გაენათელები იმერეთის სამეფოში მდიდარი და გავლენიანი სასულიერო პირები რომ იყვნენ, ეს უცხოელი მოგზაურების ცნობებითაც დასტურდება. ფრანგი იუველირი და მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-1673 წლებში იმყოფებოდა, გაენათელი ეპისკოპოსის შესახებ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ: „იგი (საუბარია გაენათელ გედეონ ლორთქიფანიძეზე) იმერეთში მდიდარი და მეტად ღირსშესანიშნავი პიროვნებაა“.

დადგენილია 1529-1820 წლებში მოღვაწე 19 გაენათელი ეპისკოპოსის ვინაობა. რომელთა შორის თავიანთი ღვაწლით გამოირჩეოდნენ: მელქისედეკ საყვარელიძე, ზაქარია ქვარიანი, გედეონ ლორთქიფანიძე, იოსებ ბაგრატიონი, ეფთვიმე შერვაშიძე და სხვანი.

1817 წ. საქართველოს ეგზარქოსად მოვლინებულმა თეოფილაქტე რუსანოვმა, რუსეთის საიმპერატორო კარის დავალებით, 1819 წ. დასავლეთ საქართველოში დაიწყო საეკლესიო რეფორმის გატარება, რომლის ძალითაც უნდა გაუქმებულიყო რაჭა-იმერეთის ოთხივე საეპისკოპოსო კათედრა და ისინი იმერეთის ეპარქიაში უნდა გაერთიანებულიყვნენ. უნდა შემცირებულიყო იმერეთში არსებული მოქმედი ეკლესიები და დათხოვნილიყვნენ ღვთისმსახურები. ეპარქიის გლეხებს, რომლებიც სამწყსო გადასახადებს აქამდე ნატურით (სასოფლო პროდუქტებით) იხდიდნენ, ამიერიდან ფულით უნდა გადაეხადათ, რაც მანამდე არსებულ გადასახადებს ორჯერ აღემატებოდა. ამან ხალხის აღშფოთება გამოიწვია და სახალხო მღელვარება 1819-1820 წლების აჯანყებაში გადაიზარდა. რუსეთის სახელისუფლებო წრეებმა ამ აჯანყებას „საეკლესიო ბუნტი“ უწოდეს.

1820 წ. 3 მარტს საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით, შეიპყრეს აჯანყების მეთაურებად მიჩნეული მეუფეები: დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. მთავრობამ დაპატიმრებული მღვდელმთავრების რუსეთში გადასახლება გადაწყვიტა. დოსითეოს ქუთათელი შეპყრობის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გზაში გარდაიცვალა და ანანურში დაკრძალეს. ეფთვიმე გაენათელმა კი რუსეთში ჩააღწია. იმპერატორ ალექსანდრე I-ს მეუფე ეფთვიმესთან შეხვედრა მოუნდომებია და დატყვევებული გაენათელი ეპისკოპოსი ბატონიშვილ დავითის ცნობით: „მუნით ნებითა ხელმწიფისათა მიუწოდეს პეტერბურხს, და ნახა თვით ხელმწიფემან, და ჰსცა პატივი შემზგავსებული“. არსებობს გადმოცემა, რომ ეფთვიმე გაენათელი არ მოერიდა იმპერატორს და საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის, მას ახალი ნერონი უწოდა.

რუსეთში გადასახლების შემდეგ ეფთვიმე გაენათელს დიდხანს აღარ უცოცხლია. ის გადაიყვანეს ალექსანდრე სვირელის მონასტერში, რ-იც მდებარეობდა პეტერბურგიდან 200 ვერსის დაშორებით. გელათის უკანასკნელი ეპისკოპოსი, სამშობლოსგან მოწყვეტილი და ტანჯული ეფთვიმე შარვაშიძე 1822 წ. 21 აპრილს 76 წლის ასაკში იქვე აღესრულა და დაკრძალეს მონასტრის საკურთხეველში.

2005 წ. 1 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეფთვიმე გაენათელის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და 9 აპრილს გელათის მიწას მიაბარეს. ქართველი ერისა და ქართული ეკლესიისთვის თავდადებული ეპისკოპოსი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

1820 წ., გაენათელი ეფთვიმეს რუსეთში გადასახლების შემდეგ, გელათის საეპისკოპოსო კათედრამ არსებობა შეწყვიტა. 1821 წ. ნოემბრის თვეში კი რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები ოფიციალურად გაუქმდა და გაერთიანდა ახლად შექმნილი იმერეთის ეპარქიაში, რომელსაც ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი სოფრონიოს წულუკიძე ჩაუდგა სათავეში.

გაენათელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი:

მელქისედეკ საყვარელიძე 1529-1550-იანი წწ.
ანტონი (ყოფილი მაწყვერელი) XVI ს-ის 50-იანი წწ. – 1567-1568 66.
აბაშიძე (სახელი უცნობია) 1567-1568 1570-იანი წწ.
დომენტი ჩხეტიძე XVI 80-იანი წწ.-დან – XVI-90-იან წწ.-მდე?
სვიმონ ბატონიშვილი 1595-1596 – 1637?
ზაქარია ქვარიანი 1637 – 1659-1660 წწ.
აბრაამი 1660-1662?
გედეონ ლორთქიფანიძე 1662-1673 წწ.
დავით ნემსაძე 1673 წ.
გრიგოლი 1673-1678 წწ.
გედეონ ლორთქიფანიძე 1678-1682 წწ.
ნიკოლოზ ლორთქიფანიძე 1682 – 1690-1691 წწ.
მარკოზ ლაშხიშვილი 1690-1691 – 1697-1698 წწ.
გაბრიელ I გიორგის ძე დადიანი 1697-1698 – 1701 წწ.
ნიკოლოზი 1701 – 1717-1720 წწ.
გაბრიელ II ბეჟანის ძე დადიანი 1720-1721 – 1723 წწ.
გედეონ ჩხეტიძე (ბარის ერისთავი) 1723-1733 წწ.
ეფთვიმე I შარვაშიძე 1736-1737 – 1745 წწ.
იოსებ ბაგრატიონი 1745-1776 წწ.
ეფთვიმე II შერვაშიძე 1776-1820 წწ.

ბ. გაფრინდაშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • თაყაიშვილი ე., „ხელმწიფის კარის გარიგება“ ქართული ძეგლები ტფ., 1920;
  • სხეც ფონდი – SD-2894, SD-2895, ფონდი HD-1621;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; „ცხოვრება საქართველოსა“ (პარიზის ქრონიკა), ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები, ტ. 2, თბ., 1980.
  • ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, თბ., 1969;
  • გაფრინდაშვილი ბ., „რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები“ თბ., 2015;
  • გელათური ხელნაწერები, თბ., 2012; გოქსაძე მ., „ნარკვევები გელათის ძეგლის ისტორიიდან“ თბ., 1948;
  • კაკაბაძე ს., „დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები“ წ.1, ტფ., 1921;
  • მეტრეველი რ., „გელათი“, თბ., 2006;
  • ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ) მ. მგალობლიშვილის გამოც., თბ., 1975;
  • ტყეშელაშვილი ლ., „საქართველოს მოწამე მღვდელმთავარნი დოსითეოსი და ეფთვიმე 1820 წ.“, ქუთ., 2005;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები